შოთა თევზაძე: იტალია და ლუქსემბურგი უნდა გავიაროთ!
შემოდგომაზე ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩაებმება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპში, სადაც გუნდის მეტოქეები იტალია და ლუქსემბურგი იქნებიან, მომდევნო რაუნდში კი მხოლოდ საუკეთესო გავა. გადავწყვიტეთ, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ხელბურთელებს გავესაუბროთ. პირველი რესპონდენტი ნაკრების 35 წლის მეკარე და კაპიტანი შოთა თევზაძეა, რომელსაც ვენაში გამართული შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც გავესაუბრეთ.
– შოთა, სულ თავიდან დავიწყოთ… თქვენი დაბადების თარიღი, ადგილი, როდის დაიწყეთ ხელბურთის თამაში?
– 1981 წლის 21 თებერვალს დავიბადე თბილისში. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ჩემი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის, გოგი მაღლაფერიძის თხოვნით, გლდანის სპორტსკოლაში, ხელბურთზე შევედი. ჩვენი მეზობელი საფეხბურთო სკოლა «ავაზას» მეკარე იყო და მამაჩემს ეხვეწებოდა, ფეხბურთზე შევეყვანე. თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევანი მაინც ხელბურთზე შევაჩერე. სიმართლე გითხრათ, სპორტზე ჩემს მისვლას მშობლები თავიდან ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ამის გამო სწავლას ნაკლებ ყურადღებას დავუთმობდი.
– თქვენი პირველი გუნდი რომელი იყო?
– ჯერ «მართვე» და მერე «შევარდენი», სადაც პირველად გავხდი საქართველოს ჩემპიონი. იმ გუნდის ხელბურთელთა 80 პროცენტი ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და მიწევდა ჩემზე 7-8 წლით უფროსი ასაკის სპორტსმენების მხარდამხარ ვარჯიში, რითაც უდიდესი გამოცდილება მივიღე. არ მინდა ვინმეს გამორჩევა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ როლანდ ერაძესთან ერთ გუნდში თამაში ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო და მისგან მიღებული რჩევები კარიერის განმავლობაში არაერთხელ გამომდგომია.
– თავიდანვე მეკარედ თამაშობდით?
– არა, თავიდან ინსაიდის პოზიციაზე ვიყავი, შემდეგ კი, ერთ-ერთი სპარინგის დროს, მეკარე დაგვიშავდა და კარში ჩადგომა მომიწია. დაკისრებულ მოვალეობას თავი საკმაოდ კარგად გავართვი და მას შემდეგ მეკარე ვარ.
– გადავიდეთ მთავარ თემაზე – როგორც ჩვენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი, რამდენად კმაყოფილი დარჩით წილისყრის შედეგებით?
– ჩემი აზრით, საკმაოდ კარგ ჯგუფში მოვხვდით და დასახული მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. იტალიას 2012 წელს ვეთამაშეთ და მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით დავმარცხდით. ასევე გვაქვს ლუქსემბურგთან ასპარეზობის გამოცდილებაც – ერთ-ერთ წინა შესარჩევ ციკლში ამ ქვეყნის ნაკრებთან ორი მატჩი გავმართეთ, საიდანაც ერთი მოვიგეთ, ერთშიც დავმარცხდით. იტალიელთა მთავარი პლუსი ის არის, რომ მათი ნაკრების ძირითადი ბირთვი ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის და შეთამაშების თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ასე მგონია და ბევრი დამეთანხმება, რომ სათანადო მონდომებისა და წამყვანი ხელბურთელების მწყობრში ყოფნის შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებს სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლია.
– რა იქნება ჩვენი გუნდის პლუსები და მინუსები?
– პლუსი იქნება გუნდური თამაში, რაც საქართველოს ნაკრებს მუდამ ახასიათებს და ეს განსაკუთრებით საშინაო მატჩებში იგრძნობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ყველა ის ხელბურთელი, რომელიც ეროვნული ნაკრების განუყოფელ ნაწილად ითვლება, სათანადო მზადყოფნაში იქნება, ნამდვილად შევძლებთ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას. ვიცი, რომ ვლადიმერ რუსიას ოჯახური პრობლემები აქვს, მაგრამ იმედია ნაკრების მატჩებამდე ყველა დაბრკოლებას გადალახავს და მნიშვნელოვან თამაშებს კარგ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში შეხვდება.
– რამდენად კარგად და გეგმაზომიერად ვითარდება ხელბურთი საქართველოში?
– ვაკვირდები ბოლოდროინდელ მოვლენებს და მინდა აღვნიშნო, რომ ფედერაცია ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა სპორტის ეს სახეობა საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს. შეიქმნა გოგონათა ნაკრები, რომელიც თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალზეც კარგად გამოიყურებოდა, მარტში თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში კი უდიდეს წარმატებას მიაღწია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვაჟთა გუნდი მსგავსი წარმატებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინიც შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას. ხშირად მიფიქრია, რატომ ვერ მოახერხეს მათ გოგონების მსგავსად გულშემატკივრებისთვის თავის მოწონება და ზუსტ მიზეზს ვერ ვპოულობ. შესაძლოა არ შეუძლიათ ამხელა პასუხისმგებლობის აღება, შესაძლოა ფედერაციის ხელმძღვანელებს მათზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ, ან შესაძლოა სულაც ხელშეწყობა, ზრუნვა და სათანადო შეკრებების მოწყობა მათზე უარყოფითად მოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბიჭებმა მაღალ დონეზე თამაში აუცილებლად და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ, რადგან სწორედ მათ მოუწევთ უახლოეს მომავალში ეროვნულ ნაკრებში იმ ხელბურთელების შეცვლა, რომლებიც უკვე ვეტერანები არიან და უახლოეს მომავალში სანაკრებო კარიერას დაასრულებენ.
– რომელ ხელბურთელებს გამოარჩევდით როგორც გოგონათა, ისევე ვაჟთა ნაკრებიდან?
– გოგონათა ნაკრების მთავარი მახასიათებელი ვაჟკაცური, გულიანი თამაშია. მარტში გამართულ ტურნირს რომ ვუყურებდი, სიამაყით ვივსებოდი. გუნდს აშკარად ეტყობოდა მთავარი მწვრთნელის ხელი, რადგან ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე იყო დაყვანილი და ტექნიკური წუნი პრაქტიკულად არ იგრძნობოდა. ძალიან მომწონს თამარ ჩოგოვაძის თამაში, ისე კი აშკარად შეიმჩნევა, რომ ორივე მეკარე გუნდის ნამდვილი ლიდერია. რაც შეეხება ბიჭებს, კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ – ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მონდომების შემთხვევაში, დიდი ხელბურთის თამაში ყველას შეუძლია.
– გადავიდეთ საკლუბო ხელბურთზე… რამდენად მოგეწონათ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშება და რამდენად დამსახურებულად მიგაჩნიათ პოლონეთის ჩემპიონის, «კელცეს» გამარჯვება?
– უნდა ითქვას, რომ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი და ოთხთა ფინალი უკანასკნელ წლებში ნამდვილ სანახაობად იქცა და სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს მოსაწყენად არ გვცალია. პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო «ბარსელონას» წარუმატებლობა, რომელიც თუ არ ვცდები ზედიზედ ათი წელი ნახევარფინალში სტაბილურად გადიოდა, წელს კი ამის მიღწევა ვერ შეძლო. ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ვთვლიდი არაბული ფულებით მოძლიერებულ პსჟ-ს, რომელსაც განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. რაც შეეხება «კელცეს», ვფიქრობ ამ გუნდის გამარჯვება სრულიად კანონზომიერია, რაშიც უმთავრესი წვლილი მთავარ მწვრთნელ ტალანტ დუშებაევს მიუძღვის. დუშენბაევი ყირგიზი სპეციალისტია, რომელიც სხვათა შორის, პირველი მწვრთნელი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამუშაოდ საზღვარგარეთ, კერძოდ კი ესპანეთში წავიდა.
– თქვენს საკლუბო კარიერასაც შევეხოთ… გასული სეზონი «რეშიცაში» ითამაშეთ. რამდენად მაღალი დონისაა რუმინეთის ჩემპიონატი?
– საკმაოდ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთისა და დანიის ჩემპიონატების შემდეგ, ევროპაში დონით ნომერ მეხუთე პირველობაა. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ კლუბს, გასულ წლებში «რეშიცამ» ევროპული ჩელენჯ კაპი 2007-09 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგო და თასი სამუდამო მფლობელობაში გადაეცა, პირადად მე დსა ვოვა რუსიამ კი კი ეს ტურნირი «ოდორჰეიში» თამაშის დროს მოვიგეთ.
– კლუბს შეძლებული პრეზიდენტი ჰყავს?
– ადრე «რეშიცას» მთავარი სპონსორი იყო ტრანსფორმატორების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმა, ახლა კი გუნდის ხელმძღვანელებმა სასპონსორო ხელშეკრულება ცნობილ კომპანია «ვოდაფონთან» გააფორმეს. გასულ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვე ადგილზე გავედით და პლეი-აუტში თამაში საერთოდ არ მოგვიწია. «რეშიცა» ძირითადად ახალგაზრდა ხელბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია – ჩემი და მიხეილ როგოზნიოვის გარდა ყველა სპორტსმენი 30 წელზე უმცროსია, თუმცა, კლუბის შეფები მომავალი სეზონისთვის გამალებით ემზადებიან და რამდენიმე ძლიერი ხელბურთელის დამატებას აპირებენ.
– ესე იგი, მომავალ სეზონშიც «რეშიცაში» აპირებთ დარჩენას?
– ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გუნდთან კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბოლომდე ვაპირებ.
– უკვე 35 წლის ხართ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობთ?
– რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ერთი რამ გადაჭრით შემიძლია გითხრათ – ნაკრებში თამაშზე უარს არასოდეს ვიტყვი და სანამ კლუბში ვიასპარეზებ, სანაკრებო კარიერას არ დავასრულებ, თუ რაღა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელი ჩემს გამოძახებას საჭიროდ ჩათვლის. ეროვნული ნაკრები ჩემთვის იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ თუ შემეძლება, აუცილებლად დავეხმარები და აქ სათამაშოდ ჩამოსვლა არასოდეს დამეზარება.
– კარიერის დასრულების შემდეგ რას აპირებთ?
– მაგაზე სერიოზულად ჯერ არ მიფიქრია. ალბათ სამშობლოში დავბრუნდები, მეკარეების მწვრთნელობას დავიწყებ და საკუთარ გამოცდილებას პატარა ხელბურთელებს გავუზიარებ.
ესაუბრა დათო კაპიტანოვი
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები
პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016 – იანვარი 2017
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
2-6 ნოემბერი. იტალია-საქართველო, საქართველო-იტალია
4-8 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი-საქართველო
11-15 იანვარი. ლუქსემბრურგი-იტალია, იტალია-ლუქსემბურგი
თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე.
დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.
მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.