07/05/14 ქართველები უკრაინასა და ბელარუსში
საერთაშორისო ტურნირებზე იმყოფებიან საქართველოს თექვსმეტწლამდელ ხელბურთელთა ნაკრებები.
ბროვარიში, უკრაინა, ბიჭების შეჯიბრება უკვე დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ტურნირზე მხოლოდ ქართველები ჩავიდნენ, ხოლო მოლდოვამ, ბელარუსმა და რუსეთმა – თავი შეიკავეს. შესაბამისად, დარჩა ოთხი გუნდი: საქართველოს ნაკრების გარდა – უკრაინის სამი სახელბურთო ცენტრის, კიევის, ბროვარისა და ზაპოროჟიეს კლუბები, რომლებიც ორწრიან ტურნირს ითამაშებენ.
პირველ ტურში ჩვენი ნაკრები დამარცხდა ბროვარისთან – 24:30, ხოლო დღეს მოუგო ზაპოროჟიეს – 41:31. მწვრთნელებმა, გიორგი ქობელაშვილმა და გია გვაზავამ, რომელთაც ტელეფონით ვესაუბრეთ, აღნიშნეს მეკარე ხანდოლიშვილის, პივოტ არსენაშვილისა და უკანახაზელების, რუსტამოვისა და ბულბულაშვილის კარგი თამაში. ხვალ ბიჭების ნაკრები კიევის გუნდს შეხვდება და პირველი წრეც ამით დასრულდება.
გროდნოში, ბელარუსი, გოგონათა ტურნირი ხვალ იწყება, იქამდე კი ჩვენმა გოგონებმა ორი საწვრთნელი მატჩი გამართეს ბელარუსის 16–წლამდელთ ნაკრებთან, რომელიც ასევე ინტენსიურად ემზადება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. ორივე თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა – მასპინძლებმა პირველი მატჩი ექვსბურთიანი სხვაობით მოიგეს, ხოლო მეორე – ერთბურთიანი უპირატესობით.