18/09/15 ლეგიონი სეზონს აგრძელებს

საკლუბო სეზონს აგრძელებს ევროპაში მოთამაშე 6 ქართველი ხელბურთელი. რუმინეთის ჩემპიონატს ხუთიდან 5 მოგებით ლიდერობს ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი.

ბოლო ორ შეხვედრაში რუსიას გუნდმა  შინ 29-28 დაამარცხა ვასლუი, ხოლო შემდეგ სტუმრად, 34-23 მოუგო უნივერსიტატია გალაცის, ქართველმა შუამარბმა კი ორივე მატჩში 3-3 გოლი გაიტანა. რუსიამ ხუთიდან ერთი მატჩი ტრავმის გამო გამოვოვა და 4 შეხვედრაში 10 გოლი დაუგროვდა.

ლიდერთა შორისაა საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის ახალი კლუბი, რეშიცა. ნაციონალ ლიგის დებიუტანტს 5 მატჩიდან 4 მოგება და 1 ფრე აქვს. მე-4 ტურში მათ შინ დაამარცხეს კელერეში, 28-25, ხოლო თევზაძემ განსაკუთრებით კარგად ითამაშა ტარგუ ჟიუსტან სტუმრად მოგებულ მატჩში – 22-21.

ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარას ხუთიდან 2 მოგება აქვს, ხოლო ქართველი 29 გოლით კლუბის საუკეთესო მეგოლეა. პოლიტექნიკამ საკუთარ მოედანზე მოუგო პლოეშტის (29-26, ჩიქოვანმა 6 გოლი გაიტანა), მერე კი სტუმრად დამარცხდა რუმინეთის ჩემპიონ ბაია მარესთან – (24-29, 5 გოლი).

დაიწყო თურქეთის ჩემპიონატი, სადაც სეზონი ერთმა ქართველმა დაიწყო. რატი მსხვილიძემ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და 4 გოლი გაიტანა (2 – შვიდმეტრიანი). მისი კლუბი, ტრაბზონ აქჩაბათი შინ დამარცხდა ზაგნოსთან – 20-29.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაზე ჯერჯერობით წარუმატებლად გამოდიან რევაზ ჭანტურიასა და სერგო დათუკაშვილის კლუბები. მაკედონიის სტრუმიცას 4 მატჩიდან ერთი ფრე აქვს. ჭანტურიამ 5 გოლი გაიტანა სკოპიეს ვარდართან შინ წაგებულ მატჩში (26-35), ხოლო ბელარუსში, სადაც მისი გუნდი 22-41 დამარცხდა მეშკოვ-ბრესტთან, 4-ჯერ გამოიჩინა თავი და 3 შეხვედრაში (ერთი წითელი ბარათის გამო გამოტოვა) 17 გატანილი ბურთი აქვს.

მოგება არა აქვს არც სერბეთის ჩემპიონ ვოივოდინას. სერგო დათუკაშვილის კლუბმა თავის მეორე ფრეს შინ, მეორე სერბულ კლუბთან, სპარტაკ ვოიპუტთან მიაღწია (27-27), ხოლო 2 თამაში წააგო – ხორვატიის ზაგრებთან (შინ, 24-26) და სეჰა-ლიგის ჩემპიონ, უნგრეთის ვესპრემთან (21-44, სტუმრად). ქართველი ვეტერანი ძირითდად დაცვაში თამაშობს და 1 გოლი მხოლოდ ხორვატებთან გაიტანა. შაბათს ვოივოდინა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩს გამართავს მეშკოვ-ბრესტთან.

Leave a Reply