gnhf-rrr

ტოკიოს ოლიმპიადა გადაიდო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ გამოაცხადეს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო თარიღი შეიცვალა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლიმპიადა ვეღარ გაიმართება 2020 წელს და გადაიდება 2021 წლისთვის, ოღონდ არაუგვიანეს ზაფხულისა. სახელწოდება იგივე დარჩება – ტოკიოს ოლიმპიადა 2020.

ცხადია, ასეთი ცვლილება კორექტირებას მოახდენს ყველა სპორტული ფედერაციის საშეჯიბრო კალენდარში, თუმცა, ხელბურთის უმთავრეს სანაკრებო ტურნირებს ეს ნაკლებად შეეხება – ჩვენი სახეობის საერთაშორისო და  ევროპული ფედერაციის საშეჯიბრო ბადეში  მთავარი ტურნირები დეკემბერსა და იანვარშია. ასე რომ, თუ ეპიდემია დაცხრა, მომდევნო ოთხი მთავარი ტურნირი: 2020 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატი დეკემბერში, 2021 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატი იანვარში, 2021 წლის ქალთა მსოფლიო პირველობა დეკემბერში და 2022 წლის კაცთა ევროპის პირველობა იანვარში ჩვეული განრიგით უნდა გაიმართოს.

ხელბურთის მსოფლიო ფედერაციას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, როდის გაიმართება ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები, რომლებიც 2020 წლის ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში დანიშნულ ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებს. უცნობია წლევანდელი, შეწყვეტილი ეროვნული ჩემიონატებისა  და ევროტურნირების ბედიც.

რაც შეეხება, საშინაო სეზონს. საქართველოს ჩემპონატის მატჩები ვერ განახლდება მინიმუმ 21 აპრილამდე. საქართველოს ექვსივე ჩემპიონატში – კაცთა და ქალთა უმაღლეს ლიგასა და ორ-ორ ასაკობრივ ჩემპიონატში მატჩების უმეტესობა გამართულია, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კი განიხილავს სეზონის დასრულების რამდენიმე ვარიანტს – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გახდება შესაძლებელი სპორტული აქტივობების განახლება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მოგიწოდებთ სიფრთხილისა და მხნედ ყოფნისკენ, გისურვებთ ჯანმრთელობას და გამოთქვამს იმედს, რომ ვითარება მალე შეიცვლება უკეთესისკენ!

Leave a Reply