„მომავლის გუნდი“ თურქეთშია

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები წლის უმთავრესი ასპარეზობისთვის – გიოტებორგის (29 ივნისი – 4 ივლისი) ევროპის ჩემპიონატისთვის (EHF European Open) – მზადებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით აგრძელებს.

თელავური შეკრების შემდეგ, ჩვენი გოგონები ანკარაში (თურქეთი) გაემგზავრნენ, სადაც უკვე მეორე დღეა, თურქეთის ფედერაციის სახელბურთო ბაზაზე ვარჯიშობენ. 17 და 18 ივნისს საქართველოს ნაკრები თურქ თანატოლებთან საკონტროლო მატჩებს გამართავს.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 20 ივნისს დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას თელავში გააგრძელებს.

ცნობისთვის, გიოტებორგის ევროპის ჩემპიონატზე 20 ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ჩემპიონატის ფორმატის შესაბამისად, გუნდები 4 ჯგუფში (თითოეულში 5 გუნდი) არიან განაწილებულნი. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე, ანუ მეოთხედფინალში, მხოლოდ ორი საუკეთესო ნაკრები გადადის, დანარჩენები კი ფლეი-ოფში ადგილების გასანაწილებლად გააგრძელებენ ბრძოლას.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში, საკმაოდ სერიოზულ კომპანიაში – ესპანეთთან, ნიდერლანდებთან, სერბეთთან და ფარერის კუნძლებთან ერთად მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ გიოტებორგის ევროპის ჩემპიონატს პირველად ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო დატვირთვა. კერძოდ, ტურნირის ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ 16-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

Leave a Reply