ცხოვრებაძე: პენალტისტი მე ვიყავი და დავარტყი…

საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის მონპელიეს მარჯვენა ინსაიდმა, გიორგი ცხოვრებაძემ სამ მატჩში 28 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატის შესაარჩევ ტურნირზე საუკეთესო იყო. ის მალტიდან თბილისში დაბრუნდა და ხვალ მიემგზავრება მონპელიეში. საუბარი, რა თქმა უნდა, კვიპროსთან მატჩში იმ საბედისწერო შვიდმეტრიანით დავიწყეთ. 

– გიორგი, დაგავალეს ბოლო წამზე შვიდმეტრიანის დარტყმა თუ შენით დაარტყი? ბევრმა თქვა, რომ არ შეიძლებოდა 17 წლის ხელბურთელისთვის ამხელა პაუხისმგებლობის დაკისრება…

– არა. არავის დაუვალებია. შვიდმეტრიანებს ამ ტურნირზე მე ვურტყამდი და ამ მატჩშიც ექვსიდან ექვსი მქონდა გატანილი – ამიტომ, როდესაც პენალტი დაინიშნა, ბურთი მე ავიღე, რაც მგონი ბუნებრივი იყო. არავის უთქვამს, არ დაარტყაო.

– სანამ ნიშნულთან მიხვიდოდი, რამდენჯერმე პირჯვარი გადაისახე. ნერვიულობდი?

– ვინ არ ინერვიულებდა? კვიპროსელი მოთამაშეები რაღაცას მეუბნებოდნენ. ირაკლი კბილაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი მოვიდნენ, გამამხნევეს. კვიპროსის მეკარე ნუნგოვიჩს  ექვსივე შვიდმეტრიანი მისგან მარცხენა მხარეს გავუტანე, მეშვიდეზეც იმავე მხარეს დავუქნიე ხელი და მარცხნივ რომ გადაიხარა, საწინააღმდეგო მხარეს, დაბლა დავურტყი – ჩვენდა საუბედუროდ, მარჯვენა ფეხის გაწევა მოასწრო და მოიგერია. რა თქმა უნდა, ყველა მამხნევებდა თამაშის შემდეგ, თვით კვიპროსელებიც კი, მაგრამ ერთი დღე სულ ის ეპიზოდი მედგა თვალწინ. ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან.

– ბარემ რომ დაგებზრიალებინა ბურთი და შემოგეტარებინა მეკარისთვის? როგორც ფინეთთან გააკეთე თბილისში, ჭაბუკთა ჩემპიონატზე…

– არა, რას ამბობთ. სპინი ძალიან სარისკო დარტყმაა. რომ ამეცილებინა, მერე ყველა იტყოდა, რომ ცხოვრებაძემ წააგო თამაში და მართლებიც იქნებოდნენ.

ძალიან მძიმე მატჩი იყო. მე პირველი ორი გოლის შემდეგ პერსონალურად ამიყვანეს და ძალიან მჭიდროდ მეთამაშებოდნენ, მაგრამ მაინც მთელი 60 წუთი მომიწია მოედანზე ყოფნა. კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ რას ვიზამთ, ივნისში მეორე შანსი გვაქვს და იმ ტურნირიდან უნდა გავიდეთ პლეიოფში.

– და კლუბში რა სიტუაციაა? ნახევარი მონპელიე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს…

– ოთხი ფრანგი: მეკარე  ჟერარი, პორტი, გიგუ და მათიო გრები, რომელიც კარგა ხანი ტრავმირებული იყო, მაგრამ მაინც მოხვდა გუნდში, ოღონდ კუთხეში ათამაშებენ და არა ინსაიდად. გარდა ამისა, ტუნისის ნაკრებშია ჩვენი გამთამაშებელი მოჰამედ სუსი, ეგვიპტეში – ხაზის მოთამაშე მოჰამედ მამდუ. დიეგო სიმონეტიც იქნებოდა არგენტინის გუნდში, რომ არა ტრავმა და სლოვენიელი ვიდ კავტიჩნიკიც –  მისი გუნდი უბრალოდ ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

– შეინარჩუნებს საფრანგეთი ტიტულს?

– ფრანგებს ნიკოლა  კარაბატიჩი არ ყავთ, თუმცა, შეიძლება დაიმატონ. სერიოზული ბრძოლა იქნება. ცალ მხარეს საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი იქნებიან ნახევარფინალში გასვლის კანდიდატები, მეორე მხარეზე – დანია, ნორვეგია და შვედეთი. თუმცა, მე სხვა გუნდებიც მომწონს. თუნდაც არგენტინის ნაკრები, რომელიც განსხვავებულ ხელბურთს თამაშობს.

– საკლუბო სეზონი თებერვალში იწყება. ველოდებით, როდის ითამაშებ ძირითად გუნდში…

– დანამდვილებით იმის თქვა შემიძლია, რომ მომდევნო სეზონიდან მანდ ვიქნები. თუმცა, როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, არა გამორიცხული, ახლაც მომიწიოს. თებერვალში დაიწყება ჩემპიონთა ლიგაც, საფრანგეთის ჩემპიონატიც და თასის გათამაშებაც. აქამდე მონპელიეს მეორე გუნდში ვთამაშობდი, ნაციონალურ დივიზიონში, არაა გამორიცხული, სეზონის ბოლომდე იქაც მომიწიოს თამაში და ხანდახან – ძირითად გუნდში. ივნისში კი უკვე საქართველოს ნაკრებს აქვს გადამწყვეტი ტურნირი ევროპის 2022 ჩემპიონატისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად და მაგასაც მოუთმენლად ველი. აუცილებლად უნდა გავიდეთ პლეიოფში.

Leave a Reply