07/09/14 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდა

გაირკვა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის სამი დარჩენილი მონაწილე. 3 საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თურქეთის ბეშიქთაში, უკრაინის მოტორ ზაპოროჟიე და ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი.

ბრესტში მასპინძელმა გუნდმა გაიმარჯვა. ბელარუსებმა ნახევარფინალში მოუგეს ჰოლანდიურ ტარგოს ბევოს – 36:23, ხოლო სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვმა აჯობა სერბიის ვოივოდინას – 25:21. ფინალში მეშკოვ-ბრესტმა პრეშოვი დაამარცხა – 26:24. შარშანდელ ლიგაზე ბელარუსს მინსკის დინამო წარმოადგენდა.

მეორე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა ავსტრიაში. მასპინძელი, ალფა-ჰარდი ნახევარფინალში დამარცხდა პორტუსთან – 25:29, ხოლო ზაპოროჟიეს მოტორმა ჯერ იტალიის ფაზანოს მოუგო – 36:20, ფინალში კი – პორტუს, 30:26. მოტორი შარშანაც თმაშობდა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პლეიოფშიც გავიდა.

ბელგიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა ინიცია ასელმა და ნახევარფინალი რუმინეთის ჩემპიონ კონსტანცასთან დათმო – 20:29. საგზური მოიპოვა ბეშიქთაშმა, ვინც მიყოლებით დაამარცხა ნორვეგიის ჰასლუმი – 29:22 და კონსტანცა – 34:25. ბეშიქთაში პირველი თურქული გუნდია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები ასე დაკომპლექტდა.

ჩემპიონთა ლიგა 2014-15. კაცები

A ჯგუფი: კილი (გერ), მეტალურგ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), ლა რიოხა (ესპ), პსჟ (საფ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ)

B: ბარსელონა (ესპ), კოლდინგი (დან), ალინგსასი (შვდ), ვისლა პლოცკი (პოლ), ფლენზბურგი (გერ), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)

C: ვესპრემი (უნგ), ცელიე ლაშკო (სლნ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ), ვარდარ სკოპიე (მკდ), მონპელიე (საფ)

D: ტარგი კელცე (პოლ), დიუნკერკი (საფ), შაფჰაუზენი (შვც), პიკ სეგედი (უნგ), ოლბორგი (დან), ბეშიქთაში (თურ)

ჯგუფური ტურნირის პირველი ტური 24-28 სექტემბერსაა. შობამდე გაიმართება 8 ტური, დანარჩენი ორი კი – 2015 წელს. ჯგუფების 4-4 გამარჯვებული გავა პლეიოფში, საბოლოოდ კი ჩემპიონი მაისის ბოლოს, ოთხთა ფინალის შემდეგ გამოვლინდება.

ქალთა ტურნირის კვალიფიკაცია 20-21 სექტემბერს გაიმართება ლაიფციგსა და კრაგუევაცში. გერმანიაში ითამაშებენ კარგო ჰუნგარია (უნგ)-დალფსენი (ჰოლ), ლაიფციგი (გერ)- ბნტუ მინსკი (ბლრ). სერბეთში მოთამაშე წყვილები ასეთია: მიდტიულანდი (დან)-რადნიჩკი კრაგუევაცი (სრბ), ბიასენი (ნორ)-პოდრავკა კოპრივნიცა (ხორ).

დაბოლოს, წლევანდელ ევროტურნირებზე მონაწილეობს ქართული გუნდიც. სახელბურთო კლუბი სამტრედია ნოემბრის ბოლოს, ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალში, ორჯერ შეხვდება ფინური კლუბს კასიპალოსეურა რიიჰიმიაენ კოქსს.

ფოტო: ბეშიქთაში ლიგაზე გასვლას ზეიმობს

Leave a Reply