gnhf-rrr

გამოთხოვება ხელბურთის რაინდთან

დღეს ქართული სპორტული საზოგადოებრიობა გამოეთხოვა გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ჯემალ ცერცვაძეს (1939-2019). 

სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა თბილისის სპორტის სასახლეში, სადაც ჩაიარა ცერცვაძის ბრწყინვალე სპორტული კარიერის დიდმა ნაწილმა. სწორედ ცერცვაძემ და მისმა თანაგუნდელებმა გახსნეს ეს სარბიელი დიდი ხნის წინათ, 1961 წლის 19 მაისს, უნგრეთის ნაკრების დამარცხებით. აქედანვე გააცილეს დიდი ხელბურთელი უკანასკნელ ამქვეყნიურ გზაზე.

სპორტის რაინდს, ჯემალ ცერცვაძეს პატივი მიაგეს ყველა თაობის ხელბურთელებმა, სხვა სახეობების წარმომადგენლებმა, სპორტის ხელმძღვანელმა მუშაკებმა.  

სამგლოვიარო მიტინგს უძღვებოდა სპორტული კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი. ცერცვაძის კარიერასა და ღვაწლზე ისაუბრეს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ,  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, სპორტულმა ტელეჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ, ჯემალ ცერცვაძის მშობლიური მხარის წარმომადგენლებმა – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ყოფილმა პარლამენტარებმა – ბაკურ გულუამ და ზუგდიდის სპორტის მუზეუმის თანამშრომელმა გურამ მაქაცარიამ.

ჯემალ ცერცვაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

Leave a Reply