ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას დაიწყო საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. შეჯიბრება გაიმართება თბილისში, 8-10 აპრილს. თამაშობენ სერბეთი, საქართველო, ისრაელი და საბერძნეთი. ფინალურ ეტაპზე გადის ერთი გუნდი.

ფინალური ეტაპი აგვისტოში გაიმართება და იქ თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს EHF ასაკობრივი რეიტინგის 4 მოწინავე ქვეყანას – საფრანგეთს, დანიას, ესპანეთსა და უნგრეთს. დანარჩენ 12 მონაწილეს საკვალიფიკაციო ტურნირი გამოავლენს. სულ 8 ჯგუფია, ოთხიდან ფინალში 2-2 გუნდი გადის, ოთხიდან კი – თითო. ასაკობრივი კატეგორიაა 1996 წელს და გვიან დაბადებულები.

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრების მწვრთნელები იქნებიან ირაკლი კეკელიძე და უკრაინელი ანდრეი პორტნოი. 43 წლის კეკელიძე საქართველოს ჩემპიონის, ტექნიკური უნივერსიტეტის მწვრთნელია და ადრე უმუშავია ეროვნულ ნაკრებშიც. ანდრეი პორტნოი 55 წლისაა და სერიოზული ბიოგრაფია აქვს – როგორც კაცთა, ასევე ქალთა და პლაჟის ხელბურთშიც.

ქალებში უმუშავია სახელგანთქმული კიევის სპარტაკის მწვრთნელად, ასევე უკრაინისა და მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებში, მაკედონიაში წვრთნიდა სკოპიეს კომეტალს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაუყვანია (2005); მისმა 9 მოწაფემ ათენის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქალთა ტურნირზე, უკრაინის ნაკრებში; კაცებში მუშაობდა ზაპოროჟიეს მოტორში და პოლტავის დინამოში, ხოლო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში იყო უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გუნდმა მხოლოდ ბოლო თამაში წააგო სლოვენიაში და პლეიოფში გაუშვა სლოვენიის ნაკრები, რომელმაც მერე ისლანდიას მოუგო და ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალშიც გავიდა. 2002 წელს პორტნოიმ უკრაინის ნაკრებს მოაგებინა პლაჟის ხელბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი.

ანდრეი პორტნოი უკვე დაესწრო ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ქუთაისსა და თბილისში და საქმეში ნახა ნაკრების ყველა კანდიდატი. მისი აზრით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევთაგან ბევრია ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე, თუმცა, სერიოზული სამუშაო ექნება გუნდურ ტაქტიკაზე შეტევაში და, განსაკუთრებით – დაცვაში, ხოლო მოსაგებად ყველასთან შეიძლება თამაში – ისრაელთან, საბერძნეთთან და სერბეთთანაც და აპრილამდე დრო საკმარისი აქვს.

კეკელიძემ და პორტნოიმ უკვე შეკრიბეს ნაკრების 26 კანდიდატი სპორტკომპლექს არენაში. ნაკრებში წარმომადგენლობა აქვს 7 კლუბს, ხოლო კანდიდატებს შორის მრავლად არიან ასაკით უმცროსი, 1998 წელში დაბადებული ხელბურთელებიც, რომელთც აგვისტოში, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის თამაში უწევთ თავიანთ ასაკში.

პირველი ვარჯიში შაბათს გაიმართა. კიდევ რამდენიმე დღე გუნდი 26-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშებს, ხოლო ვარჯიშის, ნორმატივების ჩაბარებისა და საკონტროლო შეხვედრების შემდეგ მწვრთნელები 18 საუკეთესოს ორკვირიან შეკრებაზე გადაიყვანენ სპორტკომპლექს არენაში. მარტის დასაწყისისთვის მოთამაშეები კლუბების განკარგულებაში გადავლენ, ხოლო შემდეგ დაიწყება მზადების ბოლო ეტაპი. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის განაცხადში 16 მოთამაშე იქნება.

ხელბურთი. ახალგაზრდული ნაკრები, 20წ

მეკარეები:ირაკლი ხიდეშელი(1996, -),ზურაბ ცინცაძე(1996, პეგასი),გიორგი ხარაიშვილი(1998, იმედი),სანდრო ხანდოლიშვილი(1998, ქარიშხალა)

გარემარბები:ირაკლი გოგოლაძე(1996, სამტრედია),გიორგი დიხამინჯია(1997, პეგასი),ვეფხია ზურაბიანი(997, სამტრედია),კარლო მათნაძე(1997, ქუთაისი),ხაზეინ რუსტამოვი(1998, ქუთაისი),ლევან მამულაშვილი(1998, ქარიშხალა)

პივოტები:გიგა კოხრეიძე(1996, პეგასი),ჯაბა ხაჟომია(1996, სამტრედია),ერეკლე არსენაშვილი(1998, სტუ),გიორგი შევჩენკო(1998, ქარიშხალა)

უკანა ხაზი:გიგა ზარნაძე(1999, პეგასი),ამირან აბჟანდაძე(1996, პეგასი),გიგი ფერაძე(1998, ქარიშხალა),თემურ ორჯონიკიძე(1996, სტუ),გივი გიორგაძე(1996, სამტრედია),ზეზვა იობაშვილი(1998, იმედი),ზურაბ გოგავა(1998, პეგასი),დავით ყორიაული(1998, იმედი),ირაკლი კბილაშვილი(1998, ქუთაისი),გიორგი ცხოვრებაძე(2001, პეგასი),ლუკა ბულბულაშვილი(1998, ქარიშხალა),გიორგი ტიელიძე(1998, გორი)

მწვრთნელები:ირაკლი კეკელიძე(1972),ანდრეი პორტნოი(უკრ, 1960)

ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი.16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი.16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი.16:00 ისრაელი-საბერძნეთი, 18:00 სერბეთი-საქართველო

Leave a Reply