29/03/15 თბილისი 2015: შემადგენლობა დადგინდა

საბოლოოდ გაირკვა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირის მონაწილეთა ვინაობა. ვაჟთა ტურნირში ესპანეთის ნაცვლად შვეიცარიის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ითამაშებს.

 

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ თბილისი 2015 ტურნირის 7-7 მონაწილე სპეციალური რეიტინგის მიხედვით შეარჩია: გათვალისწინებული იქნა 2014 წლის 18-წლამდელთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შედეგები. შესაბამისად, თბილისში ჩამოვა ყველა უძლიერესი ქვეყანა, გარდა ესპანეთისა, რომელსაც პირველი სარეზერვო გუნდი, შვეიცარიის ნაკრები შეცვლის. 

 

მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობა ასეთია. ვაჟების ტურნირი: საფრანგეთი, უნგრეთი, დანია, სლოვენია, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, საქართველო. გოგონები: რუსეთი, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, რუმინეთი, გერმანია, მონტენეგრო, საქართველო. 8-8 გუნდი ორ-ორ ქვეჯგუფად დაიყოფა, ორ-ორი გამარჯვებული მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენები 5-8 ადგილებისთვის ითამაშებენ.

 

წილისყრა 24 აპრილს გაიმართება თბილისში. პროცედურა ასეთია: გუნდები, რეიტინგის მიხედვით, ოთხ კალათად განაწილდებიან. ჭაბუკები, 1 კალათა: საფრანგეთი/უნგრეთი, 2. დანია/სლოვენია, 3. ნორვეგია/შვედეთი, 4. შვეიცარია/საქართველო. გოგონები: 1. რუსეთი/დანია, 2. ნორვეგი/ჩეხეთი, 3. რუმინეთი/გერმანია 4. მონტენეგრო/საქართველო.

 

მას შემდეგ რაც პირველი სამი კალათიდან გუნდები ჯგუფებში განაწილდება, საქართველოს ხელბურთის ფედერაციას, როგორც მასპინძელს, აქვს ჯგუფის ამორჩევის უფლება.


შეჯიბრების ჯგუფური ეტაპი 27, 28 და 29 ივლისს გაიმართება, 30 ივლისს დასვენების დღეა, 31 ივლისს – ნახევარფინალია, 1 აგვისტოს – ფინალები. შეჯიბრება უნდა გაიმართოს ახალ სპორტის სასახლეში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.


მომავალი მეტოქეებიდან საქართველოს გოგონათა ნაკრებს უთამაშია ნორვეგიასთან – ამას წინათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, ქუთაისში (20-41). ნორვეგიელები იმავე გუნდით ჩამოვლენ თბილისში, რომლითაც ითამაშებენ 13-23 აგვისტოს, მაკედონიაში, ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატზე გამოვა თბილისის ტურნირის 6 მონაწილე – კვალიფიკაცია მხოლოდ მონტენეგრომ და საქართველომ ვერ გაიარეს.

 

ჭაბუკთა ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატი არ იმართება – ყველა გუნდისთვის თბილისი 2015 პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება იქნება. მომავალი მეტოქეებიდან ქართველმა ჭაბუკებმა ახლახან ითამაშებს სლოვენიასთან (20-27), ხოლო შვედეთის გუნდს აპრილის ბოლოში შეხვდებიან საერთაშორისო ტურნირზე ლატვიაში, სადაც ითამაშებენ ლატვია, ლიტვა, შვედეთი და საქართველო.

Leave a Reply