გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია

ხორვატიული ხელბურთის უდიდესი დერბი ხორვატიის ჩემპიონების – „ზაგრების“ სასარგებლოდ დასრულდა. ზაგრებელებმა თავიანთი უმთავარესი მეტოქე ნაშიცეს „ნექსე“ 32:21 (16:9) გაანადგურეს და ამ პრესტიჟულ საშინაო ტურნირზე 32-ე ტიტული მოიპოვეს.
სასიხარულო ის არის, რომ ზაგრებელებს თავდასხმაში ბრწყინვალე თამაშით გაუძღვა ქართველი ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 9 გოლი გაიტანა.
„ზაგრებმა“ თასის ფინალის პირველი ტაიმი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი ცხოვრებაძის წყალობით, რომელიც საწყისი წუთებიდანვე მთავარი ფიგურა იყო, დამაჯერებლად ჩაატარა და შესვენებაზე დიდი უპირატესობით (16:9) გავიდა.
მეორე ტაიმს მოედანზე ძალთა ბალანსის ცვლილება არ მოჰყოლია. „ზაგრებმა“ იმავე რიტმში გააგრძელა თამაში, როგორც ეს პირველ ტაიმში იყო, და ამაში მნიშვნელოვანი როლი კვლავ გიორგი ცხოვრებაძემ ითამაშა. შედეგად, „ზაგრებმა“ მეტოქესთან უპირატესობა ორნიშნა რიცხვამდე გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც (32:21) მოიპოვა.
ზაგრებელთა წარმატებაში ასევე დიდი როლი ითამაშა სანდრო მეშტრიჩმა, რომელმაც 12 ბურთი მოიგერია.
აღსანიშნავია, რომ ხორვატიის თასის ფინალური ეტაპის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ (MVP) გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.
„ზაგრების“ ხელბურთელებს წინ აქვთ მატჩი, სადაც შეუძლიათ კიდევ ერთი საშინაო ტიტული მოიგონ. 29 მაისს ისინი „სესვეტეს“ უმასპინძლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ლეგიონერი ხორვატიის ჩემპიონობასაც იზეიმებს.