რუბენ გარაბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას შეუდგა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ესპანელი სპეციალისტის, რუბენ გარაბაიასა და მისი თანაშემწეების — პაბლო კამპოსისა და ხავიერ სალვადორის სამწვრთნელო დებიუტი შედგა.
ერთი კვირით გამოყოფილი სანაკრებო ფანჯარა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სრულად აითვისეს. გუნდი, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, დღეში ორჯერად ვარჯიშებს ატარებდა. ინტენსიურ წვრთნებზე ბევრი სიახლე იყო, თუმცა მოთამაშეებისთვის ბევრი რამ ნაცნობიც აღმოჩნდა.
მირიან გავაშელიშვილი („ოსტროვიას“ ლეგიონერი): „ესპანური სისტემით ვივარჯიშეთ, რაც პირადად ჩემთვის ახალი არ არის — ასე თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს. სხვათა შორის, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ესპანელებს საკმაოდ კარგი სისტემა აქვთ. დანარჩენი კი მერე და მერე გამოჩნდება.
ახალ სამწვრთნელო შტაბს საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ ესპანური სკოლა კვლავაც გაამართლებს“.
ხაზეინ რუსტამოვი („კონსტანტა“): „ახლებური, თანამედროვე სისტემა შემოაქვს მწვრთნელს, თუმცა იყო ისეთი რაღაცებიც, რისი სავარჯიშო გამოცდილებაც უკვე გვაქვს. რაც შეეხება თავად სპეციალისტს, იგი დიდი გამოცდილების მქონეა. იმედი გვაქვს, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება. ჯერჯერობით მხოლოდ წმინდა სპორტული, საქმიანი კომუნიკაცია გვაქვს — გავდივართ თეორიულ-ტაქტიკურ სწავლებას და შემდგომ უკვე მოედანზე ვცდილობთ ამ ყველაფრის განხორციელებას. ვნახოთ, რა და როგორ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა, საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა. ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, შემუშავებულია ოთხწლიანი პროგრამა, თუმცა მისი გადახედვა ყოველწლიურად მოხდება. ამ ეტაპზე ესპანელ სპეციალისტთან ერთწლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რათა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი წარმატებით დასრულდეს.