ცხოვრებაძემ პირველ გუნდში ითამაშა  

საფრანგეთში ხელბურთის საკლუბო სეზონი 6 თებერვალს განახლდება. ამ დღე გიორგი ცხოვრებაძის გუნდი მონპელიე ქვეყნის თასზე ეთამაშება ისტრს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი ეწყება. 17 წლის ცხოვრებაძემ ძირითად გუნდში უკვე ითამაშა ერთი ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონპელიემ დაამარცხა შამბერი, 33-29.

გიორგი ცხოვრებაძე: – ნაკრებიდან მონპელიეში დაბრუნების შემდეგ ჯერ მეორე გუნდის შემადგენლობაში ვითამაშე ნიმის წინააღმდეგ და 5 გოლი გავიტანე. შემდეგ ისევ მეორე გუნდში მქონდა მატჩი ბანიოლთან და 10 გოლი შევაგდე, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს პერსონალურად ვყავდი აყვანილი.

ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა ამ დროს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. შემდეგ იყო ძირითადი გუნდის თამაში შამბერისთან – ამ შეხვედრაში დიდი ხანი არ მითამაშია, ერთხელ დავარტყი კარში და ერთი საგოლე პასი მივაწოდე პარტნიორს. ამის შემდეგაც ძირითად გუნდთან ვემზადებოდი ექსთან თამაშისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვარჯიშზე თანაგუნდელის ფეხი მომხვდა ბარძაყის კუნთში და ერთკვირიანი დასვენება გამომიწერეს. ჯერჯერობით მხოლოდ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ მსუბუქად. 6 თებერვალს თასის თამაში გვაქვს ისტრთან, შემდეგ, ცხრაში – ჩემპიონთა ლიგის მატჩი მეშკოვ ბრესტთან და 13 თებერვალს იწყება ლიდლ სტარლიგა, ანუ საფრანგეთის ჩემპიონატი სადაც ისევ ისტრს ვეთამაშებით.

ამხანაგური მატჩი. მონპელიე-შამბერი 33-29. მონპელიე: პიერი 7/21, პორტნერი 3/18 – ბონფონი 9/6, ბოსი 9/6, ვილმინო 5/5, აფგური 3/3, კოსი 4/3, სიმონეტი 4/3, ფოსტენი 5/3, კავტიჩნიკი 6/3, ტრუხანოვიჩუსი 4/1, გირადუ 1/0, ცხოვრებაძე 1/0

ვიდეო. ცხოვრებაძის 20 გოლი ბელარუსთან, 2018: https://www.youtube.com/watch?v=4SJ18Wuiotc

Leave a Reply