06/05/14 ჯემალ ცერცვაძე 75 წლის სრულდება

7 მაისს 75 წელი უსრულდება გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ჯემალ ცერცვაძეს. ამასთან დაკავშირებით, 8 მაისს, 15:00, სპორტის სამინისტროში გაიმართება საზეიმო შეხვედრა.

15-20 მაისს ხელბურთის ფედერაცია ამ თარიღის აღსანიშნავად საერთაშორისო ტურნირს აწყობს. მონაწილეობენ საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები (ბიჭები და გოგონები, 16 წლამდე). ტურნირი გაიმართება ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სასახლეში.

ცერცვაძე 17 წლის განმავლობაში თამაშობდა საქართველოს უპირველეს კლუბში, თბილისის „ქარიშხალაში“, 13 წელი – საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

საყოველთაო აზრით, ის იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მოთამაშე ხელბურთის ისტორიაში – თამაშის აბსოლუტურად განუმეორებელი და ორიგინალური მანერით, დახვეწილი ტექნიკით, სწრაფი აზროვნებითა და კარში ტყორცნის მდიდარი არსენალით. ის მრავალი ეპითეტით შეუმკიათ ჟურნალისტებს, ხელბურთის ჯადოქრიდან ხელბურთის პელემდე. თბილისის სპორტის სასახლეში გასული საუკუნის 60-იან წლებში 10 000 მაყურებელი ავსებდა დარბაზს და ბევრი მათგანი  სპეციალურად ჯემალის თამაშის სანახავად დადიოდა ხელბურთზე.

ჯემალ ცერცვაძე ჭაბუკობისას კალათბურთელი იყო, შემდეგ კი შედარებით ახალ სახეობაში, ხელბურთში გადავიდა. აღმოჩნდა, რომ მისთვის ეს სახეობა იდეალური იყო.  ცერცვაძე მალევე გახდა თბილისის „ქარიშხალასა“ და სსრკ ნაკრების ლიდერი.

პირველი ტიტული მოვიდა 1962 წელს, როდესაც „ქარიშხალამ“ საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1964 წელს მეორე გახდა ჩემპიონი. გარდა ამისა, ცერცვაძე სამჯერ იყო ვერცხლის პრიზიორი 1965, 66 და 67 წლებში, ერთხელ კი, 1963 წელს, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზედიზედ ათი სეზონის განმავლობაში, 192 წლიდან 1971 წლის ჩათვლით, ჯემალ ცერცვაძე მუდმივად იყო სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

60-იან წლებში, თბილისის სპორტის სასახლეში, ჯემალ ცერცვაძესა და მის მეგობრებს, თბილისის ქარიშხალას გუნდის სახელით, არაერთხელ დაუმარცხებიათ მსოფლიოს მოწინავე სახელბურთო ნაკრებები – რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია, შვედეთი, უნგრეთი…

ჯემალ ცერცვაძეს, სხვა ქართველ ხელბურთელებთნ ერთად სამჯერ უთმაშია მსოფლიო ჩემპიონატზე – 1964, 1967 და 1970 წლებში, სამჯერვე მოხვდა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, ორჯერ კი ყველაზე ტექნიკურ ხელბურთელად დაასახელეს.  მან სულ 78 მატჩი ჩაატარა და 276 გოლი გაიტანა, მთელი კარიერის განმავლობაში მის მიერ გატანილი გოლების რიცხვი კი შვიდი ათასს გადასცდა.

ჯემალ ცერცვაძე 1968 წელს გახდა მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული.  არის 200 წელს გამართული რეფერენდუმის – ასწლეულის საუკეთესო სპორტსმენის ლაურეატი.

ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=hZ9a8bFQCNE

Leave a Reply