12/12/14 ესპანეთი და ნორვეგია ლიდერობენ
ევროპის ჩემპიონატზე გაირკვა კიდევ ორი გუნდი, რომლებისთვისაც ტურნირი დასრულდა – რუსეთი და უკრაინა.
რუსეთს ფრეც აწყობდა პოლონეთთან, 50-ე წუთზე 24-22 უგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ 4 გოლი გაუშვა და და 26-29 წააგო. რუსებმა ვერ შეაჩერეს მეტოქის ორი ლიდერი – კაროლინა კუდლაჩი (9 გოლი, 6 პასი) და ალინა ვოიტაში (8).
პოლონეთის მოგება აწყობდა უნგრეთს, რადგანაც მათთან მოგებული 2 ქულა გადაჰყვა მეორე ეტაპზე, რუსებთან კი ფრე ჰქონდა ნათამაშები. ტურნირის მასპინძლებს შეეძლოთ ქულათა მაქსიმუმითაც დაეწყოთ მთავარი რაუნდი, მაგრამ დამარცხდნენ ესპანეთთან. ეს თამაშიც ქულა-ქულაში მიდიოდა. სამბურთიანი სხვაობა ერთადერთხელ იყო, როდესაც უნგრეთი 43-ე წუთზე გავიდა წინ – 21-18, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ესპანეთმა მყისვე გაათანაბრა, 21-21, ბოლო 10 წუთში კი კიდევ ერთხელ დაეწია მეტოქეს ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ და ბოლოსწინა წუთზე მარტა მინგემ გამარჯვების გოლიც შეაგდო – 27-26. საუკეთესო იყო კარმენ მარტინი – 10 დარტყმიდან 10 გოლი. ესპანეთი 4 ქულით გავიდა მეორე ეტაპზე, სადაც ესპანეთ-უნგრეთ-პოლონეთის სამეული ნორვეგიას დანიასა და რუმინეთს შეხვდება. აქედან წინსვლა ბევრად უფრო რთულია – ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი განაგრძობს.
B ჯგუფში რუმინეთი მთელი თამაში უგებდა უკრაინას და მხოლოდ ბოლოსწინა წუთზე მისცა ერთ ბურთამდე დაახლოების საშუალება – 23-22. უკრაინა შინ გაემგზავრა, ხოლო რუმინეთმა დანიასთან მოპოვებული ქულა გადაიყოლა მეორე ეტაპზე.
ბოლოს 5 ოლიმპიადის გამარჯვებულები, დანია (1996, 2000, 2004) და ნორვეგია (2008, 2012) ჯგუფის ბოლო მატჩში ხვდებოდნენ. დანია ერთხანს ლიდერობდა, სამი ბურთითაც, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ნორვეგიამ გაათანაბრა (13-13) და ამის შემდეგ დომინირებდა – 27-21. 19 დარტყმა მოიგერია მეკარე სოლბერგმა (49%), ხოლო ყველაზე მეტი პივოტმა ჰაიდი ლოკემ გაიტანა – 7 გოლი.
დღეს პირველ ეტაპს დაამთავრებენ C და D ჯგუფის გუნდები. გასარკვევია მეორე ეტაპის ერთი მონაწილე სერბეთსა და სლოვაკეთს შორის. ხვალიდან მთავარი რაუნდის მატჩები იწყება პირველ ჯგუფში და პირველივე დღეს ითამაშებენ ლიდერები, ნორვეგია და ესპანეთი.
ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები
7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია
11 დეკემბერი
A ჯგუფი
რუსეთი – პოლონეთი 26-29
უნგრეთი – ესპანეთი 26-27
ესპანეთი 6, უნგრეთი 3, პოლონეთი 2 / რუსეთი 1
B ჯგუფი
რუმინეთი – უკრაინა 23-22
ნორვეგია – დანია 27-21
ნორვეგია 6, დანია 3, რუმინეთი 3 / უკრაინა 0
მეორე ეტაპი. 1 ჯგუფი (დებრეცენი, უნგ):
ნორვეგია 4 ქულა, ესპანეთი 4, უნგრეთი 2, დანია 1, რუმინეთი 1, პოლონეთი 0
13 დეკემბერი
19:00 პოლონეთი-დანია
21:15 ესპანეთი-ნორვეგია
23:30 უნგრეთი-რუმინეთი
ჯგუფური ეტაპი. 12 დეკემბერი
C ჯგუფი
21:00 შვედეთი -გერმანია
23:15 ხორვატია – ჰოლანდია
ჰოლანდია 3, შვედეთი 3, გერმანია 2 / ხორვატია 0
D ჯგუფი
21:00 მონტენეგრო – საფრანგეთი
23:15 სერბეთი – სლოვაკეთი
საფრანგეთი 4, მონტენეგრო 4, სლოვაკეთი 0 / სერბეთი 0
ფოტო: ნორვეგია-დანია. მეკარე სილიე სოლბერგი