13/01/14 ესპანეთი და დანია მოგებით იწყებენ
დანიაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩები მოიგეს ევროპის ჩემპიონმა დანიამ და მსოფლიო ჩემპიონმა ესპანეთმა.
ესპანეთმა 34:27 მოუგო უნგრეთს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე აკლდა. ტრავმირებულები არიან ძირითადი მეკარე არპად სტერბიკი და გამთამაშებელი ალექს დიუშებაევი. ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პივოტი, ხულენ აგინაგალდე ვარჯიშობს. უნგრეთს აკლია დაცვის ბურჯი ლასლო ნადი, ვინც 12 წელი თამაშობდა ბარსელონაში – მას ფეხი აქვს მოტეხილი. უნგრეთი 6-1 სპურტის შემდეგ პირველ ტაიმში თითქმის დაეწია მეტოქეს – 9:10, მაგრამ ესპანეთმა საპასუხო სერია მოაწყო და ტაიმი 17:10 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა შეინარჩუნა – 27:20.
უარესი პრობლემებით შეხვდა ჩემპიონატს მაკედონია. მათ აკლიათ ორი ლიდერი, ნაუმცე მოისოვსკი და ფილიპ ლაზაროვი. მაკედონიის მოქალაქეობა მიიღო სერბმა ნემანია პრიბაკმა, მაგრამ მას მეორე ეტაპამდე თამაშის უფლება არა აქვს. დანიაში გაფრენის წინ თითქმის ნახევარი შემადგენლობა უცნობი ვირუსის გამო ჰოსპიტალში მოხვდა და, დამატებით, გუნდმა 13 საათი გაატარა აეროპორტში, სკოპიეში ჩამოწოლილი ნისლის გამო. მაკედონია ქალაქ ჰერინგში, 14 000 მაყურებლის წინაშე ებრძოლა მასპინძელსა და მოქმედ ჩემპიონს, დანიას – ტაიმი 8:12 წააგო, მატჩი კი 21:29.
ვეტერანმა როლანდ შლინგერმა თავისი 150-ე სანაკრებო თამაში 6 გოლით აღნიშნა და ავსტრიამ 30:20 მოუგო ჩეხეთს, ხოლო ისლანდიამ, გუდიონ ვალურ სიგურდსონის 9 გოლით დაამარცხა ნორვეგია – 31:26.
ხვალ ჩემპიონატჩი ჩაერთვება ოლიმპიური ჩემპიონი, საფრანგეთი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე თითო ჯგუფიდან 3-3 გუნდი გადის, მაგრამ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია – მეორე ეტაპზე გასულ გუნდებს ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგები მიჰყვებათ.
ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში
პირველი ჯგუფური ეტაპი. 12 იანვარი
A ჯგუფი
ჩეხეთი – ავსტრია 20:30
დანია – მაკედონია 29:21
B ჯგუფი
ისლანდია – ნორვეგია 31:26
ესპანეთი – უნგრეთი 34:27
13 იანვარი
C ჯგუფი
21:00 სერბეთი – პოლონეთი
23:15 საფრანგეთი – რუსეთი
D ჯგუფი
21:00 ხორვატია – ბელარუსი
23:15 შვედეთი – მონტენეგრო