16-წლამდელებში საქართველოს ჩემპიონი „პრომეთე“ გახდა, გოგოებში – „აკადემია“
დასრულდა საქართველოს 16-წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც 24 მაისამდე, როდესაც დასკვნითი მატჩები ჩატარდა, გრძელი გზა გაიარეს. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც ასაკობრივი ჩემპიონატი დაასრულა და ახალი სეზონიდან უფროსებს შეუერთდება.
ჭაბუკთა (2010/2011 წწ.) ჩემპიონატში 11 გუნდი („შევარდენი-პეგასი“, „პრომეთე“, „კორიდა“, „ქარიშხალა“, „გორი“, ბსბ, „ოქროს ვერძი“, „ზუგდიდი“, „სამტრედია“, „ქუთაისი“ და „რუსთავი“) მონაწილეობდა. მათ შორის ჩემპიონატის ცხრილის საუკეთესო ექვსეულმა („შევარდენი-პეგასი“, „პრომეთე“, „კორიდა“, „ქარიშხალა“, „გორი“, ბსბ) მედლებისთვის ბრძოლა განაგრძო.
2025/26 წლების სეზონის შედეგებით, ჩემპიონი გახდა შარშანდელი ფინალისტი „პრომეთე“, ვერცხლის მედლები ერგო „ქარიშხალას“, ხოლო ბრინჯაოს ჯილდო „კორიდამ“ დაიმსახურა. „შევარდენი-პეგასი“, რომელიც მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, მეხუთე ადგილზე გავიდა. მეოთხე ადგილით დაასრულა ჩემპიონატი „გორმა“, მეექვსეზე კი ბსბ გავიდა.

„პირველი ადგილისთვის ბრძოლას თავიდანვე შევუდექით. გვინდოდა, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონობა გვეზეიმა და მიზანს მივაღწიეთ. გვიხარია როგორც მწვრთნელებს, ისე ბავშვებს და მთლიანად წყალტუბოს. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა“, – აღნიშნავდა „პრომეთეს“ მწვრთნელი რაულ ხვიჩია.
გოგონათა ჩემპიონატში 10 გუნდი იყო წარმოდგენილი (ბსგ, „ოლიმპია“, „ოქროს ვერძი“, „აჭარა“, „მართვე“, „ფსოუ“, „სამტრედია“, „პრომეთე“, „ზუგდიდი“ და „ქუთაისი“). ფლეიოფში ასპარეზობის უფლება საუკეთესო ექვსეულმა: ბსგ-მ, „აკადემიამ“, „ოქროს ვერძმა“, „ფსოუმ“, „აჭარამ“ და „მართვემ“ მოიპოვა.

მოქმედი ჩემპიონი „ოქროს ვერძი“ ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, ვერცხლის მედლებით დაასრულა ასპარეზობა ბათუმის ბსგ-მ, ჩემპიონობა კი „აკადემიამ“ მოიპოვა.
„ვიცოდით, რომ ბათუმელებთან (ბსგ) რთული თამაში გველოდა, თუმცა ისეთი განწყობითა და შემართებით გავედით მოედანზე, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. მართალია, უკეთ თამაშიც შეგვეძლო, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. დასახულ მიზანს მივაღწიეთ, ჩემპიონები გავხდით”, – აცხადებდა დასკვნითი ტურის მატჩის შემდეგ „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი ინა ჭკუასელი.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში ბოლოჯერ იყო წარმოდგენილი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ ჩემპიონობა აქამდე არ მოუპოვებიათ. ასე რომ, გოგოებმა ეს ასაკობრივი ჯგუფი ოქროს მედლებით დახურეს.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები და მედლები გადასცეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სალუქვაძემ და საქართველოს ქალთა ხელბურთის ხელმძღვანელმა ლანა მარგიანმა.
