18/01/15 2015 წელს გოგონები გახსნიან

საქართველოს ოლიმპიური, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები გუნდები განაგრძობენ მზადებას ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 2015 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გამართება თბილისში.

ამჟამად გლდანში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება გოგონათა ნაკრები, რომელიც 29 იანვრიდან ტურნეზე გაემგზავრება ბელარუსში და 3 თებერვლამდე ხუთ მატჩს გამართავს.

ცვლილებებია მწვრთნელთა სტაფში – მწვრთნელ როლანდ ერაძეს დაეხმარება გიორგი გვაზავა, ექიმად იმუშავებს ანა ხუბულური, ხოლო გუნდის მენეჯერი ინა ჭკუასელი იქნება. ამ მომენტისთვის ერაძის განკარგულებაშია 17 ხელბურთელი.

გოგონების 17 წ ნაკრები

კარში: თინათინ ყაველაშვილი, თამარ ჩაჩუა (პეგასი)

ხაზზე: მედეა ჩოხელი (პეგასი), თამთა თეთრაშვილი (ყვარელი)

კუთხეებში: ქრისტინე ღვალაძე, თამარ გიორგაძე (მამული), ლელა მორჩაძე, თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), მარიამ მიხელიძე (ყვარელი), ანა ხურცილავა (ფოთი)

უკანა კორტი: თათია გადელია (ფოთი), ანა ყველაშვილი, ნინო გაბისონია (მამული), თინათინ ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი), ქეთევან ვენეცკი, მაია ბერიძე (პეგასი)

მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ანა ხუბულური, მენეჯერი ინა ჭკუასელი

გოგონებს, ჭაბუკთა ოლიმპიური გუნდისგან განსხვავებით, ოლიმპიადის გარდა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია აქვთ სათამაშო. ტურნირი ქუთაისში გაიმართება 20-22 მარტს და ოთხგუნდიანი ჯგუფიდან (ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო) ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

ხელბურთის ფედერაციას უკვე დაამტკიცა ოლიმპიური ნაკრებების მზადების გეგმა. გოგონები 17-28 იანვრამდე შეკრებაზე არიან, ხოლო 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე – ბელარუსში. შემდეგ გოგონები კლუბებს დაუბრუნდებიან და 12-14 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის ტურს გამართავენ 1998-99 წლებში დაბადებულებს შორის. 21-28 თებერვალს კიდევ ერთი შეკრებაა, რომლის შემდეგაც, 1-6 მარტს, ნაკრებს პოლონეთში ექნება საკონტროლო თამაშები. შემდეგ გუნდი უშუალოდ საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოემზადება და 20-22 მარტს ქუთაისში ოფიციალურ თამაშებსაც გამართავს. 16-18 აპრილს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატი, რის შემდეგაც ნაკრები ისევ შეკრებაზე იქნება და 1-6 მაისს უკრაინაში ითამაშებს საერთაშორისო ტურნირს. დარჩენილ პერიოდში, ივლისამდე, გუნდი თითქმის სულ ერთად იქნება – გამართავს ორ სრულფასოვან საწვრთნელ შეკრებას, რომელთა შუალედში, 15-21 ივნისს, ითამაშებს თბილისში, ჯემალ ცერცვაძის საერთაშორისო ტურნირზე.

ასეთივე დატვირთული გრაფიკი აქვს ჭაბუკთა ნაკრებს, რომელსაც ამზადებენ გარი თურქია და გიორგი ქობელაშვილი. გუნდს ექნება სამი საერთაშორისო ტურნე (11-17 თებერვალს უნგრეთში, 23-26 მარტს ლატვიაში და 25-28 მაისს – ადგილი დაზუსტდება). 15-21 ივნისს ჯემალ ცერცვაძის თასია, 3-7 მარტსა და 24-28 აპრილს – საქართველოს ჩემპიონატის მატჩები, ხოლო შუალედებში გუნდი შეკრებებზე იქნება.

2015 წლის საშინაო სეზონი კი გაიხსნება გლდანში, საქართველოს ჩემპიონატის ტურით. 29-31 იანვარს აღმოსავლეთის ოთხეული (სტუ, პეგასი, იმედი, ქარიშხალა) ეთამაშება დასავლელებს (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი), რომლის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება.

მეორე წრე გაიმართება ოდნავ განსხვავებული სისტემით – გუნდები შეიკრიბებიან ჯერ ბათუმში, 27-28 თებერვალს და ორ-ორ მატჩს გამართავენ, 13-14 მარტს ორი ტური მოეწყობა ქუთაისში, ხოლო 2-4 აპრილს რეგულარული სეზონი დასრულდება თბილისში. მაისში უკვე გადამწყვეტი მატჩებია – 15-16 მაისს გაიმართება ოთხთა ფინალი პირველ 4 ადგილზე გასული გუნდებისთვის (ნახევარფინალები და ფინალი), ხოლო 7-9 მაისს 5-8 ადგილებზე გასული გუნდები დაადგენენ სეზონის საბოლოო კლასიფიკაციას – ეს მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება, რადგანაც 2015-16 სეზონიდან უმაღლესის გარდა შეიქმნება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგაც.

ეროვნული ნაკრები 29 ან 30 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხოლო 3 მაისს სტუმრად ლუქსემბურგს ეთამაშება ევრო-2018-ის საკვალიფიკაციო მატჩებს. შემოდგომიდან გუნდი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ჩაებმება.

წლეულს თამაშობს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებიც და 29 ივნისიდან 7 ივლისამდე შვედეთში, ევროპის ღია პირველობაში იასპარეზებს.

გარდა ამისა, მოეწყობა საქართველოს ჩემპიონატი 2001-02 წლებში დაბადებულებს შორის (ბიჭები: 9-12 მარტი, 6-9 აპრილი / გოგონები: 24-26 აპრილი, 11-13 მაისი), 2002-03 ასაკის გუნდებისთვის სახელბურთო ფესტივალი გაიმართება (24-26 აპრილი, ბიჭები / 11-13 მაისი, გოგონები) , ხოლო ყველაზე პატარების, 2004-05 წლებში დაბადებულებისთვის ივნისში მინი-ხელბურთის ტურნირია საჯარო სკოლების გუნდებს შორის.

გაზაფხულის ბოლოს დაიწყება საპლაჟო ხელბურთის სეზონიც. ეროვნული ჩემპიონატი ოთხ ტურად გაიმართება. პირველი ორი ტურის შემდეგ, 25-29 ივნისს, ცხრამეტწლამდელთა ნაკრები ესპანეთში გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე.

ფოტო: როლანდ ერაძე გოგონათა ნაკრების ვარჯიშზე

 

Leave a Reply