16/02/15 ქართველების კლუბი მეოთხედფინალშია
შაბათ-კვირას ქართველი ხელბურთელების ორმა კლუბმა ითამაშა ევროტურნირებზე. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას რუმინული გუნდი, ოდორჰეი უკვე გავიდა ჩელენჯ კაპის მეოთხედფინალში, ხოლო EHF თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ.
ვოივოდინა შინ, ნოვი სადში 23-25 დამარცხდა დანიის სკიერნთან, სადაც თამაშობდა დანიის ნაკრების ორი წევრი, ჰენრიკ მოლგარდი და კასპერ სონდერგარდი. თამაში თანაბარი იყო, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 14-13 მოიგეს, მაგრამ სკიერნმა ბოლოსკენ გატეხა მეტოქე. ქართველმა შუამარბმა 2 გოლი გაიტანა მეორე ტაიმში. მწვრთნელი მას მნიშვნელოვან მომენტებში უშვებდა მოედანზე – სერგომ დასრულებამდე 2 წუთით ადრე ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა (22-23), შემდეგ შეტევაში საგოლე პასიც შეასრულა (23-24), მაგრამ დანიელებმა ორივე ამ შეტევას გოლით უპასუხეს და 25-23 მოიგეს. ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიის პორტუ შინ 20-26 დამარცხდა გერმანიის ფუხსე ბერლინთან. 22 თებერვალს დათუკაშვილის სერბული კლუბი სწორედ ბერლინს ეწვევა.
ვოივოდინა თამაშობს ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაზე, სადაც წინა კვირაში ორი მატჩი ჰქონდა სკოპიეში, მაკედონიურ გრანდებთან. სერბებმა მეტალურგთან 26-26 ითამაშეს, ხოლო ვარდართან 26-30 დამარცხდნენ. აქ რეგულარული სეზონი მთავრდება. დათუკაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მხოლოდ დაცვაში თამაშობდა. 15 მატჩში მას 38 გოლი აქვს გატანილი, კლუბს კი მხოლოდ 1 მოგება და 4 ფრე აქვს და 7 ქულით 8-10 ადგილებს იყოფს ბოსნიის ბორაცთან და სერბეთის მეორე კლუბ რადნიჩკისთან.
თევზაძისა და რუსიას ოდორჰეიმ ჩელენჯ კაპის ორივე მატჩი შინ ეთამაშა ლუქსემბურგის რედ ბოიზ დიფერდანჟს და იოლად მოუგო – 33-20 და 30-16, რუსიამ 4 და 3 გოლი გაიტანა და სულ ტურნირზე 13 დაუგროვდა. მეოთხედფინალში ოდორჰეის გარდა უკვე გავიდნენ ნორვეგიის სტორდი, პორტუგალიის ბენფიკა და ისრაელის რამათ ჰაშრონი.
რუმინეთის ჩემპიონატის მატჩს ოდორჰეი 18 თებერვალს ითამაშებს შარშანდელ ჩემპიონ კონსტანცასთან და თუ მოიგო, პირველ ადგილს დაიბრუნებს. ოდორჰეის 25 თამაშიდან 33 ქულა აქვს, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ ბაია მარეს – 17-დან 34. 17 თამაშიდან 16 ქულით მე-11 პოზიციაზეა ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა, რომელიც შინ 34-36 დამარცხდა ვასლუისთან. ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა.
ჯერ არ განახლებულა მაკედონიის ჩემპიონატი, სადაც რევაზ ჭანტურიას სტრუმიცა უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო თურქეთში მეექვსე ადგილზეა რატი მსხვილიძისა დ მეკარე გიგა ტორონჯაძის ტრაბზონსფორი. ტრაბზონმა 32-31 მოუგო ანაფენ კოლეჯს და 28-29 დამარცხდა ბურსაში. თურქეთის უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძვის ტრაბზონის მეორე კლუბი, აქჩაბათ თუთუნსფორი, სადაც ახლახან სამი ქართველი, ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია და მეკარე ირაკლი ხიდეშელი გადავიდა. ბოლო ორ ტურში აქჩაბათი სტუმრად დამარცხდა ლიდერ გიოზთეფესთან (18-35), შინ მოუგო საქარიას (41-26) და მესამე ადგილზეა.
ფოტო: სერგო დათუკაშვილი (78)