20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
პრიშტინაში (კოსოვო) მიმდინარე EHF-ის ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის მეოთხე შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა.
ბალტიისპირელებთან მატჩში საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო, თუმცა თამაშში დარჩენას ოთხ-ხუთბურთიანი ჩამორჩენით ასე თუ ისე მაინც ახერხებდა. მეორე ტაიმის შუაწლიდან კი მეტოქემ სრულად იგდო ხელთ სადავეები და საქმე დამაჯერებელ გამარჯვებამდე, 31:23 მიიყვანა.
ესტონელებთან შეხვედრაში შედეგიანობით გამორჩეული იყო ალექსანდრე შიოშვილი, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა. ჩვენი გუნდიდან ოთხი ბურთით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი გიორგიკაპანაძეს ჰქონდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი საქართველოს ნაკრების მეკარე საბა დიასამიძე აღიარეს, რომელმაც მოგერიებების გარდა, მეტოქისთვის ერთი გოლის გატანაც შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ამავე ტურნირზე, სადაც საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა, ჩვენმა გუნდმა წინასწარ ეტაპზე ესტონეთთან ფრე, 26:26 ითამაშა.
18 ივლისს ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ტურნირის ლიდერს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
ვაჟთა შორის 20-წლამდელთა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 20 EHF Championship), რომელსაც პრიშტინა (კოსოვო) მასპინძლობს, საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ნაკრებია წარმოდგენილი: მონტენეგრო, იტალია, ესტონეთი, ნიდერლანდები და მასპინძელი კოსოვო.
ტურნირი წრიული სისტემით მიმდინარეობს, სადაც ექვსივე მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ დაუპირისპირდება.
ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს;
მესამე და მეოთხე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ;
მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე გასული ნაკრებები კი მე-5 და მე-6 ადგილებს გაინაწილებენ.
საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე (1), თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (5), ვახტანგ ხარებაშვილი (2), ნიკოლოზ ბიბლაია (2), გიორგი კაპანაძე (4), ნიკოლოზ ნარიმანიძე, ნიკოლოზ მამულაშვილი (3), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე (3), გიორგი მაზანიშვილი, დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (3), ანდრია ბურჯალიანი.
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელები: გიორგი კობელაშვილი, ალექსანდრე ჯღამაძე



















