“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა მეთორმეტედ მოიგო
ხელბურთში საერთაშორისო საკლუბო სეზონი კიოლნის „ლანქსეს არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალით დასრულდა, სადაც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ფიუქსე ბერლინი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ესპანური გრანდის გამარჯვებით — 37:34 დასრულდა.
პირველ ტაიმში თამაშს „ბარსელონა“ აკონტროლებდა. ბერლინელთა პრობლემების საუკეთესო ილუსტრაცია სეზონის ბომბარდირი, მათიას გიდსელი იყო, რომელმაც გოლის გატანა მხოლოდ 25-ე წუთზე შეძლო.
მატჩის განმავლობაში არაერთხელ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ბარსა“ ბერლინელებს საკუთარივე იარაღით ამარცხებდა — მაქსიმალური სისწრაფით თამაშობდა და იოლი გოლები გაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გერმანული კლუბი ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, მათ ეს ვერ შეძლეს. შედეგად, „ბარსამ“ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და მე-12 ტიტული მოიპოვა.
ორივე გუნდიდან 8 გოლით საუკეთესო იყო დანიელი მათიას გიდსელი („ფიუქსე ბერლინი“), რომელიც 2025/26 წლების სეზონში გატანილი 161 გოლით ტურნირის ბომბარდირიც გახდა.

ჩემპიონთა ლიგის MVP კი ტრიუმფატორი გუნდის სლოვენიელი ლეგიონერი, დომენ მაკუცი გახდა, რომელმაც ფინალში 5 გოლი გაიტანა. მაკუცმა ერთი დღით ადრე, „ოლბორგთან“ შაბათის ნახევარფინალში, ასევე 5 ბურთი შეაგდო.

მესამე ადგილისთვის მატჩში „მაგდებურგმა“ დამაჯერებლად — 32:26 დაამარცხა „ოლბორგი“ და ამ ტურნირის ისტორიაში პირველად დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს.
ფინალი
ბარსა (ესპანეთი) — ფიუქსე ბერლინი (გერმანია) 37:34 (20:16)