პირველი ნაბიჯები
წელს ხელბურთის ფედერაციას 70 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ქართული ხელბურთის ისტორიის ქრონიკებს ხუთ პერიოდად.
ნაწილი მესამე: 70–80-იანი წლები, ანპილოგოვის ეპოქა
ხელბურთის გავრცელებას ხელი შეუწყო ხშირმა საერთაშორისო შეხვედრებმა და თბილისის პოპულარულმა ტურნირმა გაზეთ “ზარია ვოსტოკას” პრიზზე, რომელიც 1966 წლიდან ტარდებოდა ევროპის უძლიერესი ნაკრებების (იუგოსლავია, გდრ, გფრ, სსრკ, რუმინეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი) მონაწილეობით. ამ გუნდებს ტოლს არ უდებდა საქართველოს ნაკრები, რომელიც ბურევესტნიკელებისგან შედგებოდა.
1975 წელს იმედო ფხაკაძის დამრიგებლობით საქართველოს ნაკრებმა კიევში საკავშირო სპარტაკიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, რაც მოსკოვის, უკრაინის, ლიეტუვას, რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის ნაკრებებთან ჭიდილში დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
გასული საუკუნის 70–იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართველმა ხელბურთელებმა ახალ წარმატებებს მიაღწიეს. მთავარი მწვრთნელის გარი მაჭავარიანის თავკაცობით თბილისის „ბურევესტნიკმა“ 1977, 1978 და 1981 წლებში პირველობის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, 1978 წელს კი საკავშირო თასს დაეუფლა. ამ გამარჯვებებში წვლილი ახალი თაობის ხელბურთელებმა ალექსანდრე ანპილოგოვმა, ჯემალ ბარამიძემ, გიორგი მამულაშვილმა, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილებმა, ზაზა დოლიძემ, ამბერკი ტაბიძემ, ზურაბ კეკელიძემ, იოსებ კალანდაძემ, იგორ და გიორგი ნარიმანიძეებმა, ამირან კომახიძემ, ჯიმშერ დვალიშვილმა, ალექსანდრე ნავროზაშვილმა შეიტანეს.
ქართველ ხელბურთელთა ამ წარმატებული თაობის გამორჩეული მოთამაშე და ვარსკვლავი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი გახლავთ. მისი სპორტული გზა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მონდომებას, თავდაუზოგავ შრომას, ნებისყოფის სიმტკიცეს. ანპილოგოვი ჯერ თბილისის „ბურევესტნიკის“ ლიდერი გახდა, მერე კი საბჭოთა ნაკრების უპირველესი თავდამსხმელი, გამორჩეული გოლეადორი. როდესაც თბილისის „ბურევესტნიკმა” კაუნასში „გრანიტასი“ 33:31 დაამარცხა, ამ 33 ბურთიდან 30 ანპილოგოვმა გაიტანა, საკავშირო ჩემპიონატის ერთერთ თამაშში კი, რომელშიც 21:22 დავმარცხდით, თბილისელთა ლიდერმა 20–ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. ვარსკვლავური კარიერის განმავლობაში ანპილოგოვმა მეტოქეთა კარის დალაშქვრა 7000–ჯერ მოახერხა.
საკავშირო ნაკრებში ალექსანდრე ანპილოგოვი „ბურევესტნიკის“ მთავარი მწვრთნელის იმედო ფხაკაძის რეკომენდაციით მოხვდა და ალექსანდრემაც დამრიგებლის იმედი სრულად გაამართლა.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იუგოსლავიის წინააღმდეგ ალექსანდრე ანპილოგოვმა ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი ბურთი დამატებით დროში, ვირტუოზული დრიბლინგისა და დარტყმის შემდეგ. ანპილოგოვის ანგარიშზეა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც. ალექსანდრე ანპილოგოვმა საბჭოთა ნაკრებში 217 თამაში ჩაატარა და 572 გოლი გაიტანა.
ალექსანდრე ანპილოგოვის სპორტული კარიერის შესახებ ყველაზე უკეთ ლეგენდარული ხელბურთელის მონოლოგიდან შევიტყობთ:
ბავშვობაში ხშირად ავად ვხდებოდი და ერთხელ მშობლებმა სოფელში, ბაბუასთან გამიშვეს. უკან რომ დავბრუნდი, დედა შემხვდა, რომელმაც ვერც კი მიცნო და ისე ჩამიარა. ეს გასაკვირიც არ იყო — სულ რაღაც ორ თვეში სიმაღლეში 28 სანტიმეტრი მოვიმატე! სიმაღლეს წონა ვერ დაეწია, ამიტომ, როგორც ძალიან გამხდარს, ვარჯიში კატეგორიულად ამიკრძალეს. ის კი არადა, ამის გამო სკოლაში ნახევარი წელი ვერ ვიარე. სამაგიეროდ, დროს უქმად არ ვკარგავდი: წიგნებს აქტიურად ვკითხულობდი და ცოდნას ვიღრმავებდი.
ხელბურთს ჩემი და რაია თამაშობდა, რომელიც საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრებში მოხვდა და შეკრებიდან ჩამოსულმა ხელბურთის ბურთი ჩამომიტანა. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობდით, რომლის ეზოში კარი გავაკეთეთ. რაიამ გადაწყვიტა მეკარეობაში გამოვეცადე. მის პირველ ნატყორცნს ვერ გავუმკლავდი, მეორედ კი ბურთი თავში მომხვდა. ის 9 წლით ჩემზე უფროსი იყო და ამის გამო, ბავშვობაში ცოტა ვიჩაგრებოდი კიდეც, ამ შემთხვევამ კი ძალიან გამაბრაზა. ამიტომ გადავწყვიტე რაიასთვის დამემტკიცებინა, რომ მასზე სუსტი არ ვიყავი. ერთხელ დავინახე, რომ ის 50 ჩაჯდომას აკეთებდა და მეც მივბაძე. თუმცა 12 ჩაბუქვნის შემდეგ წავიქეცი. იქიდან მოყოლებული დილაობით ჩაჯდომებში ვარჯიში დავიწყე და ყოველ დღე თითოს ვუმატებდი. საბოლოოდ, 220-მდე რომ ავედი, სკოლაში ფიზკულუტურის მასწავლებელს ვთხოვე სხვებთან ერთად ჩემთვისაც მოეცა გაკვეთილზე დასწრების უფლება. თუმცა მან ამის ნება არ დამრთო და მიპასუხა – ფიზკულუტურიდან ოფიციალურად გათავისუფლებული ხარო. მაშინ ვუთხარი, რომ 220-ჯერ ჩაბუქვნა შემეძლო. ვიდრე საკუთარი თვალით არ დაინახა, რომ არ ვტყუოდი, მანამდე გაკვეთილზე არ დამიშვა. ცოტა ხანში, ჩვენმა კლასმა ხელბურთში სკოლის პირველობა მოიგო და გადავწყვიტე ხელბურთში სერიოზულად მევარჯიშა. დარბაზში მეგობართან ერთად მივედი, მაგრამ სექციაში მხოლოდ ის ჩაწერეს, მე კი უარი მითხრეს. ვარჯიში რომ დაიწყო ტრიბუნაზე ვიჯექი და ვტიროდი. ამის დანახვაზე მწვრთნელმა განმიცხადა: “იარე ვარჯიშზე, რა ვქნა, თუ დამაპატიმრებენ, დამაპატიმრონ”. მაშინ სიმაღლეში 196 სანტიმეტრი ვიყავი და მხოლოდ 46 კილოგრამს ვიწონიდი. ასეთი სგიხამდრის გამო თანაგუნდელები დამცინოდნენ. ფაქტობრივად არ ვვარჯიშობდი და წვრთნაზე ხანდახან დავდიოდი, მაგრამ თბილისის “ბურევესტნიკის” მთავარმა მწვრთნელმა ჯანო ბაგრატიონმა ჩვენ მასწავლებელს დაავალა, რომ გუნდიდან მაინც არ გავეშვი. ეტყობა, ჩემში პერსპექტიული ხელბურთელი დაინახა.
1970 წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა პირველობაზე მივიღე მონაწილეობა. ტურნირში პირველი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ მხოლოდ სამწუთნახევარი ვითამაშე და ერთი გოლი გავიტანე, პენალტი კი ვერ გამოვიყენე. მიუხედავად ამისა, ოქროს მედალი მაინც მომცეს და საქართველოს მთავარ გუნდ – თბილისის “ბურევესტნიკში” მიმიწვიეს. სამი წლის განმავლობაში მის შემადგენლობაში ფაქტობრივად არ მითამაშია და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ხელბურთელები სპორტის სასახლეში კალათბურთელების შემდეგ ვვარჯიშობდით. ადგილიდან 120 სანტიმეტრზე ვხტებოდი სიმაღლეში და თავით კალათბურთის ფარის რგოლს ვწვდებოდი. ამის შემხედვარე კალათბურთის მწვრთნელებს ძალიან სურდათ ჩემი გადაბირება. ერთხელ, მორიგი ვარჯიშის შემდეგ, ყური მოვკარი, როგორ უთანხმდებოდნენ ჩვენი მწვრთნელები კოლეგებს კალათბურთიდან, ორ კალათბურთელში გავეცვალე. ამან ძალიან გამანაწყენა და ბიძაშვილთან მივედი, რომელიც კრივში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი გახლდათ. მას ჩემი გასაჭირის შესახებ მოვუყევი, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: “წამოდი ჩემთან ერთად, ვივარჯიშოთ და კაცად გაქცევ”. მშობლებმა დაგვაფინანსეს და 35 დღე შავი ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ბიძაშვილმა მითხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში პლაჟი ქვებისგან მაქსიმალურად გამეწმინდა, რასაც მონდომებით ვაკეთებდი, ხოლო დილაობით კი კროსს დავრბოდით. თბილისში დაბრუნებული გუნდის პირველ ვარჯიშზე მივედი და ბურთი კარში 9 მეტრიდან ვისროლე. მიზანს ავაცილე, მაგრამ ტყორცნა ისევ გავიმეორე. მოულოდნელად დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ამ დროს მწვრთნელი მომიახლოდვა, ბურთი მომცა და მითხრა – “კიდევ ესროლე”.მისი დავალება რომ შევასრულე, სიხარულით წამოიძახა: „როგორც იქნა! რამდენი ხანია, ამას ველოდი… ბოლოს და ბოლოს, სროლა ისწავლე!“ მაშინ 19 წლის ვიყავი — სიმაღლით 203 სანტიმეტრი, წონით კი სულ რაღაც 80 კილოგრამი.
სხვათა შორის, „ბურევესტნიკში“ რომ მივედი, ქართულად საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. მპირდებოდნენ, ენას შეგასწავლითო, თუმცა ორი წლის განმავლობაში მაინც ყველა რუსულად მელაპარაკებოდა და ქართულს ვერ ვეუფლებოდი. გამოსავალს მაინც მივაგენი — ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ წაკითხვა გადავწყვიტე. ასოები ვიცოდი, წაკითხულის შინაარს კი მითარგმნიდნენ. სამთვიანი შეკრების დასრულების შემდეგ ქართულად უკვე გამართულად ვლაპარაკობდი.
საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩემ მოხვედრას საინტერესო ისტორია ახლდა. როგორც მაშინ იყო მიღებული, ზაპოროჟიეში ყველა გუნდის ხელბურთელი შეგვკრიბეს და ნაკრების კანდიდატთა სია წაიკითხეს. ამ დროს, მოსკოვის ცსკას-ს მთავარმა მწვრთნელმა იური პრედეხამ ნაკრების თავკაც ანატოლი ევტუშენკოს გუნდში ევგენი ჩერნიშოვის აყვანა შესთავაზა. ეს უკანასკნელი სიმაღლით 204 სანტიმეტრი იყო, რაც იმ პერიოდში ხელბურთში იშვიათობა გახლდათ. პრედეხას შემდეგ “ბურევესტნიკის” მწვრთნელმა იმედო ფხაკაძემ მოულოდნელად თქვა – “თუ გუნდში ორმეტრიანი – ჩერნიშოვი აგყავთ, მაშინ ასეთი სიმაღლის მეორე ხელბურთელი- ანპილოგოვიც აიყვანეთო”. ამან დარბაზში ხარხარი კი გამოიწვია, თუმცა ფხაკაძის განცხადებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო — ნაკრების მწვრთნელმა დერეფანში გამიყვანა და მკითხა: „ნაკრებში თამაში გინდა?“ „რა თქმა უნდა, მინდა“, — ვუპასუხე მე. მერე მკითხა: „იმუშავებ?“, რაზეც მივუგე: „აუცილებლად!“.
პირველი შეკრება ლესელიძეში გვქონდა. მწვრთნელი ზურგზე მაჯდებოდა და მავალებდა ცალ-ცალ ფეხზე მეხტუნავა. საღამოს კი დარბაზში მივდიოდი და შტანგაზე ვვარჯიშობდი. დღის განმავლობაში ნორმად 10-12 ტონის აწევა მქონდა დაწესებული. იმ პერიოდში ლესელიძის ბაზაზე ცნობილი ქართველი მოჭიდავე გივი კარტოზია იყო ჩამოსული, რომელმაც ჩემი შემხედვარე ნაკრების მწვრთნელს უთხრა: “ შენ მას ან მოკლავ, ანაც ის რაღაცას მიაღწევს”. შეკრებიდან დაბრუნებულმა ვარჯიში კლუბში გავაგრძელე და “ბურევესტნიკს” საბჭოთა კავშირის ნაკრებთან, რომელიც თბილისში გასამართ “ზარია ვოსტოკას” ტურნირისთვის ემზადებოდა, ორი ამხანაგური თამაშის ჩატარება შესთავაზეს. იმ დაპირისპირებისას, პირველ მატჩი 9 გოლი გავიტანე, მეორეში – 11. “ზარია ვოსტოკას” თასზე უკვე ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე და გუნდში შედეგიანობის მხრივ მეორე შედეგი ვაჩვენე. ცოტა ხნის შემდეგ, “ბურევესტნიკის” ვარჯიშზე რომ მივედი, მწვრთნელმა მითხრა – ჩაალაგე ბარგი, მოსკოვში მიდიხარო. ეს 19 იანვარს მოხდა, ჩემი დაბადების მეორე დღეს. ეს თარიღი სამუდამოდ დამამახსოვრდა. მაშინ 21 წლის ვიყავი.

მოსკოვში შეკრებაზე ჩასვლისას გუნდი ორად გაყვეს და საწვრთნელი მატჩი დაგვანიშნეს. მოედანზე თავიდან საკმაოდ მორიდებულად ვიქცეოდი, თუმცა თამაშის მსვლელობისას ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მაქსიმოვი მომიახლოვდა და მკითხა: „გრძელო, შენს კლუბში რას აკეთებ ხოლმე?“. „ვისვრი“, — ვუპასუხე მე. „აბა, აქ რატომ აღარ ისვრი? ისე ითამაშე, როგორც საკუთარ გუნდშიო“, — მითხრა მან. მისმა სიტყვებმა საგრძნობლად გამამხნევა. მაქსიმოვის დღემდე მადლობელი ვარ, რადგან სწორედ ამ ეპიზოდმა შემძინა ნაკრებში თამაშისას საჭირო თავდაჯერებულობა.
პირველი ოფიციალური თამაში 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე ჩავატარე, რომელიც ავსტრიაში გაიმართა. მახსოვს, გუნდის ძირითად შემადგენლობას თამაში არ გამოსდიოდა და მწვრთნელმა მოედანზე შემიშვა. სამი გოლი გავიტანე. ავსტრიელები უხეშობაზე გადავიდნენ. ერთ-ერთმა მეტოქემ, როდესაც ხელი ცხვირში განგებ მომარტყა, ხმა არ ამომიღია, იგივე მეორედაც გაიმეორა, მე კი თამაშს ვაგრძელებდი. აი, მესამე ჯერზე ცხვირი გამიტეხეს და მოედნიდან გამიყვანეს. მეორე ტაიმში ისევ ვაგებდით და მწვრთნელს ვთხოვე – მოედანზე შემიშვით, ავსტრიელებს ვალს მაინც დავუბრუნებ-მეთქი. მართლაც, კვლავ მომცეს თამაშის საშუალება და ორი გოლიც გავიტანე. თან დანაპირებიც შევასრულე. იმ ავსტრიელს თანაგუნდელი კლიმოვის დახმარებით, რომელიც ოსტატურად გადამეფარა, სახეში მუშტი ამოვარტყი. კლიმოვი ორი წუთით გააძევეს, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ცხვირზე კი პლასტიკური ოპერაცია გამიკეთეს.
მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მატჩი იაპონელებს იოლად მოვუგეთ. მეორე შეხვედრაში მასპინძელ კანადელებს ვძლიეთ, რომლებიც საკუთარი გულშემატკივრებით გამხნევებული ოდნავ გაგვიძალიანდნენ. მესამე შეხვედრაში წინა ოლიმპიადის გამარჯვებულ იუგოსლავიის ნაკრებს დავუპირისპირდით. ეს თამაში წყვეტდა თუ ვინ დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოო ორთაბრძოლა მაინც დავთმეთ. ამრიგად ჩვენი ფინალში გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჯგუფში ჩატარებულ ბოლო თამაშში დანიას მოვუგეთ, თუმცა ჩვენთვის უფრო საინტერესო გახლდათ როგორ დასრულდებოდა იუგოსლავიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებების დაპირისპირება. დანიელებთან მატჩის შემდეგ, გასახდელში რომ მივდიოდით, თანაგუნდელი იური ლაგუტინი წამოგვეწია, რომელიც იმ დღეს არ თამაშობდა და გვამცნო – იუგოსლვაიამ წააგოო. მისი ნათქვამი ხუმრობად ჩავთვალეთ, რადგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა, მაგრამ ლაგუტინის ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდა, რამაც ძალიან გაგვახარა. ფინალში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ რუმინეთის ნაკრებს შევხვდით, რომელთანაც ოლიმპიადის დაწყებამდე ამხანაგური თამაში 6 ბურთით გვქონდა წაგებული. მიუხედავად ამისა, მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩერნიშოვს და მეკარე იშჩენკოს. პირველმა მათგანმა რუმინელთა ლიდერ ბერტალანს “განძრევის” საშუალება არ მისცა, ხოლო იშჩენკომ ზოგ შემთხვევაში წარმოუდგენლად რთული ბურთების მოგერიება მოახერა. ბურთი სამჯერ თავში მოხვდა და სახე სულ დალურჯებული ჰქონდა. ტაიმის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე მეტოქეს 9:2 ვამარცხებდით, მაგრამ რუმინელებმა სხვაობა 5 ბურთამდე შეამცირეს. მეორე ტაიმი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად ტაბლო გაფუჭდა — დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მასზე არც ანგარიში იცვლებოდა და არც მოედანზე მყოფებმა იცოდნენ, თამაშის დასრულებამდე რა დრო რჩებოდა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ევტუშენკო მომიახლოვდა და მითხრა – “ახლა მთავარია პირველ ბურთს ვინ გაიტანს. მოედანზე გახვალ რუმინელთა კარს აიღებ და ყველას დააწყნარებ”. მართლაც თამაშში ჩართულმა ვალერი გასისთან კომბინაცია გავითამაშე და ბურთი შევაგდე. ამან რუმინელები საბოლოოდ გატეხა და ოლიმპიური ჩემპიონები ჩვენ გავხდით. იმ ტურნირზე 6 მატჩში მოწინააღმდეგეთა კარი 13-ჯერ დავლაშქრე.

ოთხი წლის შემდეგ, მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე უპირობო ფავორიტებად ვითვლებოდით, მაგრამ ფინალში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან წავაგეთ და ვერცხლის მედლებს დავჯერდით. მაშინ 6 შეხვედრაში 29 გოლი გავიტანე და ამ მაჩვენებლით ჩვენ ნაკრებში საუკეთესო ვიყავი. გარდა ამისა, 1982 წელს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დავეუფლე, ხოლო 1978-ში ამავე ტურნირზე მეორე ადგილზე გავედი. სხვათა შორის, ოლიმპიური ოქრო რომ მოვიგე, ისეთი გახარებული ვიყავი მედალთან ერთად მეძინა. რეკონსტრუქციის შემდეგ, 1976 წელს “დინამოს” სტადიონი რომ იხსნებოდა, ცერემონიალში მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონებიც ვიღებდით, რომელთაც საკუთარი ჯილდოებით მოსვლა გვთხოვეს. მაშინ მხოლოდ ორი თუ სამი მედალი მქონდა კარიერის განმავლობაში მოპოვებული, რომლებიც ჩამოვიკიდე და “დინამოზე” გამოვცხადდი. ამ დროს ვიქტორ სანეევი დავინახე, რომელსაც გულმკერდი ორდენებით ჰქონდა დახუნძლული. ვკითხე –რამდენი მედალი გაქვს-მეთქი? მიპასუხა: “კიდევ 30-40 კილოგრამი ჩემოდანში მიდევსო.
ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ “ბურევესტნიკის” შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონი ვერ გავხდი. გული როგორ არ მწყდება, მაგრამ იცით რა არის? მიუხედავად არაერთი მიწვევისა, თბილისიდან წასვლა არ მიფიქრია – მეგობრების, ოჯახის, ჩემი მშობლიური ქალაქის მიტოვება მიჭირდა.
…შეეძლო თუ არა ბურევესტნიკს მეტის მიღწევა? ალბათ კი. კარგი შემადგენლობა გვყავდა: გია ნარიმანიძე, ზაზა დოლიძე, ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილები, ამირან კომახიძე, ალექსანდრე ნავროზაშვილი, ამბერკი ტაბიძე, ჯემალ ბარამიძე, ზაურ ბუნაძე… სამჯერ გავხდით საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორები – მესამე ადგილზე გავედით, თასიც მოვიგეთ, აი ჩემპიონობამდე კი ვერ მივედით. იცით რატომ? მთელი სეზონი 8-9 კაცის მხრებზე გადადიოდა, ეს კი პირველობის მიწურულს საქმეს გვირთულებდა. მოწინავე კლუბებს თითქმის სრულფასოვანი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავდათ”.
გასული საუკუნის 70-80–იან წლებში „ბურევესტნიკის“ ღირსებას კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი ხელბურთელი, მარჯვენაფლანგელი ამბერკი ტაბიძე იცავდა, რომელიც 1977-84 წლებში საკავშირო ნაკრების წევრიც გახლდათ.
ამბერკი ტაბიძე ხელბურთამდე მძლეოსნობაში, სიმაღლეზე ხტომაში ვარჯიშობდა და კარგი შედეგებიც ჰქონდა. ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ ამბერკის ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი დიმიტრი იოსელიანი ავარჯიშებდა.
სოხუმში ხელბურთელთა ტურნირი ტარდებოდა. ფიზკულტურის ინსტიტუტის ხელბურთელთა გუნდის მწვრთნელმა გურამ ძაგანიამ ტაბიძეს შესთავაზა, მოდი ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ, ჩემთან ერთად წამოდი და თუ არ მოგეწონება, რაც გინდა ის გააკეთეო. მანამდე ხელბურთი სულ რამდენჯერმე ჰქონდა ნათამაშები, ისიც სკოლის პერიოდში – სამტრედიის ნაკრებში ამბერკის ვახტანგ ხელისუფალი ავარჯიშებდა… სოხუმში, ტაბიძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თბილისის „ბურევესტნიკში“ უხმეს, გუნდში პირადად ჯანო ბაგრატიონმა მიიწვია.
ამბერკი ტაბიძე ცაცია იყო და ამით გამოირჩეოდა. უფროსი თაობის ხელბურთელები აქებდნენ, მწვრთნელმა იმედო ფხაკაძემ კი სპეციალურად მისთვის დაამუშავა რამდენიმე კომბინაცია. ხელბურთელის კარგი მონაცემები რომ ჰქონდა, საბოლოოდ ორ წელიწადში ირწმუნა – ამბერკი ტაბიძეს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში უხმეს. ქართველმა ფლანგელმა 1973 და 1974 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მაისურით იმ დროს ძალიან პოპულარული „მეგობრობის თასი“ მოიგო. რომელსაც ოფიციალურად სოციალისტური ქვეყნების ახალგაზრდა ხელბურთელთა საერთაშორისო თასი ერქვა. ეს შეჯიბრება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დონისა იყო. ამბერკიმ პირველად რუმინეთში იმარჯვა, ერთი წლის თავზე კი ბულგარეთში.
მარჯვენა ფლანგზე 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში ბევრი ძლიერი მოთამაშე არ იყო და ამიტომ ნაკრების მესვეურები ამბერკი ტაბიძეს ხშირად სთავაზობდნენ, წამოდი მოსკოვში, ძლიერ გუნდებში ძირითადში თამაში გარანტირებული გექნება, თან ნაკრებშიც მუდმივად იქნებიო. ყველაზე ხშირად მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო ეხმიანებოდა, იცოდე, თუ თბილისში დარჩები მოსკოვის ოლიმპიადა შენ გარეშე ჩაივლისო. მშვენიერ პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ არ წასულა და არც უნანია – ამბერკი ტაბიძე ყოველთვის თვლიდა, საქართველოსთვის უნდა დაეღვარა ოფლი და მისთვის შეეწირა ახალგაზრდობა! ლვოვის არმიის სპორტულ კლუბთან დაპირისპირებისას ამბერკი მოედანზე ხელმოტეხილი გავიდა – მკლავის აწევა უჭირდა და მხოლოდ დაბლიდან ურტყამდა ჩახვეულებს. თამაშის შემდეგ, ტაბიძის ტრავმის შესახებ რომ შეიტყვეს, ამბერკის მამაცობისთვის სპეციალური პრიზი გადასცეს.
1978 წელს თბილისში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ პრიზზე. იმ დროს ეს შეჯიბრება უმაღლესი დონის იყო და თბილისის სპორტის სასახლეში ბევრი ძლიერი გუნდი ჩამოდიოდა. ამბერკი ტაბიძე და ალექსანდრე ანპილოგოვი საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ. ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგო, მათ შორის ჩეხოსლოვაკიელებთან, იუგოსლავიელებსა და რუმინელებთან. ამბერკი ტაბიძეს „რეაქტიული გარემარბი“ სწორედ იმ ტურნირის შემდეგ შეარქვეს.
მონრეალის ოლიმპიადის მოგების შემდეგ საბჭოთა გუნდი მოსკოვის თამაშების ფავორიტად ითვლებოდა. ამბერკი კარგ ფორმაში იყო და ნაკრების წევრად მიიჩნეოდა. საქართველოს სპორტკომიტეტში ელოდნენ, რომ ტაბიძე ოლიმპიადაზე იასპარეზებდა, მაგრამ ევტუშენკომ გუნდის მიღმა დატოვა. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამბერკის მოსკოვის ცსკა-ს თავკაცი იური პრედეხა დაუკავშირდა, ძირითად შემადგენლობასთან ერთად, მანქანას და ბინას დაჰპირდა, ოღონდ ჩვენთან გადმოდიო. პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შემდეგ მოსკოვში რომ დაბრუნდა, ევტუშენკო კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, რა გადაწყვიტეო. ამბერკიმ მტკიცედ უპასუხა, თბილისში ვრჩებიო. სამწუხაროა, გამოდის, ოლიმპიადას მხოლოდ მაყურებლის რანგში დაესწრებიო, განაცხადა ევტუშენკომ. თბილისში რომ დაბრუნდა, ამბერკის ჯანო ბაგრატიონი შეეხმიანა, იცოდა, რომ ოლიმპიადაზე უნდა წასულიყო. ყველა ღონე იხმარა, ბევრი შეაწუხა, მაგრამ მოსკოვის ოლიმპიადამ ამბერკი ტაბიძის გარეშე ჩაიარა.
1983 წელს ამბერკი ტაბიძე საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თან ისე, რომ 7-მეტრიანი ერთხელაც არ დაურტყამს! ხელბურთელთა ენაზე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კუთხის მოთამაშე იყო, ამ პოზიციიდან კი საუკეთესო ბომბარდირობა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

ამბერკი ტაბიძე დიდი ხელბურთიდან 1987 წლის დასაწყისში, „ზარია ვოსტოკას“ ტურნირის დასრულების შემდეგ წავიდა. გულშემატკივრებმა მასთან ერთად გააცილეს ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი, ჯემალ ბარამიძე, ამირან კომახიძე და დიმიტრი აბესაძე. სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა საქართველოს და გფრ-ის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, ლეგენდარული ხელბურთელები აპლოდისმენტებით გააცილეს. ქომაგთათვის ემოციური, დაუვიწყარი წუთები იყო.
ამბერკი ტაბიძე საუკეთესო პარტნიორებად ალექსანდრე ანპილოგოვს და გიორგი ბერიაშვილს მიიჩნევდა, მისი სახელბურთო კერპი კი ჯემალ ცერცვაძე გახლდათ.

…1990 წელს, მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე საქართველოს ვაჟთა და გოგონათა გუნდების უფროსი ამბერკი ტაბიძე იყო. ჩვენმა გოგონებმა სპარტაკიადის ფინალში უკრაინის ძლიერ გუნდს 24:22 მოუგეს და ჩემპიონები გახდნენ…
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამბერკი ტაბიძემ ერთი წელი ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშა. ხელბურთს მეორედ რომ გამოეთხოვა, 44 წლისა იყო. ეს 1996 წელს მოხდა, ამბერკი ტაბიძე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კლუბ „სტუ-შევარდენის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო…
იმედო ფხაკაძე: „სწორედ იმ სეზონში დავასრულე მოთამაშის კარიერა. ამბერკი ზუსტად ჩემ პოზიციაზე, მარჯვენა გარემარბის ადგილზე მოვიდა და მშვიდად გამოვეთხოვე გუნდს, სადაც 10 სეზონი მქონდა გატარებული, რადგანაც შემცვლელი ღირსეული იყო.
ორი წლის შემდეგ, 1974 წელს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, როგორც მწვრთნელისა და სპორტსმენისა. ტაბიძე იყო თხემით ტერფამდე სპორტსმენი, ათლეტი, ფიზიკურად საუცხოოდ მომზადებული, ყველა დავალების ზუსტად შემსრულებელი, დისციპლინიანი და რეჟიმის ურყევად დამცველი – ერთი სიტყვით, მწვრთნელისთვის უდიდესი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა. პირველივე დიდ ტურნირზე 1975 წლის სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე, საქართველოს ნაკრებმა ამბერკი ტაბიძესთან ერთად ბრინჯოს მედლები მოიპოვა“.
ამირან კომახიძე (თბილისის „ბურევესტნიკის“ და საქართველოს ნაკრების მეკარე): – ჩემი და ამბერკის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის – 1972 წლიდან, როდესაც ის ხელბურთში მოვიდა, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა.
1975 წლის სპარტაკიადაზე ჩვენ პირველად გამოვიყენეთ სწრაფი გარღვევის ჩვენებური ვარიანტი – მე მეკარის ზონიდან პირდაპირ მეტოქის ექვსმეტრიანში ჩავუკიდე ბურთი, ტაბიძემ ძალიან მაღლ ნახტომში, ჰაერშივე დაიჭირა და კარში გადაგზავნა. რა თქმა უნდა, ამას ვარჯიშებზე ვამუშავებდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისეთ ჩვევად მექცა, რომ ბურთის მოგერიების შემდეგ მარჯვენა კუთხისკენ გახედვაც არ მინდოდა, ვიცოდი, რომ ამბერკი უკვე გაქცეული იყო გარღვევაში და მხოლოდ ზუსტი პასი სჭირდებოდა. ის მალევე მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და, წესით, უნდა ეთამაშა მოსკოვის ოლიმპიადაზე…
ჩვენ დიდხანს ვითამაშეთ ერთად „ქარიშხალაში“, რაც შეგვეძლო, ყველაფერი მივეცით გუნდს და მე, ამბერკი ტაბიძემ და ალექსანდრე ანპილოგოვმა ერთად დავანებეთ თამაშს თავი, ოთხმოციანი წლების ბოლოსკენ, თუმცა, ამბერკი შემდეგ დაბრუნდა, დამოუკიდებლობის ხანაში ითამაშა „სტუ-შევარდენში“, ფიზიკურ მომზადებაშიც ეხმარებოდა ხელბურთელებს, თანაც სპეციალობით, ინჟინრად მუშაობდა.

როგორც აღვნიშნე, ბოლომდე ერთგულ მეგობრებად დავრჩით. ერთ უბანში ვცხოვრობდით და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ძალიან ახლოს ვიყავი მის მშვენიერ ოჯახთანაც — მეუღლესთან, ორ შვილსა და ხუთ შვილიშვილთან.
ამბერკი სიცოცხლის ბოლომდე ხელბურთით სუნთქავდა — სულ ხელბურთში, ხელბურთთან და ხელბურთელებთან ტრიალებდა. მისი ბოლო ვეტერანული ტურნირი 2015 წელს თელავში შედგა, თამაზ ანთაძის 80 წლის იუბილეზე. სამწუხაროდ, მალევე უიშვიათესი სენი აღმოაჩნდა, რომელსაც სიცოცხლის ბოლო დღემდე არ დანებდა და ვაჟკაცურად ებრძოდა…
ავტორი: გოჩა კაჭარავა