27/04/14 დრამა სკოპიესა და ბარსელონაში

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა ორი გერმანული გუნდი, ერთი ესპანური და ერთიც უნგრული. ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება კიოლნში, 31 მაისსა და 1 ივნისს.

უნგრულმა ვესპრემმა და გერმანიის კილმა ორივე თამაში მოუგეს მეტოქეებს, ხოლო დანარჩენ ორ წყვილში დიდი დრამა გათამაშდა.

სკოპიეს ვარდარმა პირველი ტაიმი შინ 10:15 წააგო ფლენზბურგთან, მაგრამ შესვენების შემდეგ სწრაფად დაწინაურდა და სასურველ სხვაობასაც მიაღწია. დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ვარდარი 27:23 იგებდა, ფლენზბურგს კი ამ დროში 2 ბურთის გატანა სჭირდებოდა. ზუსტად ამ დროს მაკედონიელებს მოთამაშე გაუძევეს და გერმანელებს შანსი გაუჩნდათ. პირველი შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა (24:27), ვარდარმა თავისი ბოლო შანსი ვერ გამოიყენა და ფლენზბურგი ბოლო შეტევაში წავიდა. დასრულებამდე 9 წამით ადრე ფლენზბურგის დანიელმა გარემარბმა ანდერს ეგერტმა შვიდმეტრიანი შეაგდო (25:27) და მისი გუნდი ოთხთა ფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა.

იგივე მოხდა ბარსელონაში, ოღონდ კატალონიელებს შვიდბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდათ გასაქვითი გერმანიის ლიოვენთან. ბარსელონას უწინამძღვრეს ლიდერებმა ნიკოლა კარაბატიჩმა (ფოტოზე, 7 გოლი) და სიარჰეი რუტენკამ (5). ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს – 15:11, დასრულებამდე ხუთიოდე წუთის წინ კი მთელი 9 ბურთით ლიდერობდნენ – 30:21. ლიოვენმა მოახერხა სხვაობის შვიდამდე დაყვანა, მაგრამ იგივე ბედი ეწია, რაც ვარდარს – ბარსელონამ შემდეგ წრეში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გააღწია.

ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედინალის საპასუხო მატჩები

26 აპრილი

ვესპრემი (უნგ) პსჟ (საფ) 31:26 (28:26)

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ფლენზბურგი (გერ) 27:25 (22:24)

ბარსელონა (ესპ)ლიოვენი (გერ) 31:24 (31:38)

27 აპრილი

კილი (გერ) მეტალურგ სკოპიე (მკდ) 34:26 (31:21)

Leave a Reply