26/01/15 კაცია ლიხტლაინი?

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. გერმანიამ მეკარე კარსტენ ლიხტლაინის არაადამიანური თამაშით 23-16 მოუგო ეგვიპტეს, ხოლო შვედეთი დამარცხდა პოლონეთთან – 20-24. 22 საათზე ბოლო ორი თამაშია – საფრანგეთი-არგენტინა და დანია-ისლანდია.

 

ჩვენ, ანუ მე და ლელოს მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე, ისევ ლუსაილ არენაზე ვართ. გუშინ დარბაზი სწორად ვერ ავირჩიეთ. ალ სადში ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა, ლუსაილში კი ტუნისმა გვიმტყუნა. ვნახოთ, დღეს ეგვიპტე რას იზამს გერმანიასთან. არონ პალმარსონი ისევ არაა ისლანდიის განაცხადში დანიის წინააღმდეგ. ალ სადში შვედეთი-პოლონეთი და საფრანგეთი-არგენტინა ითამაშებენ.

 

გერმანელების ისლანდიელი მწვრთნელი დაგურ სიგურდსონი თავის ყოფილ გუნდს, ეგვიპტეს დაუპირისპირდება და დანია-ისლანდიაც ისლანდიელ მწვრთნელთა ორთაბრძოლაა. დანიელთა ახლანდელი მენეჯერი გუდმუნდურ გუდმუნდსონი ისლანდიის ნაკრების ყველაზე დიდი წარმატების შემოქმედია – 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლების. სხვათა შორის, ამ გუნდში თამაშის შანსი როლანდ ერაძესაც ჰქონდა. როლანდი ისლანდიის გუნდის ძირითადი მეკარე იყო 2004 წლის ოლიმპიადაზე, ოთხი წლის შემდეგ კი უკვე კარიერას ასრულებდა, როცა გუდმუნდსონმა ნაკრებში მიიწვია – პირველი არ ვიცი, მაგრამ მეორე მეკარე ნამდვილად იქნებიო. მხრის ტრავმა მქონდა, ოპერაცია მჭირდებოდა და აღარ გავრისკეო. – ასე იხსენებს იმ პერიოდს ერაძე, რომელიც დღეს საქართველოს გოგონათა ნაკრების მწვრთნელია და ამ დღეებში გუნდი ბელარუსში მიჰყავს შეკრებაზე.

 

გერმანელები უკვე მოთელვაზე არიან. დარჩა ნახევარი საათი. ყველაზე ცოტა მაყურებელი აქ მაშინაა, როცა ორი ევროპული გუნდი თამაშობს, მაგრამ, ქომაგებმა თითო ტრიბუნაც რომ გაავსონ, უმაყურებლობა არ იგრძნობა, იმხელა ხმაურია. ეგვიპტელები ალ სადის დარბაზის ზედა იარუსს ავსებდნენ ხოლმე, ახლა კი პატარა ჯგუფებად არიან გაფანტულნი მთელ დარბაზში და თავის გუნდს ყიჟინით დახვდნენ. ესეიგი, ხმაური გარანტირებული გვაქვს. ერთი სექტორიც გერმანელებს უჭირავთ. გამარჯვებულს მეოთხედფინალში ყატარის გუნდი ელის.

 

გერმანია იწყებს 5-1 დაცვით და ეგვიპტე უფრო აქტიურ 4-2 იყენებს. პირველი გოლი გააქვს ვაინჰოლდს მეხუთე წუთზე, ეგვიპტელები ჯერჯერობით ყველაფერს ცაცია კუთხე მოჰამედ ამერზე ათამაშებენ, მას კი 4 ცდიდან მხოლოდ ერთხელ გააქვს ლიხტლაინის კარში და შვიდმეტრიანსაც ვერ იყენებს. ამასობაში პივოტი ვინჩეკი მირბის სწრაფ შეტევაში, მერე თანაგუნელები გრიოცკის ზედიზედ სამჯერ შეახტუნებენ თავისი კუთხიდან ექვსმეტრიან ზონაში – 6-3 მეათე წუთზე და ეგვიპტელთა საუკეთესო ბომბარდირი, ცაცია ინსაიდი აჰმედ ელაჰმარი სასწრაფოდ ხურდება.

 

ეგვიპტეს მეტობა აქვს, ლიხტლაინი იგერიებს ჰაშემის დარტყმას 6 მეტრიდან და გრიოცკის გარღვევაში უშვებს – 7-3, მარვან რაგაბი იღებს ტაიმაუტს. გერმანია ჯერჯერობით მხოლოდ 8 კაცით თამაშობს – პეკელერი შემოდის დაცვაში შტრობელის ნაცვლად. ეგვიპტელები უფრო ხშირად იცვლებიან. 10-5 მეოცე წუთზე, ნეტავ რამდენი პროცენტი აქვს ლიხტლაინს? ოციდან 12 მოგერიება პირველ ტაიმში, 60%, მათ შორის – ოთხიდან სამი შვიდმეტრიანი! 12-8. ეგვიპტეს არცერთი სწრაფი შეტევა არ ჰქონია, გერმანიას 3 გოლი აქვს ამ ხერხით გატანილი და იყო მომენტები, როცა პოზიციურ თამაშშიც თავისუფლად აპამპულებდნენ ეგვიპტელთა აქტიურ დაცვას. შორიდან გერმანიას მხოლოდ ერთი გოლი აქვს, ხოლო მაყურებელს რაც შეეხება, ეგვიპტელები და ყატარელები უცნაური ხალხია – დაწყებისას დარბაზი თითქოს ცარიელია, ტაიმის შუაში აიხედავ და შევსებულა. ქვედა იარუსი – სადღაც 10 000.

 

პოლონეთი 8-5 უგებდა შვედეთს, მაგრამ შესვენებაზე ანგარიშია 11-10, წინ შვედები არიან. ლუსაილში მეორე ტაიმი დაიწყო, 8 წუთი გავიდა და კარსტენ ლიხტლაინი ისევ არ აპირებს გაშვებას – 17-8. მეკარე საკმაოდ ექსცენტრიული ტიპია. როდესაც მეცხრე გოლს გაუტანენ, სადღაც 40-ე წუთზე, ძალიან უკმაყოფილო სახით მიდის თავის კოლეგა ჰაინეფეტერთან და რაღაცას უხსნის. 19-11, 46 წუთია, აქ ყველაფერი გარკვეულია და დროა მედიაცენტრის მონიტორს მივაშურო. იქ 12 წუთი დარჩა და პოლონეთი 18-16 უგებს შვედეთს.

 

პოლონეთს ძალიან ძლიერი უკანა ხაზი ჰყავს, შეიძლება, მსოფლიოში საუკეთესოც, თუმცა, საკმაოდ ასაკოვანი. მგრამ, ხელბურთში ასაკი არაფერს რომ არ ნიშნავს და პირიქით, 30 წელს გადაცილებული ხალხის სპორტია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თამაშის ბოლო 10 წუთში, რისი ნახვაც მოვასწარი, პოლონეთი 2 ბურთით ლიდერობდა, შვედეთი კი ცაიტნოტში იყო, კიმ ანდერსონიც აკლდა, ცოდვილობდა, შანსებს ეძებდა, ბოლოს რიცხობრივ ნაკლებობაში თამაშობდა, მაინც იბრძოდა, მაგრამ დამარცხდა – 20-24. ასე თვალსა და ხელს შუა გაექცა თამაში ერთ-ერთ ფავორიტს – პირველი სამი მოგების შემდეგ ჯერ წაბორძიკდა ეგვიპტესთნ (ფრე), შემდეგ ბოლო წუთებზე წააგო თამაში საფრანგეთთან, რომელშც უმეტესი დრო ლიდერობდა და ახლა კი შინ მიემგზავრება.

 

ლიხტლაინის სრული სტატისტიკა კი ასეთია: 36 დარტყმიდან 20 მოგერიება: 6 მეტრიდან 7/6, კუთხიდან 4/2, შვიდმეტრიანიდან 5/3, ცხრა მეტრიდან 9/4, სწრაფი გარღვევიდან 4/3, ძალისმიერი გარღვევიდან 7/2.

 

პოლონეთი მეოთხედფინალში შეხვდება ხორვატიას, გერმანია – ეგვიპტეს, სამ საათში კი მეოთხედფინალის ყველა წყვილი გვეცოდინება.

 

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი: http://www.qatar2015live.com/watch-live

 

მერვედფინალი. 26 იანვარი.

ლუსაილი. გერმანია – ეგვიპტე 23-16

გერ: ლიხტლაინი 20/36-56% – გენსჰაიმერი 9/6, გრიოცკი 5/5, ვაინჰოლდი 6/3, შტრობელი 6/3, ვინჩეკი 2/2, ზელინი 1/1, კრაუსი 2/1, შონგარტი 2/1, დრუქსი 3/1, პეკელერი 1/0, მუშე 1/0, მიულერი, შმიდტი, კნეერი,

ეგვ: ჰანდავი 8/26, ბაქირი 1/3, ხალილი 1/4 – ისსა 8/4, ელაჰმარი 12/4, ალი მოჰამედი 6/3, ჰაშემი 6/2, ელდერაა 2/1, ამერი 4/1, აბუ ებედი 4/, ელბასიუნი 1/0, რადვანი 3/0, აბდელრაჰმანი 4/0, ნავარი, ელ მასრი, ელ ვაკილი

 

ალ სადი. პოლონეთი – შვედეთი 24-20

პოლ: შმალი 12/32-38% – ბ. იურეცკი 5/5, მ. იურეცკი 8/5, დაშეკი 7/4, ვიშნევსკი 3/3, ბელეცკი 5/3, იურკევიჩი 3/2, სიპრჟაკი 2/1, როევსკი 6/1+5 პასი, შიბა 1/0, კრაევსკი 2/0, გრაბარჩიკი, ხრაპკოვსკი

შვდ: მ. ანდერსონი 10/33, შოსტრანდი 0/1 – პეტერსენი 8/5, კალმანი 8/4, ოლსონი 5/3, ა. ნილსონი 3/2, ეკბერგი 4/2, ოსტლუნდი 5/2, ლ. კარლსონი 3/1, ზახრისონი 4/1, ფალგრენი 1/0, პერსონი 2/0, ტ. კარლსონი. ე. ნილსენი

 

22:00 ისლანდია – დანია, საფრანგეთი – არგენტინა

 

გუშინ: ავსტრია – ყატარი 27-29

სლოვენია – მაკედონია 30-28

ესპანეთი – ტუნისი 28-20

ხორვატია – ბრაზილია 26-25

 

მეოთხედფინალი, 28 იანვარი

(დაწყების დრო და ადგილი გამოცხადდება)

ხორვატია – პოლონეთი

სლოვენია – საფ/არგ

ისლ/დან – ესპანეთი

ყატარი – გერმანია

 

პრეზიდენტის თასი (3)

26 იანვარი, ნახევარფინალი

21-24 ადგილები

ჩილე-ირანი 31-32

ალჟირი-საუდეთი 25-27

17-20 ადგილები

ბელარუსი-ბოსნია 37-29

ჩეხეთი-რუსეთი 32-30

27 იანვარი, ფინალი

14:00. 23-24 ადგილები. ჩილე-ალჟირი

16:00. 21-22 ადგილები. ირანი-საუდეთი

18:00. 19-20 ადგილები. ბოსნია-რუსეთი

20:00 17-18 ადგილები. ბელარუსი-ჩეხეთი

Leave a Reply