17/12/14 ბაჰრეინმა და საემიროებმა მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს
ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების ხელბურთის ფედერაციებმა გამოაცხადეს, რომ მათი ნაკრებები არ გამოვლენ კაცების მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 15 იანვარს იწყება ყატარში. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ამ ორ ქვეყანას ისლანდია და საუდის არაბეთი შეცვლიან.
ბოიკოტის მიზეზებზე ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი, მაგრამ როგორც სააგენტო ალ-ჯაზირა იტყობინება, მიზეზი პოლიტიკურია. ბაჰრეინი და ემირატები ყატარის ორი უახლოესი მეზობელია. ჯერ კიდევ მარტში ამ ორმა ქვეყანამ, ისევე როგორც საუდის არაბეთმა, თავისი ელჩები გამოიწვია დოჰადან და ბრალი დასდო ყატარის ხლისუფლებას მუსლიმი ფუნდამენტალისტების მხარდაჭერაში ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ორი გამოთავისუფლებული ადგილიდან ერთი დაუთმოს ევროპას და ერთი – აზიას. ევროპიდან ვაილდქარდი მიიღო ისლანდიამ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა და პირველი იყო რეიტინგში იმ გუნდებიდან, ვინც მსოფლიო პირველობის კვალიფიკაცია ვერ გაიარა. ისლანდია პლეიოფში დამარცხდა ბოსნიასთან.
აზიის 2014 წლის ჩემპიონი ყატარია. ფინალში მან დაამარცხა ბაჰრეინი, ხოლო კიდევ ორი საგზური ირანსა და საემიროებს ერგო. მეხუთე ადგილზე კორეა გავიდა, მეექვსეზე – საუდის არაბეთი, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ ვაილდქარდი საუდელებს მიანიჭა.
ჩემპიონატში 24 ქვეყანა მონაწილეობს. წილისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ივლისში, კიდევ ერთი მონაწილე შეიცვალა – ავსტრალიის მაგივრად ტურნირზე დაუშვეს გერმანიის ნაკრები. მიზეზად მოიყვანეს ის, რომ ოკეანიის კონფედერაცია IHF-ს სრულუფლებიანი წევრი არ იყო.
ჯგუფების საბოლოო სახე ასეთია:
A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვენია, ყატარი, ბელარუსი, ბრაზილია, ჩილე
B ჯგუფი: ხორვატია, ბოსნია, მაკედონია, ავსტრია, ტუნისი, ირანი
C ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ალჟირი, ჩეხეთი, ეგვიპტე, ისლანდია
D ჯგუფი: დანია, პოლონეთი, რუსეთი, არგენტინა, საუდის არაბეთი, გერმანია
ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება ყატარის დედაქალაქ დოჰასა და ქალაქ ლუსაილში. სამივე არენა ტურნირისთვის მზადაა. დოჰაში აშენებული ორი დარბაზი 7700 და 5500 მაყურებელს იტევს, ხოლო მთავარი არენა, 15 300 დასაჯდომი ადგილით, იქნება ლუსაილში, დოჰადან 23 კილომეტრზე.
15-23 იანვარს ჯგუფური ტურნირია, 25-26 იანვარს – მერვედფინალები, 28 იანვარს – მეოთხედფინალი, 30 იანვარს ნახევაფინალი და ფინალები – 1 თებერვალს.
ფოტო: ჩეპიონატის მთავარი არენა ლუსაილში