19/01/15 სახელბურთო ბაირამი დოჰაში

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტური დაიწყო. მერვედფინალში გასვლა გაინაღდა ოთხმა გუნდმა – ესპანეთმა, ყატარმა, ხორვატიამ და მაკედონიამ.

ბელარუსსა და ბრაზილიას ფაქტიურად გადამწყვეტი მატჩი ჰქონდათ მერვედფინალში გასასვლელად. ორივე ორ-ორი წაგებით იყო და ამ თამაშის გამარჯვებული კარგ შანსს იღებდა მეოთხე ადგილის დასაკავებლად, ხოლო წაგებულს დიდი ალბათობით, ბილეთები ექნებოდა დასაკვეთი.

ბრაზილია, განსხვავებით ამავე ქვეყნის ქალთა ნაკრებისგან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია, ჩვეულებრივი გუნდია. აქამდე მათი მაქსიმუმი მერვედფინალში გასვლა იყო, უფრო ხშირად კი ამასაც ვერ ახერხებდნენ. ბელარუსი მესამედ თამაშობს მუნდიალზე და აქამდე ორჯერ სწორედ მერვედფინალიდან გავარდა.

ბელარუსს ჰყავს სიარჰაი რუტენკა, ბარსელონას მარცხენა ინსაიდი და ნაკრები მასზეა აწყობილი, ბრაზილია კი სწრაფი შეტევის გუნდია. მათ უკანა ხაზში ასე თუ ისე გამორჩეული მოთამაშე არავინაა. მთავარი ფიგურები არიან გარემარბები – ფაბიო კიუფა და ფელიპე რიბეირო. მეტოქეს ჯერ კარში არა აქვს დარტყმული, რომ ერთ-ერთი მათგანი უკვე გარღვევაში მირბის და პასს ელოდება. ბრაზილიამ სწორედ სწრაფი შეტევით მოიგო – რიბეირომ გაიტანა 9 , ხოლო კიუფამ – 7. ბელარუსი მხოლოდ დასაწყისში იგებდა, მეცხრე წუთამდე – საბოლოოდ, 29-34 და მათ ახლა ერთადერთი, თეორიული შანსი აქვთ: ყატარის მომგები ეგენი არ ჩანან და იმის იმედად თუ იქნებიან, რომ ჩილე დაამარცხონ და მერე ბრაზილიამ წააგოს ჩილესთან – იქაც ბურთების სხვაობა იქნება დასათვლელი.

ამასობაში, დუჰაილში ესპანეთმა 37-16 მოუგო ჩილეს , ხოლო ლუსაილის არენაზე სათამაშოდ სლოვენია და ყატარი გამოვიდნენ.

პირველ დღეს, ჩემპიონატის გახსნაზე დარბაზი თითქმის სავსე იყო. მობრძანდა ემირი ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი, ოღონდ ტრიბუნაზე არ ამოსულა, რომელიღაც სპეციალური აპარტამენტიდან მიმართა საზოგადოებას და წაბრძანდა – და ყატარ-ბრაზილიის თამაშზე მაყურებელი განახევრდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი ლამის ყველა წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გუნდი იგებდა.

მას შემდეგ მასპინძლებს მობილიზაცია მოუხდენიათ. მეორე, და განსაკუთრებით მესამე თამაშზე, მრავლად მოვიდა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ხალხი, მოიტანა ზურნა, დაფი, დოლები და ენითაუწერელი ხმაური ატეხა. თხუთმეტიათასიან დარბაზში სადღაც 10 000 კაცი შეგროვდა.

ყატარი თავიდან დაწინაურდა, ძირითადად კამალალდინ მალლაშის წყალობით (7 გოლი პირველ ტაიმში), მაგრამ მე-12 წუთზე უროშ ზორმანმა პირველად დააწინაურა სლოვენია, იქვე კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა დრაგან გაიჩმა გარღვევიდან და შვიდმეტრიანით კიდევ ორი გოლი გაიტანა – 10-7. დანიელ სარიჩი ყატარის კარში გორან სტოიანოვიჩმა შეცვალა, ხოლო შეტევაში წინამძღოლობა ითავა კიდევ ერთმა უკანახაზელმა, რაფაელ კაპოტემ. შედეგად, ყატარმა შემოაბრუნა თამაში და იქით მოიგო ტაიმი 3 ბურთით – 18-15.

მეორეში ყატარი 24-19 დაწინაურდა, მაგრამ როდესაც ბოლო 5 წუთი დაიწყო, ანგარიში თანაბარი იყო. სლვენიამ ძირითადად ცაცია ინსაიდ იურე დოლენეცისა და მარცხენა გარემარბ ლუკა ცვიცაის კარგი თამაშის წყალობით დაიბრუნა შანსი – 28-28, მაგრამ ფინალი მოულოდნელი იყო – ყატარმა ზედიზედ გაიტანა 3 გოლი, 31-29 მოიგო, დარბაზი კი დიდხანს ბაირამობდა.

ესპანეთმა და ყატარმა პლეიოფში გასვლა გაინაღდეს და მომდევნო ტურში ერთმანეთში თამაშობენ. მეორე ჯგუფში ხორვატია და მაკედონია არიან მერვედფინალშ – მათაც სამ-სამი თამაში მოიგეს.

ხვალ მესამე ტური დასრულდება დანარჩენ ორ ჯგუფში, ხოლო ლუსაილში ორი ძალიან დაძაბული სამეზობლო დერბია: რუსეთი-პოლონეთი და გერმანია-დანია.

მამუკა ჩიხლაძე, სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

19 იანვარი. A ჯგუფი

ესპანეთი 37 რივერა 8/7, უგალდე 6/6, ტომასი, დუიშებაევი, გარსია, ანდრეუ 4 – პერესი 53%

ჩილე 16 – არაია 3, ფრელიი 3

ბელარუსი 29 – ს. რუტენკა 9/6, ძ. რუტენკა 8/6, ნიკულენკაუ 6/6

ბრაზილია 34 – რიბეირო 10/9, კიუფა 8/7, ტიაგუს სანტოსი 8/6

სლოვენია 29 – დოლენეცი 11/8, ლ. ცვიცაი 9/7, სკუბე 6/5

ყატარი 31 კაპოტე 17/12, მალლაში 9/7, მარკოვიჩი 11/5

ესპანეთი 6, ყატარი 6, სლოვენია 4, ბრაზილია 2 / ბელარუსი 0, ჩილე 0

21 იან, 18:00 სლოვენია-ბრაზილია (3), 18:00 ჩილე-ბელარუსი (1), 20:00 ყატარი-ესპანეთი (1)

B ჯგუფი

ბოსნია 22 – ს. ბურიჩი 4/4, მალინოვიჩი 6/4 – ბ. ბურიჩი 17/42 – 40%

მაკედონია 25 – მანაშკოვი 9/6, გეორგიევსკი 5/4, მირკულოვსკი 3/3, მოისოვსკი 5/3, კ. ლაზაროვი 10/3

ხორვატია 41 – ჰორვატი 12, კარაჩიჩი 5, სტეპანჩიჩი, სლიშკოვიჩი, ნინჩევიჩი 4

ირანი 22 – ს. ესტეკი 6, ა. ესტეკი 4

ავსტრია 25 რაულ სანტოსი 7, ვებერი 6

ტუნისი 25 – ბანნური 7, ტეი , სანაი 5

ხორვატია 6, მაკედონია 6, ავსტრია 3, ბოსნია 2 / ტუნისი 1, ირანი 0

21 იან, 18:00 ირანი – ავსტრია (2), 20:00 ბოსნია-ტუნისი (2), 20:00 მაკედონია-ხორვატია (3)

C ჯგუფი

შვედეთი 4, საფრანგეთი 4, ეგვიპტე 2, ისლანდია 2 / ჩეხეთი 0, ალჟირი 0

20 იან, 20:00 ჩეხეთი-ეგვიპტე (2), 22:00 საფრანგეთი-ისლანდია (3), 22:00 შვედეთი-ალჟირი (2)

D ჯგუფი

გერმანია 4, დანია 3, რუსეთი 2, პოლონეთი 2 / არგენტინა 1, საუდის არაბეთი 0

20 იან, 20:00 პოლონეთი-რუსეთი (1), 20:00 არგენტინა-საუდეთი (3), 22:00 დანია-გერმანია (1)

(1) ლუსაილ სპორტარენა – 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

 

Leave a Reply