20/12/14 ზედიზედ მეორე ფრე აზერბაიჯანთან
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი ითამაშა ფრედ თბილისში სტუმრად მყოფ აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებთან – 27:27. მესამე თამაში კვირას, 20 საათზე გაიმართება გლდანის ხელბურთის აკადემიაში.
მეორე შეხვედრის სიუჟეტი ბევრად უფრო დაძაბული იყო. სტუმართა გუნდი, რომელიც ქართველებზე 1-2 წლით უფროსებითაა დაკომპლექტებული, ლიდერობდა უმეტესი დროის განმავლობაში და ტაიმიც მოიგო – 16-14.
მეორე ტაიმში მოედანზე გამოსულმა მეკარე ჩაჩუამ რამდენიმე ბურთი მოიგერია და სწრაფი შეტევებიც წამოიწყო. ერთერთი ასეთი შეტევის შემდეგ ღვალაძემ, რომელმაც სხვადასხვა ხერხით (ორივე კუთხიდან, სწრაფ შეტევაში, შვიდმეტრიანიდან) ჯამში 7 გოლი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა – 18-18, მალე კი გადელიამ (9 გოლი, ცხრიდან 7 გატანილი შვიდმეტრიანი) ორი ბურთითაც დააწინაურა მასპინძლები, 20-18, თუმცა, ტრავმის გამო დროებით დატოვა მოედანი. ამ მონაკვეთში აზერბაიჯანმა ხუთბურთიანი გაქცევა მოაწყო. კრიტიკული მომენტი დადგა მაშინ, როდესაც ორი წუთით ბერიძე გააძევეს, დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი სტუმრები 3 ბურთით წინ იყვნენ – 25-22.
როდესაც ბოლო წუთი დაიწყო, ანგარიში 27-25 იყო, მაგრამ გაბისონიამ ერთი ბურთი გაქვითა და დასრულებამდე 36 წამით ადრე აზერბაიჯანი ბოლო შეტევაში წავიდა. 15 წამით ადრე, პასიური შეტევის გამო სტუმრებს ბურთი ჩამოერთვათ, გარღვევაში ქრისტინე ღვალაძე გაიქცა, რთული ბურთი დაიჭირა, მეტოქეს გაასწრო და სირენამდე 2 წამით ადრე შვიდმეტრიანიც მიპოვა.
ისევე როგორც პირველ მატჩში (18-18), დროის ამოწურვის შემდეგ შვიდმეტრიანის ხაზზე თათია გადელია დადგა და ამჯერად ზუსტად დაარტყა – 27-27, ზედიზედ მეორე ფრე.
როლანდ ერაძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: – დაცვაში უარესად ვითამაშეთ. რამდენიმე ხელბურთელი ტრავმის გამო გვაკლია, ამიტომაც ზოგიერთს შეუცვლელად უწევს მატჩი და იღლება. მაგალითად, ნინო გაბისონია დაცვაში ცენტრალური მოთამაშეა და მისი დასვენების საშუალება არ მქონდა. დაცვაში გამოვყოფ მედეა ჩოხელსაც. შეტევაში გუშინდელთან შედარებით უფრო დალაგებულად ვითამაშეთ.
საქართველო (16წ) – აზერბაიჯანი (18წ) 27-27
20 დეკემბერი, გლდანი
საქ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – გადელია 9, ღვალაძე 7, გაბისონია 5, ქიტესაშვილი 2, ჩოგოვაძე 2, ბერიძე 2, ჩოხელი, მორჩაძე, კუნელაშვილი, თეთრაშვილი
აზ: მ. მუსაევა -გ. გულიევა 7, კალმიკოვა 5, სმაგინა 3, მამადოვა 3, ალიევა 2, ნაგიევა 2, ბაგიროვა 2, რასულოვა 1, გაჰრამანოვა 1, ს. მუსაევა 1
მსაჯები: გ. გვაზავა, ზ. სიმონია