12/12/14 ესპანეთი და ნორვეგია ლიდერობენ

ევროპის ჩემპიონატზე გაირკვა კიდევ ორი გუნდი, რომლებისთვისაც ტურნირი დასრულდა – რუსეთი და უკრაინა.

რუსეთს ფრეც აწყობდა პოლონეთთან, 50-ე წუთზე 24-22 უგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ 4 გოლი გაუშვა და და 26-29 წააგო. რუსებმა ვერ შეაჩერეს მეტოქის ორი ლიდერი – კაროლინა კუდლაჩი (9 გოლი, 6 პასი) და ალინა ვოიტაში (8).

პოლონეთის მოგება აწყობდა უნგრეთს, რადგანაც მათთან მოგებული 2 ქულა გადაჰყვა მეორე ეტაპზე, რუსებთან კი ფრე ჰქონდა ნათამაშები. ტურნირის მასპინძლებს შეეძლოთ ქულათა მაქსიმუმითაც დაეწყოთ მთავარი რაუნდი, მაგრამ დამარცხდნენ ესპანეთთან. ეს თამაშიც ქულა-ქულაში მიდიოდა. სამბურთიანი სხვაობა ერთადერთხელ იყო, როდესაც  უნგრეთი 43-ე წუთზე გავიდა წინ – 21-18, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ესპანეთმა მყისვე გაათანაბრა, 21-21, ბოლო 10 წუთში კი კიდევ ერთხელ დაეწია მეტოქეს ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ და ბოლოსწინა წუთზე მარტა მინგემ გამარჯვების გოლიც შეაგდო – 27-26. საუკეთესო იყო კარმენ მარტინი – 10 დარტყმიდან 10 გოლი.  ესპანეთი 4 ქულით გავიდა მეორე ეტაპზე, სადაც ესპანეთ-უნგრეთ-პოლონეთის სამეული ნორვეგიას დანიასა  და რუმინეთს შეხვდება. აქედან წინსვლა ბევრად უფრო რთულია – ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი განაგრძობს.

B ჯგუფში რუმინეთი მთელი თამაში უგებდა უკრაინას და მხოლოდ ბოლოსწინა წუთზე მისცა ერთ ბურთამდე დაახლოების საშუალება – 23-22. უკრაინა შინ გაემგზავრა, ხოლო რუმინეთმა დანიასთან მოპოვებული ქულა გადაიყოლა მეორე ეტაპზე.

ბოლოს 5 ოლიმპიადის გამარჯვებულები, დანია (1996, 2000, 2004) და ნორვეგია (2008, 2012) ჯგუფის ბოლო მატჩში ხვდებოდნენ. დანია ერთხანს ლიდერობდა, სამი ბურთითაც, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ნორვეგიამ გაათანაბრა (13-13) და ამის შემდეგ დომინირებდა – 27-21. 19 დარტყმა მოიგერია მეკარე სოლბერგმა (49%), ხოლო ყველაზე მეტი პივოტმა ჰაიდი ლოკემ გაიტანა – 7 გოლი.

დღეს პირველ ეტაპს დაამთავრებენ C და D ჯგუფის გუნდები. გასარკვევია მეორე ეტაპის ერთი მონაწილე სერბეთსა და სლოვაკეთს შორის. ხვალიდან მთავარი რაუნდის მატჩები იწყება პირველ ჯგუფში და პირველივე დღეს ითამაშებენ ლიდერები, ნორვეგია და ესპანეთი.

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია

11 დეკემბერი

A ჯგუფი

რუსეთი – პოლონეთი 26-29

უნგრეთი – ესპანეთი 26-27

ესპანეთი 6, უნგრეთი 3, პოლონეთი 2 / რუსეთი 1

B ჯგუფი

რუმინეთი – უკრაინა 23-22

ნორვეგია – დანია 27-21

ნორვეგია 6, დანია 3, რუმინეთი 3 / უკრაინა 0

მეორე ეტაპი.  1 ჯგუფი (დებრეცენი, უნგ):

ნორვეგია 4 ქულა, ესპანეთი 4, უნგრეთი 2, დანია 1, რუმინეთი 1, პოლონეთი 0

13 დეკემბერი

19:00 პოლონეთი-დანია

21:15 ესპანეთი-ნორვეგია

23:30 უნგრეთი-რუმინეთი

ჯგუფური ეტაპი. 12 დეკემბერი

C ჯგუფი

21:00 შვედეთი -გერმანია

23:15 ხორვატია – ჰოლანდია

ჰოლანდია 3, შვედეთი 3, გერმანია 2 / ხორვატია 0

D ჯგუფი

21:00 მონტენეგრო – საფრანგეთი

23:15 სერბეთი – სლოვაკეთი

საფრანგეთი 4, მონტენეგრო 4, სლოვაკეთი 0 / სერბეთი 0

ფოტო: ნორვეგია-დანია. მეკარე სილიე სოლბერგი

Leave a Reply