26/04/14 ბაკეუ რუმინეთის ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ხელბურთელების, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი, შტიინცა ბაკეუ რუმინეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. პლეიოფის სტადიაზე ბაკეუმ ორჯერ დაამარცხა ტარგუ ჟიუს ენერგია პანდური – 40:34, 36:25 და სერია 2-0 მოიგო.

ფინალში სამი გუნდი ითამაშებს ორწრიან ტურნირს. ჯერჯერობით ბუქარესტის დინამო 1-0 უგებს პოტაისა ტურდას, ხოლო კონსტანცასა და ოდორჰეის სერია ჯერ არ დაუწყიათ. რაც შეეხება პლეიოფს, ორივე მატჩი ითამაშა ვლადიმერ რუსიამ. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ შეხვედრაში 2, ხოლო მეორეში 4 გოლი გაიტანა. შოთა თევზაძე ბაკეუს კარში პირველ მატჩში იდგა,

რუმინეთში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, პოლი ტიმიშოარა რეგულარული სეზონის შედეგების მიხედვით 7-12 ადგილებისთვის იბრძვის. ტიმიშოარამ პირველი მატჩი მოუგო კარას სევერინს – 27:19 (ჩიქოვანმა ერთი გოლი გაიტანა) და თუ მეორეშიც იმარჯვა, მაშინ 7-9 ადგილებისთვის ითამაშებს.

მაკედონიის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულს 4 მატჩიდან 3 მოგებით რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ სტრუმიცა ლიდერობს, თუმცა, პოტენციური ლიდერები არიან ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ორი კლუბი, მეტალურგი და ვარდარი – მეტალურგმა სამივე თამაში მოიგო, ვარდარმა – ორი. ბოლო ტურში სტრუმიცა სწორედ მეტალურგთან დამარცხდა – 20:25, ხოლო ჭანტურიამ 2 გოლი გაიტანა.

ფოტო: ვლადიმერ რუსია პლეიოფის მეორე მატჩში

Leave a Reply