25/10/15 საქართველოს თასი ბათუმელებისაა
საქართველოს თასის მფლობელი გახდა სახელბურთო კლუბი „შავი ზღვის ბიჭები“. ფინალში ბათუმელებმა 20-19 დაამარცხეს ქვეყნის ჩემპიონი, ტექნიკური უნივერსიტეტი.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სულ 9-6 იყო ბათუმელთა სასარგებლოდ. ეს შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ ფინალს გუნდები უჩვეულო გარემოში, სპორტის სასახლეში, დიდ სივრცეში თამაშობდნენ, ამას დაუმატეთ გადამწყვეტი მატჩის მღელვარება და ის, რომ მწვრთნელებს მოწინააღმდეგე კარგად ჰყავდათ შესწავლილი და დაცვა იმის მიხედვით დააწყვეს, რომ მეტოქის ძლიერი მხარეები გაენეიტრალებინათ.
მეორე ნახევარში სტუ-მ დიდი ბრძოლა გამართა და რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც, თუმცა, როდესაც ბოლო წუთი დაიწყო, ბათუმი 20-18 იგებდა. თამაში მაინც ბოლო წამამდე დაძაბული გამოდგა – სტუ-ს საუკეთესო ბომბარდირმა ორჯონიკიძემ დასრულებამდე 18 წამით ადრე თავისი მეცხრე გოლი გაიტანა, ბათუმი კი სწრაფ შეტევაში წავიდა, ბურთი დაკარგა და მეტოქეს ანგარიშის გასათანაბრებლად 6 წამი დაუტოვა. დროის ამოწურვის შემდეგ ორჯონიკიძემ 11 მეტრიდან თვისუფალიც დაარტყა, მაგრამ, ცხადია, ცოცხალ კედელს ვერ ააცილა.
ბათუმის სახელბურთო კლუბმა, რომელმაც 2013 და 2014 წლებში ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები, პირველი ტიტული მოიგო. გუნდს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდა და სამწვრთნელო სტაფშიც დაიმატა გამოცდილი მამუკა მჟავანაძე, ხოლო ფინალში საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების პივოტი, უჩა მაისურაძე.
საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელიშიც 10 გუნდი მონაწილეობდა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით ჩაიარა. ხელბურთის ფედერაციამ მოახერხა რომ, შინაური ტურნირის გადამწყვეტი მატჩი დაბრუნებოდა სატელევიზიო სივრცეს (პირდაპირი რეპორტაჟი მოაწყო მეორე არხმა), რაც 1996 წლის შემდეგ არ მომხდარა და ქვეყნის მთავარ ჭერქვეშა არენას, სპორტის სასახლეს.
ახლა საქმეში უკვე ეროვნული ნაკრები ერთვება. ახალი მწვრთნელი ლევან გელაშვილი მის მიერ შერჩეულ მოთამაშეებს ორშაბათიდან შეკრებაზე გადაიყვანს გლდანის აკადემიაში, ხოლო ოქტომბრის ბოლოდან გუნდს ლეგიონერები დაემატებიან. 4 ნოემბერს ნაკრები მიემგზავრება თელ ავივში, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციის სათამაშოდ ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის წინააღმდეგ. დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
2015-16 სეზონის საქართველოს ჩემპიონატი კი ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყება.
საქართველოს თასი 2015. 19-25 ოქტომბერი
ფინალი. 25 ოქტომბერი. სპორტის სასახლე
სტუ-ბათუმი 19-20
სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – თ. ორჯონიკიძე 9, არსენაშვილი 3, სტურუა 2, ოსიყმაშვილი 2, ჯორბენაძე 1, ჭელიძე 1, ამირანაშვილი 1, მ. კობახიძე, სამიტაშვილი (სიხარულიძე – ჩაკვეტაძე, ბაზანოვი, ზაალიშვილი, აბდულაევი) – მწვ. კეკელიძე, ბ. ორჯონიკიძე
ბათ: ანდრიაძე – გოგალაძე 7, ქარდავა 4, მაისურაძე 3, სურმავა 2, წივწივაძე 2, გ. კობახიძე 2, აბრამიშვილი, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი (დავითაძე – ვინოგრადსკი, ქავთარაძე, დიასამიძე, ვარშანიძე, ჭანტურია) – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
დელეგატები ვახტანგ ბერიაშვილი, თამაზ თევზაძე