05/09/14 ხელბურთის ფედერაციის საერთაშორისო აღიარება

შვეიცარიიდან დაბრუნდნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. ბაზელში, IHF ოფისში მათ გადაეცათ სპეციალური დიპლომი, როგორც განვითარებად ქვეყნებს შორის საუკეთესო ფედერაციას.

ბაზელში გაიმართა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის განვითარების მიტინგი. IHF 2013-14 სეზონიდან ატარებს პროგრამას „ოთხწლიანი გეგმა“, რომელიც მოიცავს ე.წ. განვითარებად ქვეყნებს. ევროპიდან ამ კატეგორიაში გადიან საქართველო, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, ბულგარეთი, ბრიტანეთი, ირლანდია, ფარერები, ალბანეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, მალტა, სომხეთი და ანდორა.

ზურაბ კაკაბაძე: – განვითარების პროგრამა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: მსაჯთა და დელეგატთა სემინარები, მწვრთნელთა კურსები, ქვიშის ხელბურთი, სასკოლო ხელბურთი და, ასევე, ახალი ტურნირი, IHF თასი, რომელზეც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წლეულს მეორე ადგილი დაიკავა.

ბაზელში მოხდა პროგრამის პირველი წლის შედეგების შეჯამება. გათვალისწინებული იყო აქტივობების რაოდენობა, მონაწილეთა რიცხვი, ლექტორთა გამოხმაურებები, თანამშრობლობა საერთაშორისო ფედერაციასთან. ჩვენ ამ სეზონში საკმაოდ დიდი საგანმანათლებლო სამუშაო ჩავატარეთ, რისთვისაც მოვხვდით სამ საუკეთესო ქვეყანაში, ხოლო ამ სამ ქვეყანას, საქართველოს, ლატვიასა და მალტას შორის ჩვენ გამოგვარჩიეს და IHF პრეზიდენტმა დოქტორმა ჰასან მუსტაფამ სპეციალური დიპლომიც გადმოგვცა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ყოველმხრიც ეხმარება განვითარებად ქვეყნებს. ამჯერად გადმოგვეცა 200 ბურთი და ადიდასის ფორმის სრული კომპლექტი ორი გუნდისთვის.

ქეთევან კობერიძე: – რაც შეეხება ახალ ტურნირს, IHF თასს, საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა მონაწილეთა რაოდენობა რვიდან თექვსმეტამდე გაზარდოს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 2015 წლის ევროპული ზონის შეჯიბრება, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამ დღეებში უნდა შევავსოთ შესაბამისი აპლიკაცია და უნდა მოვხვდეთ მასპინძლობის კანდიდატთა შორის. ტურნირის მონაწილეთა ასაკი 21 წლამდეა.

ზურაბ კაკაბაძე: – მიტინგის გარდა, გვქონდა საქმიანი შეხვედრა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჰასან მუსტაფასთან. საუბარი იყო 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს. შეხვედრას ესწრებოდნენ IHF საშეჯიბრო და მარჯეტინგის კომიტეტების თავმჯდომარეები.

IHF ყოველმხრივ დახმარებას გვპირდება. დაიწყება შეჯიბრების მომსახურე პერსონალის მომზადება. ჩვენ ამ მხრივ საკმაო გამოცდილება გვექნება დაგროვილი 2015 წლის ევროპის ახალგაზდრობის ოლიმპიური ფესტივალის გამართვის შემდეგ, მაგრამ 2017 წლის შეჯიბრება ბევრად უფრო დიდია – იქ 24 გუნდი მონაწილეობს და 100 მატჩი უნდა გაიმართოს. პრეზიდენტმა იქვე დაავალა ორივე კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

გადაწყდა, რომ ჰასან მუსტაფა გვეწვევა 2015 წლის აპრილში. ამ ვიზიტის დროს გაფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება საერთაშორისო და საქართველოს ხელბურთის ფედერაციებს შორის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის შესახებ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა დეტალი.

Leave a Reply