18/01/15 მამაცი არგენტინა და კიმ ანდერსონის ათიანი

მსოფლიო ჩემპიონატზე, ყატარში, ჯგუფური ეტაპის ორი ტური დასრულდა. 24 გუნდი მერვედფინალის 16 საგზურისთვის თამაშობს. არგენტინამ დღესაც ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ ერთი ბურთით დამარცხდა პოლონეთთან.

***

ალ ბინ ჰამად ალ ატიია არენის ეზოში ახლა წვიმაა. საკმაოდ ინტენსიურად ცრის. დარბაზში ისლანდიელები და ალჟირელები ხურდებიან. აქ 7700 კაცი ეტევა, მაგრამ ზედა იარუსზე არავინ არაა. ამ დარბაზს უფრო მარტივად ალ სად არენას უწოდებენ და ჩემპიონატის შემდეგ ამავე სახელწოდების სპორტული კლუბის საკუთრება გახდება. აქვეა ალ სადის საფეხბურთო კლუბის სტადიონი. სპორტული ინფრასტრუქტურის საქმე ამ ქვეყანაში გადასარევადაა. შესანიშნავადაა ერთიანი ეროვნული პროდუქტის საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზეც – 100 000 დოლარზე მეტი წელიწადში, რითაც ყატარი 2014 წელს მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ყატარში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოქალაქე კი მხოლოდ 250 ათასია – ძირძველი ყატარელები ასე ვთქვათ. მგონი ყველა ოფიციალური მილიონერია, დანარჩენები არიან სამუშაოდ ჩამოსული უცხოელები, რომლებიც შეადგენენ მუშახელის 95 პროცენტს. არიან აფრიკელებიც, მაგრა მთელი აზია აქაა, შეიძლება ითქვას.

რა თქმა უნდა, მაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ, რამდენს შოულობენ. კვალიფიციური პერსონალი ცხადია კარგად იქნება, მაგრამ პაკისტანელმა მძღოლმა მითხრა, 600 დოლარი გამომდის, აქედან ორასს შინ ვაგზავნი, ორასი კვებაზე მეხარჯება, ორასი მრჩება და ღმერთივით ვარო. პაკისტანთან შედარებით, რათქმაუნდაო.

დღეს ფილიპინელი გოგონა გამომელაპარაკა სასადილოს შესასვლელში. სადაურობა გამომკითხა, ბევრი ხართ ფილიპინელები მეთქი? ფილიპინელები ყველგან ბევრნი ვართო. მუშაობით თუ ხარ კმაყოფილი-თქო და რატომ მეკითხები, გგონია რომ ყველა ფილიპინელი შავ სამუშაოზეაო? არა შვილო, საერთოდ არაფერი ვიცი ფილიპინელებზე, უბრალოდ მაინტერესებს-მეთქი და კიო, არამიშავსო. იქვე გამაცნო ნეპალელი დამლაგებელი ბიჭი. ნეპალელებს ერთერთი ყველაზე დიდი დიასპორა აქვთ აქ და მხოლოდ ინდოელებს ჩამოუვარდებიან რაოდენობით. სასტუმროსა თუ მსოფლიო ჩემპიონატის თითქმის მთელი პერსონალი უცხოელია.

დღეს ადგილმდებარეობა დავაზუსტეთ. ჩვენი ოტელიდან ლუსაილი 20 კილომეტრში ყოფილა, დუჰაილის დარბაზამდე 11 კილომეტრია, ხოლო ალ სადის არენა ორ ნაბიჯში, ანუ ორ კილომეტრში აღმოჩნდა. ორი გზაჯვარედინი უნდა გადაიარო ჩვენს ქუჩაზე, მარცხნივ შეუხვევ და იქა ხარ. მაგრამ გზაჯვარედინები იმდენია, რომ ორი დღის ჩამოსულ სუდანელს გზა აერევა.

ლუსაილიდან მოვდიოდით ორი დღის წინ. წინადღით გზას სადღაც 35 წუთი მოვუნდით და ახლა აშკარად მეტი გამოგვდის. სასამართლოს უზარმაზარი შენობა, რომელსაც წინადღით ჩავუარეთ და 3 წუთში სასტუმროში ვიყავით, არა და არ გამოჩნდა.

მედიის ავტობუსში ვართ ორი ქართველი, ორი ფარერელი და უკან მაკედონიელთა ჯგუფი. ყველა ვხვდებით, რომ მძღოლს მხარი ექცა, მაგრამ არ ვიმჩვევთ. შოფერი პატარა ბიჭია. ისიც არ იმჩნევს, ჩვენ რომ შევამჩნიეთ და ვითომ ყინჩადაა.

– მგონი გზა აებნა, – ვეუბნები ფარერელს და თავს მიქნევს, მაგრამ გვერიდება თქმა. განრიგში არ ეწერა, მაგრამ იქნებ დუჰაილშიც უნდა შეიაროს. მაგრამ როდესაც სადღაც გვირაბში გავძვერით, გვირაბში კი აქამდე არასოდეს ვყოფილვართ, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა. ბიჭმა მანქანა გააჩერა, ერთი წუთით ჩავალო, და აშკარად გზის საკითხავად ჩავიდა, მერე კი პირდაპირ გააგრძელა გზა. ბოლოს ერთმა მაკედონიელმა ვერ მოითმინა და მძღოლს თავზე დაადგა.

– შვილო, ჯიპიესი არ მოუციათ შენთვის? სასტუმროს ჩავუარეთ უკვე. მილენიუმი აქეთაა, ეხლა უნდა მოუხვიო უკან. სადაური ხარ?

– სუდანელი ვარ მე. ახალი ვარ. და მორცხვად გაიკრიჭა.

***

ალ სადის დარბაზში ისლანდიელი და ალჟირელი მაყურებლები თანაბრად არიან, მაგრამ ალჟირელები ყვირიან, ისლანდიელები მხოლოდ დოლებს და სატკაცუნოებს ხმარობენ და დიდი უპირატესობა აფრიკელების მხარეზეა. ტრიბუნაზეც და მოედანზეც. არონ კრისტიანსონს უკვე მეოთხე წუთზე უწევს ტაიმაუტის აღება, მაგრამ არც ეს შველის – შვიდი წუთის შემდეგ ალჟირი 6-0 იგებს, აბდელმალექ შაჰჯი კი ყველაფერს იღებს. აფრიკის ჩემპიონი პირველ ტურში 20-34 განადგურდა ეგვიპტესთან. დღეს ისინი თავებს მოიკლავენ, მაგრამ ისლანდიაც არანაკლებ შერცხვა შვედეთთან (16-24) და არც ამათ აქვთ უკანსადახევი გზა.

პალმარსონი და სიგურდსონი ნელნელა ქოქავენ გუნდს. იქლანდიელმა ქომაგებმაც იკადრეს ხმის ამოღება და ცოტა ხანში მათ შვედების ჯგუფიც მიეშველა. როდესაც ტაიმის ბოლო წუთი დაიწყო, ალექსანდერ პეტერსონმა გაათანაბრა, თუმცა ნახევარი მაინც ალჟირმა მოიგო – 13-12. დუჰაილში არგენტინა 12-11 უგებს პოლონეთს, ხოლო ლუსაილში გერმანია 9-13 ჩამორჩება რუსეთს.

საბოლოოდ, ჩვენთან ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ხელბურთში სრულდება ხოლმე – უფრო ძლიერმა გუნდმა მეორე ტაიმის შუაში გატეხა უფრო სუსტი (32-24). ასევე მოხდა ლუსაილში, ოღონდ აქ ყველაფერი ბოლო წუთებ გადაწყდა. გერმანია 27-24 იგებდა, მაგრამ რუსებმა ორი წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს და კიდევ სამი შეტევაც ჰქონდათ გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ გამოიყენეს – 26-27.

ყველაზე კერკეტი კაკალი კი, რა თქმა უნდა, ისევ არგენტინა აღმოჩნდა. ყველაფერი გადაწყდა 58-ე წუთზე, როცა პოლონეთი ორი ბურთით იგებდა და სლავომირ შმალმა სებასტიან სიმონეტს შვიდმეტრიანი აუღო, ხოლო ფედერიკო პისარომ ბოლო გოლი მხოლოდ დასრულებამდე 9 წამით ადრე გაიტანა – 23-24.

ცხრასაათიან მატჩებში მხოლოდ ეგვიპტე გაუძალიანდა საფრანგეთს – 24:28. დანიამ მარტო ნახევარი 20-6 მოუგო საუდის არაბეთს, ხოლო შვედეთმა შესვენებამდე 21 დარტყმიდან 19 გაუტანა ჩეხეთს – 19-10. ჩეხების ლიდერი, ფილიპ იხა, პირველი მატჩისგან განსხვავებით, განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. კიმ ანდერსონმა ათჯერ დაარტყა და 10 გაიტანა: 5 – 9 მეტრიდან, 1 – 6 მეტრიდან, 4 – სწრაფი გარღვევის შემდეგ. რა თქმა უნდა, მან მიიღო საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც.

მამუკა ჩიხლაძე, სპეციალურად, ყატარიდან

ფოტო: გერმანია რუსეთთან მძიმე გამარჯვებას ზეიმობს

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

18 იანვარი. C ჯგუფი

ისლანდია 32 – სიგურდსონი 11/8 (5პენ), პალმარსონი 11/7, პეტერსონი 10/6

ალჟირი 24 – ბერკუსი 12/5, შებური 8/4

ჩეხეთი 22 – სობოლი 7/5, ბაბაკი 7/5, ჰორაკი 6/4

შვედეთი 36 – კ. ანდერსონი 10/10, პეტერსონი 8/6, ოსტლუნდი 6/5

ეგვიპტე 24 – ამერი 5/5, რამადანი 4/4, მოჰამედი 7/4

საფრანგეთი 28 – ნ. კარაბატიჩი 10/6, აკამბრეი 6/5, სორენდო, გიგუ 4/4, ბარაშეტი 7/4

შვედეთი 4, საფრანგეთი 4, ეგვიპტე 2, ისლანდია 2 / ჩეხეთი 0, ალჟირი 0

20 იან, 20:00 ჩეხეთი-ეგვიპტე (2), 22:00 საფრანგეთი-ისლანდია (3), 22:00 შვედეთი-ალჟირი (2)

B ჯგუფი

არგენტინა 23 – დ. სიმონეტი 7/5, პისარო 6/5, ს. სიმონეტი 9/5

პოლონეთი 24 – ბ. იურეცკი 6/5, ლიევსკი 7/5, კრაევსკი 6/5, მ. იურეცკი 7/4

გერმანია 27 – გენსჰაიმერი 10/9 (4 პენ), გრიოცკი 7/6, ვინჩეკი 5/4

რუსეთი 26 იგროპულო 13/6, დიბიროვი 8/5, ატმანი 6/4

საუდეთი 18 – ალჯანაბი 5/4, ალსალემი 9/4

დანია 38 – ტოფტი 8/8, მორტენსენი 5/5, ნოდესბო, ეგერტი, ლინდბერგი 4 – გრინი 53%

გერმანია 4, დანია 3, რუსეთი 2, პოლონეთი 2 / არგენტინა 1, საუდის არაბეთი 0

20 იან, 20:00 პოლონეთი-რუსეთი (1), 20:00 არგენტინა-საუდეთი (3), 22:00 დანია-გერმანია (1)

A ჯგუფი

სლოვენია 4, ყატარი 4, ესპანეთი 4, ბრაზილია 0 / ბელარუსი 0, ჩილე 0

19 იან, 18:00 ესპანეთი-ჩილე (3), 18:00 ბელარუსი – ბრაზილია (1), 20:00 სლოვენია-ყატარი (1)

B ჯგუფი

მაკედონია 4, ხორვატია 4, ავსტრია 2, ბოსნია 2 / ირანი 0, ტუნისი 0

19 იან, 20:00 ბოსნია-მაკედონია (2), 20:00 ხორვატია-ირანი (3), 22:00 ავსტრია-ტუნისი (2)

(1) ლუსაილ სპორტარენა – 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

Leave a Reply