პირველი ნაბიჯები

წელს ხელბურთის ფედერაციას 70 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ქართული ხელბურთის ისტორიის ქრონიკებს ხუთ პერიოდად.

ნაწილი მეორე:

ქართველ ხელბურთელებს საერთაშორისო თუ საკავშირო სარბიელზე მრავალი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევიათ. თამაზ ანთაძის, ჯემალ აბაიშვილის, იმედო ფხაკაძის, ანზორ ექსეულიძის, ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი სპეციალისტთა თუ გულშემატკივართა შორის დღემდე მეტად პოპულარულია, თუმცა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თანამემამულეთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი „სახელბურთო სპექტაკლი“ ჯემალ ცერცვაძემ შექმნა. მან ფენომენალური ტექნიკით, თავბრუდამხვევი ფინტებით, მოწინააღმდეგეთა მცველების თუ მეკარეებისთვის ამოუცნობი ტყორცნებით წარუშლელი კვალი დატოვა ხელბურთის ქართველ გულშემატკივართა შორის, შვედეთის 1967 წლის მსოფლიოს პირველობაზე ნაჩვენები მაღალოსტატური თამაშის შემდეგ კი ჯემალ ცერცვაძე “ხელბურთის პელედ” მონათლეს. თბილისის “ბურევესტნიკის” ლიდერი ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ოთხჯერ საკავშირო პირველობების პრიზიორი გახდა, ზედიზედ ათი პირველობის (1962-71) დასრულების შემდეგ ჯემალ ცერცვაძე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა, 1964 და 1967 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს. საკავშირო ნაკრების 78 მატჩში 276 გოლი გაიტანა.

ჯემალ ცერცვაძემ პირველი საერთაშორისო მატჩი პოლონელებთან ითამაშა, შემდეგ კი უფრო სერიოზულ დონეზე, რუმინეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები იყო. ვლახელებს საბჭოელებთან შედარებით გაცილებით მეტი გამოცდილება ჰქონდათ, ამის მიუხედავად, საკავშირო ნაკრებმა მოსკოვში მათ 12:9 მოუგო. მეტოქემ საპასუხო მატჩში 5 ბურთის სხვაობით იმარჯვა და შემდგომ ეტაპზეც რუმინელები გავიდნენ, მაგრამ მათთან დაპირისპირებამ ცერცვაძეს დიდი სამსახური გაუწია. ამასთან ქართველმა სპეციალისტთა ყურადღება დაიმსახურა – სახელბურთო პენალტის შესრულებისას რუმინელთა კარის დარაჯს ისეთი ცრუმოძრაობა გაუკეთა, კარის მცველმა კოორდინაცია დაკარგა და თავით ძელს შეასკდა. არადა, იმ დროისთვის ის მეკარე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი გახლდათ…

1961 წელს ახალაშენებული თბილისის სპორტის სასახლე ხელბურთელებმა “გახსნეს”. ამ არენაზე პირველად თბილისელმა ხელბურთელებმა იასპარეზეს – უნგრეთის ნაკრებს ეთამაშნენ. იმ დროისთვის სპორტის ქართველი ქომაგები ხელბურთს ნაკლებად იცნობდნენ და თამაშზე მეტად ახალი ნაგებობის დათვალიერების სურვილი ამოძრავებდათ. ქართველმა ხელბურთელებმა კი ძალიან ლამაზად, მიმზიდველად ითამაშეს და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მომთხოვნ თბილისელ მაყურებელზე, მეორე დღეს ბილეთის შეძენის პრობლემა დადგა. ამას ხელი დიდად ჯემალ ცერცვაძის ასპარეზობამაც შეუწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში მან კარისკენ ბურთის ტყორცნის იმიტაცია გააკეთა და უნგრელი მეკარე კუთხისკენ გადახტა. როდესაც გოლკიპერი ფეხზე წამოდგა, ანალოგიური მოძრაობა გაიმეორა და ამჯერად, მან საპირისპირო კუთხისკენ ისკუპა, ცერცვაძემ კი ბურთი კარში შეაგორა.

საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი 1962 წელს კაუნასში ჩატარდა. მთავარი მწვრთნელის გიორგი შარაშიძის ხელმძღვანელობით თბილისის „ბურევესტნიკმა“ ტურნირის ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და უკანასკნელ მატჩში პირველობის გასანაღდებლად ფრეც აძლევდა ხელს. მაგრამ, დასკვნით ტურში ტურნირის მასპირძელთან გვიწევდა ასპარეზობა და რაოდენ რთულია კაუნასის “სპორტჰალეში” სტუმარი გუნდისთვის თამაში, ყველას კარგად მოეხსენება. თანაც, მასპინძლებმა ასეთი ეშმაკობაც იხმარეს – ისინი ჩვენს მეკარეს ჯემალ აბაიშვილს თვალებში პროჟექტორს ანათებდნენ, მსაჯებმაც რამდენიმე ეპიზოდში ლიეტუველთა “სასარგებლოდ” დაუსტვინეს.

პირველი ტაიმი ლიეტუველმა ხელბურთელებმა მოიგეს. მათ მკაცრი მეურვეობა დაუწესეს თბილისელთა ლიდერებს ცერცვაძეს და ანთაძეს. ჩვენი მრისხანე ტანდემის აქტიურობა კი შეიზღუდა, სამაგიეროდ თავისუფლად მოქმედების არე გაუფართოვდათ მათ მეგობრებს. განსაკუთრებით იყოჩაღა გარი მაჭავარიანმა, რომელმაც კრიტიკულ ვითარებაში ზედიზედ ხუთჯერ შეარხია მოწინააღმდეგის კარის ბადე და მეორე ტაიმში „ბურვენესტნიკი“ სამი ბურთით დააწინაურა – 17:14. დარჩენილ დროში ჩვენებმა მეტის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო „ატლეტასმა“ საფინალო სასტვენამდე ანგარიშის მხოლოდ გათანაბრება მოახერხა და ამ ფრემ ქართველ ხელბურთელებს ჩემპიონობა მოუტანა.

ხელბურთში საკავშირო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებულები ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე, ჯემალ ცერცვაძე,  ანზორ ექსეულიძე, ჯემალ ზაქარიაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ჯანო ბაგრატიონი, თამაზ ანთაძე, გარი მაჭავარიანი, ლერი კარტოზია, თეიმურაზ ზარდალიშვილი, ბორის კოპალეიშვილი, ილია შელეგია, არტურ რატიანიძე გახდნენ.

ტრიუმფული პირველობის დასრულების შემდეგ თბილისის „ბურევესტნიკის“ მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა ინტერვიუ მისცეს კაუნასის ტურნირზე მივლენილ „ლელოს“ ჟურნალისტ ჯიმშერ ენუქიძეს.

გიორგი შარაშიძე (მთავარი მწვრთნელი): „სსრკ 1962 წლის ჩემპიონთა გარდამავალი თასი, პრიზი გუნდს კორექტული თამაშისთვის, პრიზები – ცერცვაძეს ტურნირში ყველაზე მეტი ბურთის გატანისთვის და აბაიშვილს კარის საუკეთესოდ დაცვისთვის; სპორტის ოსტატობის წოდება და მოთამაშეთა უმრავლესობის საბჭოთა კავშირის გუნდების შემადგენლობებში შეყვანა. აი, ის დიდი ნადავლი, რომელიც ჩვენ გუნდს კაუნასიდან მოაქვს. ეს პატარა წარმატება არაა, მაგრამ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. როგორც გუნდის მწვრთნელი ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ოსტატობის სრულყოფა – აი ჩვენი ახალი ამოცანა. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კვლავაც გამარჯვებულთა რიგებში ვიდგეთ .“

თამაზ ანთაძე (კაპიტანი): „ტურნირი მეტად დაძაბული და საინტერესო იყო. ყოველმა მოთამაშემ გამოავლინა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. განსაკუთრებით გაგვიჭირდა პირველი და ბოლო თამაშის ჩატარება. პირველ მატჩს ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ ფრეს მივაღწიეთ. გუნდის საბრძოლო თვისებები ნათლად გამომჟღვნდა ბოლო შეხვედრაში. განუწყვეტელი ხმაურის ქვეშ შევძელით გარდატეხის შეტანა და დავჯერდით ფრეს, რომელმაც ოქროს მედლები მოგვიტანა. ამაზე ჩვენ მხოლოდ ვოცნებობდით, რეალურადი სამეულში მოხვედრა მიგვაჩნდა .ვიგონებ რა განვლილ ტურნირს, ვრწმუნდები, რომ შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია. გუნდს შეუძლია კიდევ უკეთ თამაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მეკარის ჯემალ აბაიშვილის საუკეთესო თამაში, რომელმაც ბევრჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან, ხოლო კიეველებთან წაგებისგანაც კი“. 

ჯემალ ცერცვაძე: „მოხარული ვარ, რომ გავამართლეთ გულშემატკივართა იმედი. ტურნირმა დაძაულად ჩაიარა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა თამაში კაუნასის „ატლეტასთან“. ვეცდებით მომავალში უკეთესად ვითამაშოთ“.

იმედო ფხაკაძე: „განვლილი ტურნირი დიდი გამოცდა იყო. მან ბევრი რამ შეგვძინა. ახლა თითოეულმა ჩვენთაგანმა შემდგომ დაოსტატებაზე უნდა იზრუნოს“.

სადებიუტო ჩემპიონატში ჯემალ ცერცვაძის გამოსვლას რაც შეეხება, თბილისის ზონაში მოსკოვის „ტრუდთან“ (ჩვენი რესპუბლიკის დადაქალაქში ჩატარებულ ზონალურ შეჯიბრებაზე კაუნასში გამგზავრების უფლება სწორედ თბილისელებმა და მოსკოველებმა მოიპოვეს, რომელთან ერთმანეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულეს) გატანილი ბურთების გათვალისწინებით, 51 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და შეჯიბრების ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედაც აღიარეს.

„ტრუდთან“ და კაუნასის ფინალურ მატჩებში თავი შემდეგმა ხელბურთელებმა გამოიჩინეს: ანთაძე 28 გოლი, კოპალეიშვილი 22, ექსეულიძე 17, მაჭავარიანი 13, ფხაკაძე 12, ზარდალიშვილი 5, კარტოზია 4 და შელეგია 2.

ცერცვაძეს ანალოგიური პრიზი გადასცეს 1964 და 1967 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების დასრულების შემდეგაც. სამწუხაროდ, პლანეტის პირველობებზე ქართველ დიდოსტატს მხოლოდ ინდივიდუალური პრიზები აქვს მოპოვებული. “ხელბურთის პელედ” ჯემალ ცერცვაძე კი პირველად გერმანელმა ჟურნალისტმა მოიხსენია. თანაც, მანვე, 1967 წლის მსოფლიო პირველობის წინ, თავისი გაზეთის ფურცლებზე დაწერა, სანაძლეოს ჩამოვდივარ, ჯემალ ცერცვაძის განეიტრალებას ვერც ერთი მცველი ვერ შეძლებსო. იმ პირველობის დასრულების შემდეგ, ჩეხოსლოვაკურ გამოცემა “ჰაზენაში” (ჩვენებურად, ხელბურთი) გამოქვეყნდა პლანეტის 6 უძლიერესი მოთამაშის ფოტო, მათ ზემოთ კი ჯემალ ცერცვაძის სურათი იყო მოთავსებული წარწერით – “მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი”.

ჯემალ ცერცვაძისთვის თბილისის “ბურევესტნიკში” ჩატარებულ მატჩთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი და ამავდროულად გულდასაწყვეტი ზაგრების “მედვეშჩაკთან” 1965 წლის ჩემპიონთა თასის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა იყო. ხორვატიაში მსაჯებმა “აგვიკლეს”. მათი არაობიექტური მიდგომის გამო 13:21 წავაგეთ და ერთი შეხედვით, საპასუხო ასპარეზობის წინ ნახევარფინალში გასვლის შანსიც არ გვქონდა. თუმცა, თბილისელი მაყურებლის წინაშე ქართველებმა ძალიან ძლიერად ითამაშეს. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე 21:12-ს ვიგებდით. ამ დროს ბურთსაც ვფლობდით. საბედისწერო შეცდომა დაუშვა მოსკოვის გუნდიდან დამატებულმა კლიმოვმა. მან ბურთი ზაგრებელთა კარისკენ გაგზავნა, მას “მედვეშჩაკის” მეკარე დაეუფლა, იერიში წამოიწყო, რომელიც გოლით დასრულდა. ერთი სიტყვით, თბილისის „ბურევესტნიკმა“ რევანში ისეთივე ანგარიშით აიღო, როგორითაც დამარცხდა (21:13), კენჭისყრისას კი ბედმა “მედვეშჩაკს” გაუღიმა…

ჩვენი ხელბურთის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პირველი თაობის „ოქროს გუნდის“ კიდევ ერთ აღიარებულ ვარსკვლავ იმედო ფხაკაძეს, რომლის ბრწყინვალე თამაშს გულშემატკივარი აღტაცებაში არაერთხელ მოუყვანია. ახალი თაობის ქომაგთათვის იმედო ფხაკაძის ავტორიტეტსა და უმაღლეს სათამაშო კლასზე წარმოდგენის შესაქმნელად კი ორი ფაქტის მოყვანაც საკმარისია. 1964 წელს, საკავშირო პირველობის ფინალურ ეტაპზე თბილისის „ბურევესტნიკის“ მარჯვენაფლანგელმა იმდენად შთამბეჭდავად იასპარეზა, რომ ფხაკაძეს „ხელბურთის გარინჩა“ უწოდეს, ხოლო როდესაც ხელბურთის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურას, ხორვატ ჟაგ მესტარს პლანეტის სიმბოლურის ნაკრების შედგენა სთხოვეს, მარჯვენა გარემარბის ადგილას მან უყოყმანოდ იმედო ფხაკაძე დაასახელა.

კაუნასის 1962 წლის ანალოგიური ტრიუმფი თბილისის „ბურევესტნიკმა“ ორი წლის შემდეგ მოსკოვში გაიმეორა. იმედო ფხაკაძემ და მისმა პარტნიორებმა ფინალური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ზაპოროჟიეს „ალუმინსტროის“ დამაჯერებლად, რვა ბურთის სხვაობით (25:17) სძლიეს და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელების მსგავსად, ქართველი ხელბურთელებიც საბჭოთა კავშირში უძლიერესები გახდნენ. ამ შეხვედრაში ბურთები ცერცვაძემ (8), ფხაკაძემ (5), ანთაძემ, კარტოზიამ, ექსეულიძემ (3-3), ზაქარიაძემ (2) და ბაგრატიონმა (1) გაიტანეს. ჯერმალ ცერცვაძე, როგორც პირველ ჩემპიონატში ამჯერადაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა 93 გატანილი ბურთით. „ბურევესტნიკის“ დანარჩენი გოლები შემდეგნაირად გადანაწილდა: ფხაკაძე 39, კარტოზია 30, ბაგრატიონი 23, ექსეულიძე 21, ანთაძე 20, ზაქარიაძე 11, კოპალეიშვილი 10, მაჭავარიანი 4, ზარდალიშვილი და აბაიშვილი 2-2.

მოსკოვის ტურნირზე მოედანზე ყველაზე მეტხანს გუნდის კაპიტანმა ანთაძემ დაჰყო – 614 წუთი. ცერცვაძემ 592 წუთი ითამაშა, აბაიშვილმა 569, ექსეულიძემ 544, ფხაკაძემ 540 წუთი.

1963 წელს თბილისელებმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს, ხოლო ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში (1965–67) „ბურევესტნიკი“ მეორე ადგილზე გადიოდა.

1967 წელს იმედო ფხაკაძემ ჯემალ ცერცვაძესთან, ანზორ ექსეულიძესა და ჯემალ აბაიშვილთან ერთად მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზა. ტურნირის დაწყებამდე საკავშირო ნაკრებმა კოპენჰაგენში დანიელებს ტესტ–მატჩი მოუგეს, შვედეთის პირველობიდან უკანა გზაზე დანიელთა დედაქალაქში მასპინძლებს კვლავ სძლიეს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში კი საბჭოელები დანიელებთან დამარცხდნენ. მარცხის ერთ–ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ მწვრთნელებმა ქართველების ძირითადში დაყენება ვერ გაბედეს…

იმედო ფხაკაძემ 1968 წელს მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონის ტიტული ალექსანდრე ხუციშვილთან ერთად მოიპოვა. 1972 წლიდან ხელბურთი ოლიმპიადების პროგრამაში შეიტანეს.

იმედო ფხაკაძე „ბურევესტნიკს“ მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. ყოფილ თანაგუნდელებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია და შედეგმაც არ დაახანა. 1975 წლის საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილზე გავედით, რაც მოსკოვის, უკრაინის, ლიეტუვის, რუსეთის ფედერაციის ნაკრებებთან მძაფრი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანი წარმატება იყო.

იმედო ფხაკაძემ 1976 წელს, საკავშირო პირველობის შუალედში, იორდანიის სახელბურთო ნაკრები არაბული თამაშებისთვის მოამზადა. გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რაც იორდანიისთვის არაბულ თამაშებზე მოპოვებული პირველი საპრიზო შედეგი გახლდათ…

ავტორი: გოჩა კაჭარავა

Leave a Reply