დებიუტი ბაქოში, გაგრძელება თბილისში

ხელბურთის კლუბმა თბილისის ოლიმპიამ სადებიუტო მატჩები გამართა აზერბაიჯანის ქალთა ღია ჩემპიონატზე, რომელშიც 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული გუნდი გამოდის. 6 და 7 ოქტომბერს ოლიმპია დამარცხდა აზერბაიჯანის ჩემპიონ აზერსუსთან – 21-34 და 17-46. 25 და 26 ოქტომბერს უკვე საშინაო მატჩები გვაქვს იდმან აკადემიასთან. 

აზერბაიჯანის 5 კლუბიდან სამს – აზერსუს, აზერიოლსა და ყარაბაღს სოლიდური შემადგენლობა ჰყავს – ამ სამი კლუბის ძირითად ბირთვს შეადგენენ გამოცდილი ლეგიონერები ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან თუ მონტენეგროდან. მათ შორის ბევრს აქვს ეროვნულ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება, ხოლო ხოლო ჩვენი პირველი მეტოქის, აზერსუს ლიდერი, 31 წლის ბელარუსი ვალენტინა იანკოვსკაია 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია რუსეთის ზვეზდაში. აზერსუმ ამ სეზონში უკვე ითამაშა EHF თასზე და პოლონეთში ორჯერ დამარცხდა ზაგლებიესთან – 21-27, 26-30. ჩემპიონატის მონაწილე დანარჩენი ორი გუნდიდან იდმან აკადემიასი უფრო ახალგაზრდულია, ხოლო განჯლარ ბირლიი აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებს წარმოადგენს.

ოლიმპიას გუნდის წევრთა ასაკი კი 15-დან 20 წლამდეა და მათ პირველ თამაშში ძალიან გაუჭირდათ. პირველი გოლი ლიზა ჩხაიძემ გაიტანა, მაგრამ ამის შემდეგ აზერსუ ძალიან მკაცრად გვეთამაშა დაცვაში.  ჩვენებს აკლდათ ძირთადი გამთამაშებელი ანა ყველაშვილი, რომელიც ბაქოში ვერ გაემგზავრა. ამის შედეგად,  გუნდმა ძალიან ბევრი ბურთი დაკარგა საკუთარი შეტევისას, რაც, ჩვეულებრივ, მასპინძელთა სწრაფი გარღვევებით სრულდებოდა. ძალიან კვალიფიციურად იმსაჯა ჩვენი ახალგაზრდა მსაჯების წყვილმა – 18 წლის ძმებმა კევლიშვილებმა.

მეორე თამაში ბევრად უფრო ხარისხიანი იყო. თავიდან ჩვენები 2-0 დაწინაურდნენ და აზერსუს 15 წუთი დაჭირდა უპირატესობის მოსაპოვებლად. შეცდომები მეორე დღესაც გვქონდა, მაგრამ ოლიმპიას უკვე ისე აღარ უჭირდა  შეტევაში, ხოლო 16 წლის ელისაბედ ჩხაიძეს თამაშის ბოლოს 8 გოლიც დაუგროვდა. ჯამში 5 ბურთის გაიტანეს ხაზის მოთამაშეებმა, თეთრაშვილმა და ჩირგაძემ; კუთხიდან – იაშვილმა, გოგიამ და ანა ჩხაიძემ.  კარგად ითამაშა მეკარე ჩავჩიძემ. დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 21-29 იყო, მაგრამ აქ მეტოქემ რამდენიმე ბურთი ჩაგვიჭრა და ზედიზედ 5 გოლი გაგვიტანა – 21-34. 

ანდრეი პორტნოი, ოლიმპიას მწვრთნელი: – ეს 20 საერთაშორისო თამაში, რომელიც ამ სეზონში გვექნება საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ მეტოქეებთან,  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ბევრად მოვუმატებთ. პირველ თამაშში ჩვენები ცდილობდნენ ყველა იმ კომბინაციის გათამაშებას, რაც ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული – ვცხილობდით შეტევაში სწრაფ გადასვლას და სწრაფ დაბრუნებას, რამდენჯერმე კარგად ჩავათამაშეთ ბურთი კუთხეებზე, მაგრამ მეტოქის აგრესიული დაცვის გამო შორიდან დარტყმაც გვიჭირდა და ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ. შეცდომები ცხადია ბევრი იყო მეორე დღესაც, მაგრამ ბევრად უფრო მობილიზებულები ვიყავით. აზერსუ, აზერიოლი და ყარაბაღი სერიოზული გუნდები არიან და მათთან თამაშში დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ.  ცხადია, მომდევნო თამაშშებში ვიბრძლებთ გამარჯვებებისთვისაც.

ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი: –  ჩვენი გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეს გაისად ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს ეროვნული ნაკრებების დონეზე, ხოლო უფრო ახალგაზრდებს 2019 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვთ საქართველოში. ვეცდებით აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატის 20 თამაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზრდისათვის.

ისგანდერ ასგაროვი, საერთაშორისო კატეგორიის დელეგატი: – ამ ერთობლივ ჩემპიონატზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდიოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქმეს თავი მოება. არის იდეა, ერთობლივი ჩემპიონატი გაიმართოს კაცთა გუნდებს შორისაც და ეს ევროპაშიც მიღებული პრაქტიკაა. არაა გამორიცხული, გუნდები დავიმატოთ სხვა მეზობელი ქვეყნებიდანაც – თურქეთიდან, ირანიდან და საკმაოდ სერიოზული ლიგა მივიღოთ. აზერბაიჯანელები და ქართველები შუაგული ევროპიდან საკმაოდ შორს, განაპირას ვცხოვრობთ, ამიტომაც ერთმანეთთან თამაშებით უნდა განვვითარდეთ.

ხელბურთი. აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი 2018-19. ქალები

1-2 ტური, 6-7 ოქტომბერი

7 ოქტომბერი, აბუ არენა. ოლიმპია თბილისი – აზერსუ 21-34 
ოლიმპია: ჯავახია, ჩავჩიძე – ე. ჩხაიძე 8, თეთრაშვილი 3, ქიტესაშვილი 2, ჩირგაძე 2, იაშვილი 2, ჯგერენაია 1, გოგია 1, მ. ცინცაძე 1, ა. ჩხაიძე 1, ქებაძე, კორძაია, ბჟალავა – მწვ. პორტნოი, ორჯონიკიძე
აზერსუ: სუმაროკა, მუსაევა – მ. აბასოვა 7, აქსალაკოვა 7, აზოლინა 5, მიხალკოვიჩი 4, შარიფოვა 4, ჩაპლიგინა 4, რასულოვა 2, ბარბაქაძე 1, იანკოვსკაია, კალმიკოვა , ს. აბასოვა , სპასი – მწვ. კამბური, ჰუსეინზადე
მსაჯები: ი. სლემანოვი, რ, სლემანოვი, დელეგატი: მ. ჩიხლაძე

6 ოქტომბერი. აზერსუ – ოლიმპია თბილისი 46-17
აზერსუ: სუმაროკა, მუსაევა 1 – აზოლინა 8, მ. აბასოვა 8, შარიფოვა 7, იანკოვსკაია 6, მიხალკოვიჩი 4, ბარბაქაძე 3, აქსალაკოვა 3, კალმიკოვა 2, ჩაპლიგინა 2, რასულოვა 1, ს. აბასოვა 1, სპასი – მწვ. კამბური, ჰუსეინზადე
ოლიმპია – ჯავახია, ჩავჩიძე – ქიტესაშვილი 6, ჯგერენაია 3, გოგია 2, ე. ჩხაიძე 2, მ. ცინცაძე 2, იაშვილი 1, თეთრაშვილი 1, ჩირგაძე, ა. ჩხაიძე, ქებაძე, კორძაია, ბჟალავა
მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ი. ასგაროვი

აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18

ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26

3-4 ტური, 25-26 ოქტომბერი

თბილისი. ოლიმპია – იდმან აკადემია

Leave a Reply