06/06/15 ბათუმი და ქუთაისი ყვარლის ფინალში
ყვარელში, ილიას ტბაზე მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქვიშის ხელბურთში. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვეს ბათუმისა და ქუთაისის გუნდებმა.
ორივემ 3-3 თამაში მოიგო ჯგუფურ ეტაპზე. ბათუმი პირველი ეტაპის, ჯინო პადარაიზის თასის გამარჯვებულია თბილისის ზღვაზე. აქ მეორე ფინალისტი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები იყო, მაგრამ ყვარელში გუნდმა ორი მატჩი წააგო და მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. მიზეზი მარტივია: ცხრამეტწლამდელ ჭაბუკთა ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება ესპანეთში. იგივე გუნდი ითამაშებს ევროპის ღია პირველობაზე, გიოტებორგში, ოღონდ უკვე კლასიკურ, შვიდკაცა ხელბურთში. ნაკრები პირდაპირ ესპანეთიდან უნდა გადაფრენილიყო შვედეთში, მაგრამ ქვიშის ხელბურთის ტურნირის განრიგმა ერთი დღით გადაიწია და გიოტრბორგში ჩასვლა აღარ ესწრება. ამიტომაც, მწვრთნელებმა, მამუკა მჟავანაძემ და ლევან გელაშვილმა გადაწყვიტეს, რომ ესპანეთში ფაქტიურად მეორე შემადგენლობა, ძირითადად 1998 და არა 1996 წლებში დაბადებულები წაიყვანონ. ყვარელშიც უმცროსთა გუნდი თამაშობს.
მერე ეტაპი ყვარლის ტბაზე პარასკევს დაიწყო, შაბათს გაიმართა შეჯიბრების საზეიმო გახსნა და ჯგუფური რაუნდიც დასრულდა, ხოლო კვირას ფინალებია. კვირასვე გაიმართება გოგონათა ტურნირიც. საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი 4 ეტაპის ჯამში გამოვლინდება. ბოლო ორი ეტაპი ზაფხულის ბოლოს გაიმართება ურეკსა და ბათუმში.
ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი. ყვარელი, ილიას ტბა. 5-7 ივნისი
A ჯგუფი: ნაკრები – რუსთავი 2-0, ბათუმი – სამტრედია 2-0, სამტრედია – ნაკრები 2-0, ბათუმი-რუსთავი 2-0, სამტრედია-რუსთავი 2-0, ბათუმი-ნაკრები 2-0 – ბათუმი 6 ქულა, სამტრედია 4, ნაკრები 2, რუსთავი 0
B ჯგუფი: ყვარელი – გორი 2-0, ქუთაისი – იმედი 2-0, იმედი-ყვარელი 2-1, ქუთაისი – გორი 2-0, ქუთაისი-ყვარელი 2-1, გორი-იმედი 2-0 – ქუთაისი 6, ყვარელი 2, გორი 2, იმედი 2
ფინალი, 7 ივნისი: 1-2 ბათუმი-ქუთაისი, 3-4 სამტრედია-ყვარელი, 5-6 ნაკრები-გორი 7-8 რუსთავი-იმედი