EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

12/12/14 ქართველების კლუბი რუმინეთის ჩემპიონატს ლიდერობს

საკლუბო სეზონის დასრულებამდე ქართველ ხელბურთელებს სულ რამდენიმე მატჩი აქვთ გასამართი.

 

რუმინეთის ჩემპიონატს შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი ლიდერობს. ოდორჰეიმ მეორე წრის პირველ მატჩში შინ 29-26 დაამარცხა ვასლუი და 27 ქულით ლიდერობს. წლის ბოლომდე გაიმართება კიდევ ერთი ტური, რომელშიც ოდორჰეი ისვენებს და მას შეიძლება დაეწიოს ბუქარესტის ორი კლუბი, დინამო და CSM.

თევზაძისა და რუსიას გუნდი გავიდა რუმინეთის თასის მეოთხედფინალშიც. მერვედფინალში ოდორჰეიმ მოუგო უნივერსიტატია კლუჟს – 44-21. ვლადიმერ რუსიას ბოლო ორ თამაშში არ გაუტანია, თუმცა, 38 გოლით კლუბის ბომბარდირთა ხუთეულშია.

მეოთხედფინალში გავიდა ტიმიშოარის პოლიტექნიკაც, რომელმაც მოუგო რეზიტას, 34-25. ირაკლი ჩიქოვანმა ამ თამაშში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 6 ბურთი – რუმინეთის ჩემპიონატის მატჩში, რომელში კლუბი შინ 27-31 დამარცხდა ბუქარესტის დინამოსთან. ტიმიშოარა 17 ქულით (5 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება) მეცხრე ადგილზეა, ჩიქოვანს კი ჩემპიონატის 13 მატჩში 60 გოლი აქვს გატანილი. მომდევნო ტურში პოლიტექნიკა სტუმრად ეთამაშება კელერაშის და ამით ქართველებისთვის 2014 წლის პროგრამა რუმინეთში დასრულდება.

მაკედონიის ჩემპიონატის რეგულარულ ტურნირს ტრადიციულად ლიდერობს ზომიმაკ-სტრუმიცა – 12-დან 12 მოგება. ბოლო ორ მატჩში სტრუმიცამ შინ დაამარცხა პელისტერი, 35-30 და სტუმრად – ოჰრიდი, 33-28. რევაზ ჭანტურიამ 6-6 გოლი გაიტანა და 12 თამაშში 52 დაუგროვდა.

ტრაბზონსფორში თამაშობს მხოლოდ მეკარე გიგა ტორონჯაძე, ხოლო რატი მსხვილიძემ პირველ 5 მატჩში 40 გოლის გატანა მოასწრო და დარჩენილ სეზონს აქილევსის მყესის ტრავმის გამო ტოვებს. თურქეთის ჩემპიონატში ტრაბზონი მერვე ადგილზეა 11 მატჩიდან 5 მოგებით. ბოლო ორ თამაშში ტრაბზონი სტუმრად დამარცხდა ანთალიასფორთან, 27-28 და შინ მოუგო ქაისერის – 29-19. დეკემბერში დარჩენილია ორი შეხვედრა – სტუმრად ანკარასფორთან და შინ ბეშიქთაშთან, რომელიც უდანაკარგოდ ლიდერობს,

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ლიგის რეგულარულ ტურნირზე პირველად გაიმარჯვა სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ. ქალაქ ნოვი სადის კლუბმა შინ მოუგო მეორე სერბულ გუნდს, რადნიჩკის, 31-23, ხოლო იქამდე შინ წააგო ზაგრებთან, 23-28. დათუკაშვილმა პირველ მატჩში 1, მეორეში კი 5 გოლი გაიტანა და 10 თამაშში გატანილი 35 გოლით მე-16 ადგილზეა ლიგის ბომბარდირთა სიაში. ვოივოდინამ ბოლო ადგილს თავი დააღწია და 12 მატჩიდან 6 ქულით (მოგება, 3 ფრე) მერვე ადგილზეა ათგუნდიან ლიგაში. 17 დეკემბერს დათუკაშვილის კლუბი უნგრეთში ეთამაშება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ვესპრემს, რომელიც ათიდან 10 მოგებით ლიდერობს.

თებერვალში ვოივოდინა თამაშს გააგრძელებს ევროტურნირზე – ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც სერბების მეტოქეები იქნებიან პორტუგალიის პორტუ, გერმანიის ფუხსე ბერლინი და დანიის სკიერნი. მეოთხედფინალში ჯგუფიდან 2 გუნდი გავა. რაც შეეხება სერბეთის ჩემპიონატს, ქვეყნის ჩემპიონი ტურნირზე მხოლოდ დასკვნითი ეტაპიდან ჩაერთვება.

 

Leave a Reply