gnhf-rrr

18/12/14 ნახევარფინალები დაკომპლექტდა

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პარასკევს, ბუდაპეშტში ითამაშებენ ნორვეგია-შვედეთი და მონტენეგრო-ესპანეთი.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. უნგრეთი-ხორვატია

მეორე ეტაპი. 17 დეკემბერი

1 ჯგუფი, დებრეცენი

პოლონეთი – რუმინეთი 19-24

ესპანეთი-დანია 29-22

უნგრეთი – ნორვეგია 29-25

საბოლოო: ნორვეგია 8, ესპანეთი 6 (27-26) უნგრეთი 6, დანია 5, რუმინეთი 5, პოლონეთი 0

პირველ ჯგუფში ნორვეგიას პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, მეორე ადგილისთვის კი ესპანეთი და დანია თამაშობდნენ და დანიას ფრეც ჰყოფნიდა. 9-9 იყო, როდესაც ესპანეთმა სამბურთიანი გაქცევა მოახერხა ბეატრის ფერნანდესის 2 (სულ – 5) და ნერეა პენიას (4) გოლით და ტაიმი ამავე სხვაობით მოიგო – 15-12.

ესპანეთს ულიდერა ინსაიდმა ალექსანდრინა კაბრალმა, რომელიც ამ ჩემპიონატზე არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამ თამაშში შვიდიდან დარტყმიდან 6 შეაგდო. მეორე ტაიმის ექვსწუთიან მონაკვეთში დანიამ ვერ გაიტანა – ზედიზედ ოთხი ბურთი მოიგერია მეკარე სილვია ნავარომ, ესპანეთი კი 6 ბურთით გავიდა წინ 42-ე წუთზე, 21-15. დანიელთა მწვრთნელმა იან პიტლიკმა გარისკა, მეკარე მეშვიდე შემტევით შეცვალა და როდესაც კაბრალმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარი ნახევრიდან ცარიელ კარში შეაგდო, ცხადი გახდა, რომ  ესპანეთმა მოიგო. მალე ისინი 10 ბურთითაც დაწინაურდნენ და საბოლოოდ, შვიდიც იკმარეს – 29-22.

დანიას კი გაასწრო უნგრეთმაც, ვინც უმოტივაციო ნორვეგიას მოუგო და ქულებით დაეწია ესპანეთს, მაგრამ მასპინძლები ნახევარფინალში რომ ვერ გავიდოდნენ, ცნობილი იყო – მათ პირველ ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო წუთებზე დათმეს მატჩი ესპანეთთან – 26-27.

2 ჯგუფი, ზაგრები

შვედეთი – მონტენეგრო 29-30

გერმანია – სლოვაკეთი 36-22

ჰოლანდია – საფრანგეთი 18-20

საბოლოო: მონტენეგრო 8,  შვედეთი 7 (29-26) საფრანგეთი 7, ჰოლანდია 5, გერმანია 3, სლოვაკეთი 0

შვედეთი 33-ე წუთზე 19-14 უგებდა მონტენეგროს, შვედეთის მოგება კი ნიშნავდა იმას, რომ გუნდი ინაღდებდა პირველ ადგილს და ნახევარფინალში ასცდებოდა ნორვეგიას, ევროპის ჩემპიონი შინ გაემგზავრებოდა, მეორე საგზურს კი პირად ორთაბრძოლაში გაითამაშებდნენ საფრანგეთი და ჰოლანდია.

მაგრამ, მონტენეგრომ დევნა წამოიწყო და თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კატარინა ბულატოვიჩმა (6 გოლი) გაათანაბრა – 26-26. შვედებისთვის ფრე არაფერს ცვლიდა – ისინი პირველ ადგილზე რჩებოდნენ, მონტენეგრო მეორეზე იქნებოდა, მაგრამ საფრანგეთს ჰოლანდიის დამარცხებით შეეძლო მათ დასწეოდა და პირადი მოგებით ეჯობნა.

ბოლო ფრე დასრულებამდე 6 წუთით ადრე დაფიქსირდა – 28-28, მაგრამ აქ იოვანკა რადიჩევიჩმა გაიტანა ამ მატჩში მეექვსე შვიდმეტრიანი (სულ – 9 გოლი) ამას კი ერთი დაუმატა ბულატოვიჩმა, 28-30.  დარჩენილი იყო ორი წუთი, შვედებმა გაიტანეს ერთი გოლი და ბოლო შეტევა სირენამდე 13 წამით დაიწყეს, მაგრამ შერჩათ მხოლოდ ცხრამეტრიანი, რომელიც ტორსტენსონმა ააცილა – 29-30.

შედეგად, მონტენეგრო უკვე პირველ ადგილზე გადავიდა. შვედეთი მეორეზე დარჩა, საფრანგეთმა ყველანაირი შანსი დაკარგა, ხოლო ჰოლანდია მხოლოდ მაშინ გავიდოდა ნახევარფინალში, თუ 10 ბურთით დაამარცხებდა საფრანგეთს. ცხადია, ასე არ მოხდა. ფრანგებმა 20-18  მოიგეს, ქულებით დაეწივნენ შვედებს, მაგრამ მათთან პირად მატჩში დამარცხების (26-29) გამო მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის ეთამაშებიან უნგრეთს.

19 დეკემბერი, ბუდაპეშტი

მატჩი მეხუთე ადგილისთვის

18:30 უნგრეთი -საფრანგეთი

ნახევარფინალი

21:00 ნორვეგია – შვედეთი

23:30 მონტენეგრო – ესპანეთი

ფოტო: ესპანეთი ნახევარფინალში გასვლას ზეიმობს

საუკეთესოები მეორე ეტაპის შემდეგ

გოლი+პასი (7-მეტრიანი)

კრისტინა ნიაგუ, რუმ 49+23 (19)

იზაბელ გულდენი, შვდ 42+19 (19)

კატარინა ბულატოვიჩი, მნტ 32+22 (10)

ესტავანა პოლმანი, ჰოლ 33+20 (6)

მარტა მანგე, ესპ 23+28 (-)

კრისტინა კრისტიანსენი, დან 16+33

კაროლინა კუდლაჩი, პოლ 28+21 (15)

ნორა მორკი, ნორ 29+19 (7)

ალექსანდრა ლაკრაბერი (საფ) 34+13 (8)

კარმენ მარტინი, ესპ 42+5 (24)

ნერეა პენია, ესპ 25+22 (2)

მცველი (ბლოკი+ჩაჭრა)

ლინეა ტორსტენსონი, შვდ 11+2

კელი დულფერი, ჰოლ 9+3

საბინა იაკობსენი, შვდ 10+2

იზაბელ გულდენი, ჰოლ 1+10

მეკარე

სილიე სოლბერგი, ნორ 42%

ევა კიში, უნგ 41%

პაულა უნგურიანუ, რუმ 40%

Leave a Reply