22/03/14 ევროპის ჩემპიონატი 24 გუნდამდე ფართოვდება
ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2020 ან 2022 წლიდან ევროპის კაცთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 ქვეყანა ითამაშებს.
გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს სექტემბერში, EHF დუბლინის კონგრესზე, სადაც აირჩევენ კიდეც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას. კანდიდატი სამია – ავსტრია, ნორვეგია და შვედეთი. თუ გამარჯვებულ ქვეყანას აღმოაჩნდება რესურსი 24-გუნდიანი ტურნირის მოსაწყობად, მაშინ ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით უკვე 2020 წლიდან გაიმართება, თუ არადა – 2022 წლიდან.
იცვლება ჩემპიონთა ლიგის ფორმატიც. ჯგუფურ ეტაპზე 28 გუნდი ითამაშებს. ორ, A და B ჯგუფში 8-8 გუნდი იქნება. ამ ორი ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მეოთხედფინალში, ხოლო 2-6 ადგილებზე გასულები (10 გუნდი) – პირველ ნოკაუტ-სტადიაზე, რომელშიც სულ 12 გუნდი ითამაშებს.
დანარჩენი 2 გუნდი შეირჩევა C და D ჯგუფებიდან, რომლებშიც 6-6 გუნდი იქნება. 2-2 გამარჯვებული გავა წინასწარ პლეიოფში, რომლის მოგებულები ითამაშებენ პირველ ნოკაუტ-სტადიაზე, ანუ, ფაქტიურად, მერვედფინალში.
რაც შეეხება დასკვნით ეტაპს, ფინალურ ოთხეულს, მისი ჩატარების წესი უცვლელი რჩება.
ქალთა შორის ახალი ფორმატი უკვე 2014-15 წლების ჩემპიონთა ლიგიდან ამოქმედდება, ხოლო კაცებში – 2015-16 სეზონიდან.