13/10/15 ნაკრების მწვრთნელად ლევან გელაშვილი დაინიშნა

ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ამ თანამდებობაზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ, ლევან გელაშვილი დაინიშნა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, 5-7 ნოემბერს, ნაკრები თელ-ავივში ეთამაშება მასპინძელ ისრაელს, ესტონეთსა და პორტუგალიას. კვალიფიკაციის დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

წინა შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებს ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდნენ და შეჯიბრების შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადადგნენ.

ლევან გელაშვილი 40 წლისაა. ხელბურთს 1986-2007 წლებში თამაშობდა: საქართველოს ჩემპიონატზე – ამირანში, მართვეში, სტუ-შევარდენში, თბილისსა და პეგასში, 1996-97 და 2000-06 წლებში – ბერძნულ კლუბებში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში – 1991 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, იყო ნაკრების კაპიტანიც. მწვრთნელად უმუშავია ეროვნულ ნაკრებში, 2007 წელს – ასისტენტად, ასევე ახალგაზრდულ და პლაჟის ხელბურთის ნაკრებებში, სახელბურთო კლუბ პეგასში. 2014 წელს წარმატებით გაიარა ევროპის ხელბურთის ფედერაციის უმაღლესი, მასტერ-კოუჩის სამწვრთნელო კურსი.

ლევან გელაშვილი: – ნაკრების კანდიდატთა წრე, რა თქმა უნდა, მონიშნული მაქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ მხოლოდ საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ, რომელიც თბილისში გაიმართება 19 ოქტომბრიდან. იქამდე, მიმაჩნია, რომ თვალყური უნდა ვადევნო კლუბების საწვრთნელ პროცესსაც- მაგალითად, 15 ოქტომბერს ქვეყნის ორ მოწინავე კლუბს, ქუთაისსა და სამტრედიას საკონტროლო მატჩი აქვთ და ვაპირებ მის ნახვას. თასის გათამაშების შემდეგ ყველა კანდიდატს შევკრებთ და მათ ოქტომბრის ბოლოსკენ ლეგიონერებიც დაემატებიან. ლეგიონერები ჯერჯერობით ჩვენი მთავარი ძალაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გუნდის თანდათანობითი გაახალგაზრდავება აქედანვე უნდა დავიწყოთ, თუ საქმეს პერსპექტივით შევხედავთ.

ისრაელის შესარჩევ ტურნირზე გელაშვილის თანაშემწე იქნება გიორგი გვაზავა, რომელიც გოგონათა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, წინა შესარჩევ ციკლში კი ჯერაც ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ჩვეულებრივ შეჯიბრება ორ წრედ, მიმოსვლით იმართება ხოლმე, მაგრამ თუ ოთხი მინაწილიდან სამი ფედერაცია ერთ წრედ, ერთ ქალაქში თამაშზე შეთანხმდება, მაშინ ფორმატი შეცვლა შესაძლებელია. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მეტოქეთა სურვილს წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგანაც შეჯიბრების საქართველოში ჩატარება სურდა, მაგრამ წილისყრამ მასპინძლობის უფლება ისრაელის ფედერაციას არგუნა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2017 წლის იანვარში გაიმართება საფრანგეთში. კვალიფიკაციის ევროპული ნაწილის პირველ ეტაპზე მონაწილეობს 6 ჯგუფად დაყოფილი 26 ნაკრები – ყველა იმ ქვეყნის ეროვნული გუნდი, ვინც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ თამაშობს. ევრო-2016 დან მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავა 3 გუნდი (პლუს საფრანგეთი, როგორც მასპინძელი), დანარჩენი 12 ქვეყანა კი დაემატება საკვალიფიკაციო ჯგუფების 6 გამარჯვებულს. შეიქმნება 9 წყვილი, რომლის გამარჯვებულები ასევე მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017 საფრანგეთში

ევროპის კვალიფიკაცია, პირველი ეტაპი

პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული

1 ჯგუფი: ბოსნია, ლიტვა, სლოვაკეთი, კოსოვო

2 ჯგუფი: ავსტრია, ფინეთი, რუმინეთი, იტალია

3 ჯგუფი: ლატვია, უკრაინა, საბერძნეთი, კვიპროსი

5 ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ბელგია

6 ჯგუფი: ჰოლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო (თელ ავივში)

5 ნოემბერი: პორტუგალია-ესტონეთი, ისრაელი-საქართველო

6 ნოემბერი: ესტონეთი-ისრაელი, საქართველო-პორტუგალია

7 ნოემბერი: ესტონეთი-საქართველო, პორტუგალია-ისრაელი

Leave a Reply