საქართველოს ნაკრებმა ბრიტანელები დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელ ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 18 EHF Championship) წარმატებული სტარტი აიღო — ტურნირის მასპინძელ თელავის სპორტის სასახლეში დიდი ბრიტანეთის ნაკრები დამაჯერებლად, 31:24 (16:10) დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა მატჩი მძიმედ დაიწყო და დაწინაურება მხოლოდ მეექვსე წუთზე შეძლო, თუმცა მალევე იპოვა საკუთარი თამაში, მოიპოვა კომფორტული უპირატესობა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.
საქართველოს ნაკრებიდან 6-6 ბურთი ვახტანგ ხარებაშვილმა, ნიკოლოზ მამულაშვილმა და გიორგი კაპანაძემ გაიტანეს. ხარებაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

„პირველი მაღალი დონის ტურნირია, რომელშიც ეს ბიჭები მონაწილეობენ. ტურნირისთვის დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ საწყის წუთებზე თამაშის თანმხლებმა ემოციებმა ცოტა შეგვბოჭა. თუმცა, ემოციებიდან მალე გამოვედით და ნაბიჯ-ნაბიჯ სასურველ შედეგამდე მივედით. ახლა თამაშს გავაანალიზებთ და შეცდომებზე ვიმსჯელებთ, რათა მომავალ შეხვედრებში უკეთ ვითამაშოთ“, — განაცხადა მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოთა თევზაძემ.
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, კოსოვო 36:26 დაამარცხა. შედეგიანი დღე ჰქონდა ბელგიასაც — მათ კვიპროსს 35:24 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები: ლევანტვილდიანი,გიორგი კენჭაძე, საბა დიასამნიძე; ნიკოლოზ მამულაშვილი (6), გიორგი კაპანაძე (6), ვახტანგ ხარებაშვილი (6), ვანო გურგენიძე (5), საბა შუბაშიშვილი (2), ნიკოლოზ ნარიმანიძე (2), დემეტრე თორია (1), ნიკოლოზ ბიბლაია (1), გიორგი მაზანიშვილი (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, ანდრია ბურჯალიანი, შოთიკო ახვლედიანი
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა
M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (ჯგუფური ეტაპი):
- 3 აგვისტო: საქართველო vs ბულგარეთი
- 5 აგვისტო: საქართველო vs კვიპროსი
- 6 აგვისტო: საქართველო vs კოსოვო
- 8 აგვისტო: საქართველო vs ბელგია
9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.