EHF-ის ესპანელმა ექსპერტმა ქართველ მწვრთნელებს თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა
ქართული ხელბურთის განვითარებისთვის მორიგი ნაბიჯი გადაიდგა. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ევროპის ხელბურთის ფედერაციას (EHF) შორის გაფორმებულ, „მასტერპლანის“ სახელით ცნობილ ხელშეკრულებაზე.
ერთგვარი სამოქმედო გეგმა, გნებავთ, ხელშეკრულება ითვალისწინებს მწვრთნელთა მომზადებას. ამ მიზნით საქართველოში მოწვეული იყო EHF-ის ექსპერტი და ანალიტიკოსი, ესპანეთისა და ეგვიპტის ნაკრებების მთავარი მწვრთნელის ყოფილი თანაშემწე ოსკარ გუტიერესი.
ესპანელმა სპეციალისტმა, რომელსაც დახმარებას უწევდა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი გიორგი გვაზავა, საქართველოში ორი დღე დაჰყო და ქართველ მწვრთნელებს დაცვით სათამაშო სისტემაზე თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა.

მწვრთნელების მომზადების პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ასაკობრივი ნაკრებების, ისე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მწვრთნელები.
ესპანელი სპეციალისტის სავარჯიშო პროცესს დაესწრნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე, ჭაბუკ ხელბურთელთა განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ბექა ორჯონიკიძე და საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელი ქეთევან კობერიძე.

ცნობისთვის, ასევე განიხილება სხვა სპეციალისტების საქართველოში მოწვევა, რომლებიც, დაცვის გარდა, სხვა სათამაშო სისტემების დახვეწაში დაეხმარებიან ქართველ მწვრთნელებს.
