ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის სამძიმარი

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის (1939-2019) ნეკროლოგი, რომელშიც ფედერაციის პრეზიდენტი, ჰასან მუსტაფა სამძიმარს უცხადებს ყველა ქართველ ხელბურთელს.

გარდაიცვალა ჯემალ ცერცვაძე

http://www.ihf.info/en-us/mediacentre/news/newsdetails.aspx?ID=6351

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დიდი მწუხარებით შეიტყო, რომ 79 წლისა გარდაიცვალა ჯემალ ცერცვაძე. ის იყო დიდი ქართველი ხელბურთელი, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

ჯემალ ცერცვაძე დაიბადა 1939 წელს. ის საკლუბო დონეზე თამაშობდა თბილისის „ქარიშხალაში“ (1958-1975) და ორჯერ (1962, 1964) გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. აგრეთვე მან ორჯერ მოიპოვა ყველაზე ტექნიკური მოთამაშის წოდება. საერთაშორისო დონეზე კი ის 1959-1972 წლებში გამოდიოდა  საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომლის მაისურითაც 78 შეხვედრაში 276 გოლი შეაგდო. ცერცვაძე სამჯერ შეიყვანეს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

შვედეთში, 1967 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მას ფენომენალური ტექნიკისა და ბურთის ფლობის წარმოუდგენელი უნარის გამო „ხელბურთის ჯადოქარი“ შეარქვეს.

1980 წელს მან დააარსა თავისი სახელობის „ოლიმპიური რეზერვების სპეციალიზირებული სახელბურთო სკოლა“ და საქართველოსა და მსოფლიოში ხელბურთის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო საქართველოს ხელისუფლებამ ჯემალ ცერცვაძე „ღირსების ორდენითა“ და „სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და მთელი სახელბურთო ოჯახის სახელით პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა ღრმა სამძიმარს უცხადებს ჯემალ ცერცვაძის ოჯახსა და მეგობრებს, საქართველოს ხელბურთის ფედერაციას და საქართველოში ხელბურთთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს.

Leave a Reply