19/02/15 ჭაბუკებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრები აგრძელებს მზადების ციკლს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის. ხუთშაბათს, გლდანში ჩვენმა ჭაბუკებმა დაამარცხეს აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები, 31-26.

პირველი ტაიმის 20 წუთი დაახლოებით თანაბარი ბრძოლა იყო. მწვრთნელ გარი თურქიას მიერ არჩეული 5+1 დაცვა ეფექტურად მუშაობდა, ხოლო დაცვაში წინ წაწეული ხაზეინ რუსტამოვი ხშირად გარბოდა სწრაფ გარღვევაში – ამ ხერხით მან 10 გოლი გაიტანა და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. პრობლემები გვქონდა შეტევაში – ვერ გამოვიყენეთ 2 შვიდმეტრიანი და რამდენიმე გასვლა მეკარესთან პირისპირ. ჯამში – 11-6.

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებმა აქტიური დაცვა შემოგვთაზეს, ამას კი ქართველმა ჭაბუკებმა კარგად აუღეს ალღო და თამაში გაიხსნა. მეორე ტაიმში ანგარიში უკვე 20-20 იყო, თან ისე, რომ მასპინძლების გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა.

აზერბაიჯანელები შეკრებაზე არიან თბილისში. წინადღით მათ 28-18 დაამარცხეს ქართველი ჭაბუკების მეორე ნაკრები, ხოლო ჭაბუკთა ოლიმპიურმა გუნდმა 33-30 მოუგო ტექნიკურ უნივერსიტეტს. აზერბაიჯანის ნაკრები კვირის ბოლომდე დარჩება თბილისში, ხოლო პარასკევს გლდანში გაიმართება მატჩი საქაერთველოს ჩვიდმეტწლამდელ და ცხრამეტწლამდელ ნაკრებებს (მწვრთელი ტიტე კალანდაძე) შორის.

ამხანაგური მატჩების შემდეგ ჩვენი ოლიმპიური გუნდი შეკრებაზე გადავა, ხოლო მზადების შემდგომი ეტაპი იქნება ტურნე სლოვენიაში, 8-13 მარტს, რომლის დროსაც გუნდი რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს – მათ შორის სლოვენიის 17-წლამდელთა ნაკრებთანაც, რომელიც ასევე მონაწილეობს ევროპის ახაჰგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე. ტურნირი 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება თბილისში.

ამხანაგური მატჩი. 19 თებერვალი, 2015. გლდანი

საქართველო (17წ) – აზერბაიჯანი 31-26

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – რუსტამოვი 10, ბულბულაშვილი 7, ზარნაძე 4, მაისურაძე 3, კბილაშვილი 3, არსენაშვილი 2, იობაშვილი 1, გაწერელია 1, ფერაძე, მერკვილაძე, მამულაშვილი, ტიელიძე – მწ. გ. თურქია, გ. ქობელაშვილი

აზე: ჰ. გაფაროვი, ა. გაფაროვი – ვალიევი 6, ჰეიდაროვი 5, შარიფი 5, მამედოვი 4, რაგიმოვი 3, იანგილდინი 2, სულთანოვი 1, მურადოვი, ისმაილოვი – მწ. რ. ჰუსეინოვი

მსაჯები: გ. გვაზავა, ი. ჭკუასელი

ფოტო: ხაზეინ რუსტამოვი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები

Leave a Reply