ხელბურთის ყველა შეჯიბრება შეჩერებულია

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ივნისისთვის გადაიტანა ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები, ხოლო ევროპულმა ფედერაციამ მინიმუმ 12 აპრილამდე შეაჩერა ყველა ევროტურნირი და სანაკრებო შეჯიბრება. შეჩერებულია ნაციონალური ჩემპიონატებიც.

ოლიმპიადის 3-3 საკვალიფიკაციო ტურნირი უნდა გამართულიყო 20-22 მარტს ქალთა შორის და 17-19 აპრილს კაცებში. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვადა ჯერჯერობით უცვლელია: 24 ივლისი – 9 აგვისტო.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა EHF პრეზიდენტის მიხაელ ვიდერერის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

„ევროპული ფედერაცია მთლიანად ინფორმირებულია SARS-CoV-2 ვირუსის გამო შექმნილი სიტუაციის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაძლო სცენარს, თუ როდის შეიძლება განახლდეს და როგორ დასრულდეს სეზონი, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია ისეთია, რომ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება. ყველა ახალი ინფორმაცია გამქვეყნდება EHF  ვებგვერდზე, ჩვენ კი, ამ რთულ დროში გისურვებთ ყოველივე კარგს, უპირველესად – ჯანმრთელობას!“

რაც შეეხება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მუშაობას: საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩი 4 მარტს გაიმართა, რის შემდეგაც, ყველა, ექვსივე ჩემპიონატი – ქალთა და ვაჟთა უმაღლესი ლიგა და 2-2 ასაკობრივი პირველობა, შეჩერდა. ვერ დასრულდა კაცთა ახალგაზრდული ნაკრების მორიგი შეკრება,  რომელიც მძლეოსნობის სასახლეში მიმდინარეობდა და გადაიდო გოგონათა ნაკრების მორიგი სავარჯიშო ციკლი.

შინაური სეზონის განახლება-დასრულება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. უპირველესი, რა თქმა უნდა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

Leave a Reply