29/09/15 ჭანტურიას 13 გოლი

ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ. წინა კვირის გმირი იყო რევაზ ჭანტურია, რომელმაც მაკედონიის სტრუმიცას შემადგენლობაში 13 გოლი გაუტანა ბოსნიის ბორაცს.

სამხრეთ-აღმოსავლეთი ლიგის თასზე სტრუმიცამ ორჯერ ითამაშა – ჯერ სტუმრად 13-42 განადგურდა ზაგრებში, რაც შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ მატჩამდე მაკედონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჭანტურიამ ამ თამაშში გოლი ვერ გაიტანა. რაც მისთვის უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ უკვე შინ, ბანია-ლუკას ბორაცთან 13 ბურთი მარტო რეზომ შეაგდო, მათ შორის, ზედიზედ 6 – პირველ ტაიმში (ზუსტი სტატისტიკა ასეთია: 12/7 კუთხიდან, 5/4 შვიდმეტრიანი, 2/2 სწრაფი გარღვევა). სტრუმიცა 27-30 აგებდა, მაგრამ 59-60 წუთებზე სამი გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ დაასრულა – 30-30.

სტრუმიცას, ისევე როგორც ნოვი სადის ვოივოდინას 6 მატჩიდან მხოლოდ 2 ფრე აქვს. სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი სეჰა-ლიგაზე ბელარუსში დამარცხდა მეშკოვ ბრესტთან (22-31)  ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შინ მოუგო რუსეთის მედვედებს – 26-24. დათუკაშვილს ამ ორ მატჩში არ უთამაშია.

თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძის გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი ჯერ ანთალიასთან დამარცხდა (25-34, ქართველმა ინსაიდმა  1 გოლი გაიტანა), მესამე ტურში კი პირველი მატჩი მოიგო შინ ანკარასთან  – 32-18. აქ რატიმ უკვე 9 ბურთი შეაგდო, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ტრაბზონსფორიდან, აზერბაიჯანელმა ოლეგ გეორგიევსკიმ – 7.

რუმინეთის ჩემპიონატს  18 ქულით ლიდერობენ CSM ბუქარესტი და ოდორჰეი. ოდორჰეიმ ზედიზედ მეევსე მატჩი შინ კელერეშის მოუგო – 29-27 (ვლადიმერ რუსიამ 7 გოლი გაიტანა), მაგრამ მეშვიდე ტურში 22-26 წააგო ტარგუ ჟიუსთან იმის გამო რომ აკლდა 3 ლიდერი, გორან კუზმანოვსკი, ლაზო მაინოვი და რუსია, რომელმაც თამაში ოჯახური  პრობლემების გამო გამოტოვა.

ლიდერებს 16 ქულით მიჰყვება სამი კლუბი – ბუქარესტის სტიაუა და დინამო, ასევე შოთა თევზაძის რეშიცა. ქართველი მეკარის კლუბი სეზონში პირველად ტურდაში დამარცხდა – 23-24, შემდეგ კი შინ დინამო ბუქარესტი სძლია – 35-34.

12 ქულით მეექვსე ადგილზეა ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომელმაც ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა შინ დაამარცხა ფოჩანი (31-26) და სტუმრად – ვასლუი (27-23). საქართველოს ნაკრების შუამარბმა 5 და 3 გოლი გაიტანა და 7 მატჩში 37 დაუგროვდა.

Leave a Reply