EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ორი ტრილერი ბოლო ტურში

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე დასრულდა პირველი წრე. თბილისის პეგასმა მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს, 29-26, ხოლო ფოთის ოქროს ვერძმა და თელავის იმედმა ფრედ, 26-26 ითამაშეს. ლიდერობს სტუ 12 ქულით, მას 2 ქულით ჩამორჩებიან სამტრედია, ბათუმი და პეგასი.  ოთხეულში გასასვლელად ქუთაისიც იბრძვის – 8 ქულა.

სამტრედია, ბათუმი და პეგასი პირად მატჩებში ბურთების სხვაობის მიხედვით არიან განლაგებულები ცხრილში – სამტრედია დამარცხდა ბათუმთან (26-29), მაგრამ ბევრით მოუგო პეგასს (44-28) და მეორე ადგილზეა.

პეგასმა დაცვაში მშვენივრად ითამაშა და ჩაჭრა ბათუმელთა ლიდერის, უჩა მაისურაძის მისამართით, ექვსმეტრიან ხაზზე გაგზავნილი ბურთების უმეტესობა, ხოლო უკანა ხაზიდან  დარტყმებში უპირატესობა თბილისელებს ჰქონდათ.

პეგასი მე-18 წუთზე 3 ბურთით გავიდა წინ (9-6), ტაიმი კი 14-12 მოიგო. შესვენების შემდეგ ზურაბ აბრამიშვილმა სწრაფი გარღვევიდან ორჯერ გაათნაბრა, მაგრამ პეგასი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ, 15 წლის მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ცხოვრებაძემ ორჯერვე ისევ დააწინაურა თავისი გუნდი, გადამწყვეტი მომენტი კი დადგა 40-ე წუთზე, როდესაც აბრამიშვილმა მესამედ და უკანასკნელად გააფრევა ანგარიში  – 18-18. აქ პეგასის მეკარემ ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ მოიგერია 5 ბურთი, ხოლო აბჟანდაძემ, ზარნაძემ და დიხამინჯიამ ანგარიში 22-18 გახადეს. დასრულებამდე 7 წუთით ადრე ცინცაძემ კობახიძის შვიდმეტრიანი აიღო (24-20), ხოლო როდესაც გარემარბმა გიორგი დიხამინჯიამ ორჯერ გაიტანა ინსაიდის პოზიციიდან, სხვაობა ხუთამდე ავიდა – 26-21, სირენამდე კი მხოლოდ 5 წუთი იყო.

ბათუმმა გაიბრძოლა. სურმავა ორამდე ამცირებს და დარჩენილია ორწუთნახევარი (27-25), მაგრამ დიხამინჯია ფასტბრეიკში გარბის – 28-25. ბოლო ორი წუთი პეგასმა კაცნაკლულმა ითმაშა, მაგრამ მოგება შეინარჩუნა – 29-26.

ისევე როგაც წინა ჩემპიონატში, იმედი და ფოთი ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილისთვის იბრძვიან და, შარშანდელივით, მათი პირველი წრის მატჩი ფრედ დასრულდა.

თამაშის დაწყებიდან  ათიოდ წუთში, მერაბ მეტრეველს ორჯერ ჰქონდა აღებული წუთშესვენება. თელავის იმედი 5-7 აგებდა ფოთის ოქროს ვერძთან, იმედის ლიდერი ზეზვა იობაშვილი პერსონალურად იყო აყვანილი და შეტევისას სადღაც მოედნის ცენტრში იდგა, და, რაც მთვარია, ფოთელებს კარში ეყენათ მარჯვენა შუამარბი გელა ჟვანია, რომელსაც 5 ბურთი ჰქონდა მოგერიებული. როდესაც საგზაო ტრაფიკში მოხვედრილი მეკარე, ჯონი ცერცვაძე გამოჩნდა დარბაზში და კარში ჩადგა, სხვაობამ ზრდა დაიწყო და 5 ბურთსაც უწია (15-10), თუმცა, ტაიმის ბოლოს იმედის აზერბაიჯანელმა, სალეჰ ვალიევმა სხვაობა შეამცირა – 13-15.

მეორეში ცერცვაძემ მოიგერია 2 შვიდმეტრიანი, ბაჯალაძე ორჯერ გარღვევაში წავიდა და ფოთმა სხვაობა გაზარდა 20-16, სირენამდე 20 წუთით ადრე. და აქ საქმეში უკვე იმედის მეკარე, ნოდარ ლორია ჩაერთო – მან რამდენჯერმე უკუაგდო პირისპირ გასული მეტოქე, იობაშვილმაც დაიწყო გოლების გატანა და როცა თელაველთა პივოტმა გიორგი მიქავამ ზედიზედ სამი შვიდმეტრიანი გამოიმუშავა, იობაშვილმა სამივე აქცია გოლად, რის შემდეგაც 56-ე წუთის დასაწყისში წინ უკვე იმედი გავიდა – 25-24.

მაგრამ აქ ფოთელების ლიდერმა, უჩა გამზარდიამ მოიპოვა შვიდმეტრიანი და მეტოქე ორწუთიანშიც გაუშვა – ალანიას და ბაჯალაძეს ისევ ფოთი გაჰყავთ წინ, ოღონდ ვალიევი ათანაბრებს – 26-26. დასრულებამდე 36 წამით ადრე ოქროს ვერძის მწვვრთნელი თემურ ჭანტურია იღებს ტაიმაუტს და ალბათ ჰგონია, რომ თავის გუნდს ბოლო შეტევაში უშვებს, მაგრამ შეტევა ნაადრევი და უშედეგოა –  მეტოქეს მთელი 20 წამი რჩება. უკვე იმედის ტაიმაუტი, რომლის შემდეგაც ნამდვილად ბოლო შეტევა უნდა დაიწყოს, მაგრამ იმედსაც ვერ გააქვს და ბოლო შანსს მეტოქეს უტოვებს. ფოთელების ფასტბრეიკი ბოლო წამებზე, მეკარესთან პირისპირ გადის ჟვანია (თავიდან კარში რომ იდგა), მაგრამ ლორია კიდევ ერთ პირისპირ გასვლას იგერიებს და დროც იწურება – 26-26.

მეორე წრის პირველი მატჩები 1-4 მარტს გაიმართება. ორი წრის შემდეგ 4 უძლიერესი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაახლებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

12 თებერვალი, თბილისი, არენა

პეგასი – შავი ზღვის ბიჭები ბათუმი 29-26

პეგ: ცინცაძე – დიხამინჯია 8, ცხოვრებაძე 7, აბჟანდაძე 6, ზარნაძე 5, ბაძაღუა 2, კოხრეიძე 1, ცხვარაშვილი, გოგავა

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – აბრამიშვილი 6, გოგალაძე 5, წითელიშვილი 4, სურმავა 3, ქარდავა 3,  მაისურაძე 2, წივწივაძე 2, მაისაშვილი 1, კობახიძე, ყაველაშვილი

იმედი თელავი-ფოთი 26-26

თელ: ხარაიშვილი, ლორია – ზ. იობაშვილი 10, მიქავა 5, ვალიევი 5, ნარსია 3, გოგუა 3, მ. მღებრიშვილი, დოლმაზაშვილი, აბაშიძე, ბაინაზიშვილი, მელაშვილი  

ფოთ: ჟვანია, ცერცვაძე – ბიბილეიშვილი 7, ბაჯალაძე 6, გამზარდია 5, ალანია 4, მელქოშვილი 3, მიქაძე 1, ხუნჯუა, ნემსაია  

მსაჯები:ა. ნოვიკოვი, რ. პერეპელიცა (უკრ)

ტექნიკური დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–7—6—0—1—251-221-12

სამტრედია—7—5—0—2—272-223-10

BSB ბათუმი–7—5—0—2—232-195-10

პეგასი———7—5—0—2—230-230-10

ქუთაისი——7—4—0—3—239-246–8

ქარიშხალა—-7—2—0—5—254-269–4

თელავი——-7—0—1—6—187-219–1

ფოთი———7—0—1—6—234-296–1

პირველი წრე

21 დეკ, ქუთაისი. ფოთი-სამტრედია 30-49, ბათუმი-ქუთაისი 32-26

22 დეკ, ქუთაისი. ბათუმი-ფოთი 44-29, სამტრედია-ქუთაისი 45-31

23 დეკ, ქუთაისი. სამტრედია-ბათუმი 29-32, ქუთაისი-ფოთი 44-38

28 დეკ, არენა. სტუ-ქარიშხალა 36-29, პეგასი-იმედი თელავი 28-23

29 დეკ, არენა იმედი თელავი-სტუ 29-34, ქარიშხალა-პეგასი 36-39

30 დეკ, არენა. ქარიშხალა – იმედი თელავი 38-34, სტუ – პეგასი 34-31

2 თებ, ქუთაისი სამტრედია-პეგასი 44-28, ქუთაისი-იმედი თელავი 29-27

3 თებ, ქუთაისი. სამტრედია-იმედი თელავი 30-28, ქუთაისი-პეგასი 35-38

4 თებ, არენა. სტუ-ბათუმი 31-30, ქარიშხალა-ფოთი 45-42

5 თებ. ახალი არენა. ქარიშხალა-ბათუმი 31-34, სტუ-ფოთი 51-37

9 თებ, ქუთაისი. სამტრედია-სტუ 31-34, ქუთაისი-ქარიშხალა 40- 35

10 თებ, ქუთაისი. სამტრედია-ქარიშხალა 44-40, ქუთაისი-სტუ 34-31

11 თებ, არენა. პეგასი-ფოთი 37-32, იმედი თელავი-ბათუმი 20-34

12 თებ, არენა. პეგასი-ბათუმი 29-26, იმედი თელავი-ფოთი 26-26

მეორე წრე დაიწყება მარტში. 4 უძლიერესი გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში

Leave a Reply