გოგონათა ნაკრები შვედეთში გაემგზავრა  

შვედეთში გაემგზავრა საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა ნაკრები, რომელსაც 2-6 ივლისს ქალაქ გოტენბურგში ევროპის ღია ჩემპიონატზე უწევს გამოსვლა. 

საქართველოს ნაკრებები შვედეთში ზედიზედ 4 სეზონია, თამაშობენ. 2 წლის წინ იქ იასპარეზა ჩვენი გოგონების 18-წლამდელთა გუნდმა, მას შემდეგ კი შეჯიბრების რეგლამენტი შეიცვალა და მონაწილეთა ასაკი შემცირდა – კენტ წლებში იმართება 17-წლამდელ ჭაბუკთა ტურნირი, ლუწ წლებში – 16-წლამდელ გოგონათა. ამ ასაკობრივ კატეგორიებში ადრე ევროპის ჩემპიონატები არ იყო, 2017 წლიდან კი ეს სტატუსი მიენიჭა სწორედ გოტენბურგის შეჯიბრებას, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ბავშვთა სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილია.

შეჯიბრებას ოფიციალურად ჰქვია ევროპის ღია ჩემპიონატი, პრეფიქსი ღია კი მხოლოდ იმის აღმნიშვნელია, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრება არ იმართება. ორიოდ გამონაკლისის გარდა იქ ყველა უძლიერესი ნაკრები თამაშობს ხოლმე. ფორმატი უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპის სხვა ჩემპიონატებზე – სათამაშო დღეების რიცხვი სულ ხუთია, მონაწილეობს 20 ნაკრები, რის გამოც გუნდებს დღეში 2 მატჩი უწევთ. განსაკუთრებით მძიმე იქნება ჩვენთვის პირველი დღე, როცა ვეთამაშებით ჯგუფის ორ ფავორიტს, უნგრეთსა და ჰოლანდიას. 2 ივლისს ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფარერის კუნძულები და ლიტვა. ამის შემდეგ ტურნირი ორად გაიყოფა – ორი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო დანარჩენები 9-20 ადგილებისთვის ითამაშებენ.

საქართველოს ეს ნაკრები გოგონათა მესამე თაობაა, რომელიც, ევროპულ ასპარეზზე გადის 1998 და 2000 წლებში დაბადებულთა გუნდების შემდეგ. გოგონები ნაყოფიერად ემზადებოდნენ უკრაინელი ანდრეი პორტნოის, ბექარ ორჯონიკიძისა და ინა ჭკუასელის ხელმძღვანელობით. ნაკრებმა ჯერ თბილისში ივარჯიშა, 14-28 მაისს ორკვირიანი შეკრება ჰქონდა თელავში, სადაც სამჯერ ითამაშა აზერბაიჯანის ნაკრებთან, ივნისის დასაწყისში კი იყო უკრაინაში, სადაც კიდევ 4 ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინულ და ბელარუსულ კლუბებთან. მზადებაში ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ ერთ-ერთი ლიდერი, ჯგერენაია ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და გუნდს მხოლოდ ივნისში, ამხანაგური მატჩების შემდეგ შეუერთდა. შვედეთში გაემგზავრა 15 ხელბურთელი საქართველოს 5 კლუბიდან.  

ხელბურთიევროპის ღია ჩემპიონატი 2018. 16ქალები

გოტენბურგი, შვედეთი, 2-6 ივლისი

ჯგუფი: ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, იტალია, ჩეხეთი

ჯგუფი:  უნგრეთი, ლიტვა, ჰოლანდია, ფარერები, საქართველო

2 ივლ: საქართველო-უნგრეთი, ჰოლანდია-საქართველო

3 ივლ: საქართველო-ფარერები, საქართველო-ლიტვა

ჯგუფი: საფრანგეთი, ესპანეთი, ფინეთი, ისლანდია, აზერბაიჯანი

ჯგუფი: რუსეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, ესტონეთი

4-5 ივლისი: ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ 1-8 ადგილებისთვის (2 4-გუნდიანი ჯგუფი); 3-5 ადგილებზე გასულები – 9-20 ადგილებისთვის (2 6-გუნდიანი ჯგუფი, ითვლება პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგები). ივლისს  გაიმართება ფინალები

საქართველოს ნაკრები გოტენბურგში

GK 16. დიანა ქარჩავა (2002, 175, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, 172, პეგასი), 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, 170,  სამტრედია) – LW 11. ანა ჩხაიძე ( 2003, 162, ქარიშხალა), 19. თამარ ბურკაძე (2004, 155, სამტრედია) – LB 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, 170, აჭარა) – CB 8. ნენო ჯგერენაია (2002, 170, ფოთი), 7. ქეთევან ცინცაძე (2002, 171, ქარიშხალა) – RB  21. მარიამ ცინცაძე (2002, 171, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, 172, პეგასი) – RW 93. ლანა გოგია (2002, 167, ფოთი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, 164, ფოთი) – P 17. მარიამ დვალიშვილი (2002, 180, აჭარა), 18. ანა კაპანაძე (2002, 181, პეგასი)

მწვრთნელები: ანდრეი პორტნოი (უკრ), ბექა ორჯონიკიძე, ინა ჭკუასელი; ექიმი გიორგი ჩიხრაძე; დელეგაციის ხელმძღვანელი ლანა მარგიანი

Leave a Reply