საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 20-წლამდე ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-5 – მე-6 ადგილებისთვის შეხვედრით დაასრულა. ტურნირის ბოლო მატჩში, საქართველოს მეტოქედ ერგო ჯგუფში მეხუთე ადგილზე გასული მონტენეგრო, რომელსაც პირველ ტურში ვეთამაშეთ და დავმარცხდით. ამჯერად, მონტენეგროელებთან დაპირისპირება გაცილებით დაძაბული გამოდგა. ჩვენი გუნდი რადიკალურად უკეთ გამოიყურებოდა და მეტოქეს ქულა ქულაში თანაბარი ბრძოლა გაუმართა.
საქართველოს ნაკრებმა ფრედ (28:28) დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქმე 7-მეტრიანების სერიამდე მიიყვანა. აქ კი ჩვენმა ბიჭებმა სამიდან სამივე საჯარიმო ზუსტად შეასრულეს, რევანში აიღეს და საბოლოოდ 31:30 (სერიაში 3:2) გაიმარჯვეს.

13 გატანილი ბურთით ორივე ნაკრებიდან საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ვახტანგ ხარებაშვილს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა მეკარე თორნიკე გაგუა, რომელმაც 9 ბურთი მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პრიშტინაში (კოსოვო) მიმდინარე EHF-ის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ხუთივე შეხვედრაში დამარცხდა, ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი მე-5 – მე-6 ადგილებისთვის ბრძოლაში, მეხუთე საფეხურზე გასულ მონტენეგროს დაუპირისპირდა, რომელთანაც ტურნირის სტარტზე 24:33 დამარცხდა.
ვაჟთა შორის 20-წლამდელთა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 20 EHF Championship), საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ნაკრები იყო წარმოდგენილი: მონტენეგრო, იტალია, ესტონეთი, ნიდერლანდები და მასპინძელი კოსოვო.
ტურნირი წრიული სისტემით მიმდინარეობდა, სადაც ექვსივე მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (2), ვახტანგ ხარებაშვილი (13), ნიკოლოზ ბიბლაია, გიორგი კაპანაძე (2), ნიკოლოზ ნარიმანიძე (3), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე (2), გიორგი მაზანიშვილი (3), დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (4), ანდრია ბურჯალიანი.
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, ალექსანდრე ჯღამაძე

























