09/09/14 44 000 მაყურებელი ხელბურთის მატჩზე

6 სექტემბერს, ფრანკფურტში, სახელბურთო ბუნდესლიგის მატჩს რეინ-ნეკარ ლიოვენსა და ჰამბურგს შორის 44 189 მაყურებელი დაესწრო, რაც აბსოლუტური რეკორდია სპორტის ამ სახეობისთვის.

28:26 მოიგო ლიოვენმა, რომელიც ქალაქ მანჰეიმის გუნდია და შინაურ მატჩებს საკუთარ 14 ათასიან დარბაზში ატარებს, მაგრამ ეს შეხვედრა გაიმართა ფრანკფურტში, კომერცბანკ არენაზე, რომელზეც ფეხბურთის გუნდი, აინტრახტი თამაშობს. შეხვედრა გაიმართა ე.წ. ხელბურთის დღის ფარგლებში, რომელიც მთელ გერმანიაში აღინიშნება. სტადიონი მთლიანად გაივსო.

აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა დანიის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალს, რომელიც კოპენჰაგენის პარკენ არენაზე, ასევე საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა და 36 651 მაყურებელი მიიზიდა. ბუნდესლიგის წინა რეკორდი 2004 წელს დამყარდა – შალკეს საფეხბურთო სტადიონზე ბუნდესლიგის მატჩს ლემგოსა და კილს შორის 30 925 დამსწრე ჰყავდა.

ლიოვენს შარშან ძალიან უიღბლო სეზონი ჰქონდა – გუნდმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში, ბურთების უარესი სხვაობის გამო დათმო კილთან, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად გატანილი ნაკლები გოლის წყალობით წააგო ბარსელონასთან. 4 ტურის შემდეგ ლიოვენი ერთადერთი გუნდია, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატში ქულა არ დაუკარგავს. ქვეყნის ჩემპიონს, კილს, უკვე ორი მარცხი აქვს. ბუნდესლიგაში 18 გუნდი თამაშობს, შეჯიბრება 2 წრედ იმართება.

Leave a Reply