16/01/15 ბარსელონას მეკარე ამარცხებს ბრაზილიელებს

ყატარში საფეხბურთო ამინდია. დილა-საღამოს გრილა, 15 გრადუსი, დღისით – 23. აქაური ზამთარი ერთადერთი დროა, როდესაც ამ ქვეყანაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა შეიძლება.

ბარსელონას მეკარე გახლავთ დანიელ სარიჩი. ის თამაშობს ყატარის ნაკრებში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში დაამარცხა ბრაზილიის ეროვნული გუნდი, 28-23. ხელბურთის ჩემპიონატი, მოგეხსენებათ, ამინდზე დამოკიდებული არაა.

ეს მოხდა ქალაქ ლუსაილში, დედაქალაქ დოჰას მახლობლად. უფრო სწორად, ქალაქი ლუსაილი არ არსებობს. არის მხოლოდ სპორტის სასახლე უდაბნოში. უახლოესი დასახლება ჰორიზონტზე მოჩანს.

ლუსაილი, ან ლუსილი, როგორც არაბები გამოთქვამენ, არის მომავლის ქალაქი. უკვე გამოცხადებულია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალი აქ გაიმართება. აქვე აპირებენ ფორმულა ერთის ტრასის მოწყობას იმ ქალაქის ქუჩებში, რომლის ასაშენებლად 45 მილიარდია გამოყოფილი. ქალაქის მშენებლობა სპორტის სასახლით დაიწყო.

ბარსელონას 38 წლის მეკარე, დანიელ სარიჩი ბოსნიელია. პრინციპში, არ არსებობს არც ყატარელთა ნაკრები. არის სარიჩი, კიდევ რამდენიმე ბოსნიელი, სერბი და სხვა სამხრეთის სლავი, დანარჩენთა უმეტესობა კი ეჭვია, რომ ეგვიპტელ-ალჟირელ-ტუნისელია. მათი წარმომავლობის გამოჩხრეკა არ დაგვიწყია, რადგან ეს ყატარელთა შინაური საქმეა.

სარიჩმა კი თამაში პირადად მოიგო – მოიგერია პირველი 4 დარტყმა, რამაც მასპინძლებს საშუალება მისცა, პირველ ტაიმში 7 ბურთით დაწინაურებულიყვნენ. შესვენებამდე ბრაზილიამ სამამდე შეამცირა სხვაობა, მეორე ნახევარში კი ფაბიო კიაფას ორი გარღვევის შემდეგ ერთ ბურთამდეც დაიყვანა – 20-21, მაგრამ აქამდეც და ამის შემდეგ – განსაკუთრებით, სარიჩმა მოიგერია ყველაფერი, რისი მოგერიებაც შეიძლებოდა. და მიიღო საუკეთესო მოთამაშიც პრიზიც, რასაკვირველია. მოგერიებული ბურთების პროცენტი ალბათ ორმოცზე მეტი ჰქონდა.

საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ჟურნალისტია აკრედიტებული – ლელოს მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე, ორნი სილკ სპორტიდან – რეპორტიორი ლევან ღუდუშაური და ოპერატორი ლუკა ნაკაშიძე, ასევე ხელბურთის ფედერაციის თანამშრომელი მამუკა ჩიხლაძე. აქვე არიან არიან ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, რომელიც თავისი კოლეგების კონფერენციაში მონაწილეობს და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე – ის მწვრთნელთა სემინარის მსმენელია.

პირველი დღის ერთი თამაშისთვის მგონი საკმარისი ინფორმაციაა. თან, დღე, ფაქტიურად სპორტულ სიარულში გავატარეთ – გავიარეთ სულ ცოტა 3 კილომეტრი სასახლის გარშემო, წრიულად და ორი ამდენი შიდა წრეზე – შენობის დერეფნებში. ეს იმიტომ, რომ საქმე ჯერჯერობით აუწყობელია და პირველ დღეს ქაოსი იყო. სარიჩის მოგერიებების ზუსტი პროცენტიც დაუდგენელი დაგვრჩა – ოქმები არ აგვიღია, დარწმუნებული ვიყავით, რომ ოტელში დაბრუნებისთვის ვებგვერდზე დაგვხვდებოდა, მაგრამ მეპატრონეს ახალ სერვერზე მოუსურვებია გადასვლა და საიტი არ მუშაობდა.

მეორე დღეს ძალიან ბევრი, 11 მატჩია, ხოლო შაბათიდან ყველაფერი დალაგდება. ყატარელები ყველაფერს მოაგვარებენ. ლუსაილი აშენდება, სტადიონიც აშენდება და მუნდიალის ფინალსაც უმასპინძლებს. გამკეთებლები არიან. ოღონდ, ზამთარში.

მამუკა ჩიხლაძე, ყატარიდან

ლუკა ნაკაშიძის ფოტო

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები

ყატარი, 15 იანვარი – 1 თებერვალი

15 იანვარი, ლუსაილი

ყატარი – ბრაზილია 28-23

A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვენია, ყატარი, ბელარუსი, ბრაზილია, ჩილე

16 იან, 18:00 ესპანეთი-ბელარუსი (3), 18:00 სლოვენია-ჩილე (2)

B ჯგუფი: ხორვატია, ბოსნია, მაკედონია, ავსტრია, ტუნისი, ირანი

16 იან, 16:00 ბოსნია-ირანი (1), 18:00 მაკედონია-ტუნისი (1), 20:00 ხორვატია – ავსტრია (3)

C ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ალჟირი, ჩეხეთი, ეგვიპტე, ისლანდია

16 იან, 20:00 ალჟირი-ეგვიპტე (2), 22:00 საფრანგეთი-ჩეხეთი (3), 22:00 შვედეთი-ისლანდია (2)

D ჯგუფი: დანია, პოლონეთი, რუსეთი, არგენტინა, საუდის არაბეთი, გერმანია

16 იან, 16:00 რუსეთი-საუდეთი (3), 20:00 პოლონეთი – გერმანია (1), 22:00 დანია-არგენტინა (1)

(1) ლუსაილ სპორტარენა – 15 300

(2) ალი ბინ ჰამად არენა, დოჰა – 7 700

(3) დუჰაილ არენა, დოჰა – 5 500

 

Leave a Reply